"რაკ ჯორჯიამ" ფოთის პორტი გაასხვისა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციათა 80% კომპანია APM Terminals-მა შეიძინა, რომელიც დანიური Maersk-ის შვილობილი კომპანიაა.
APM Terminals მსოფლიოს პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორია.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ ფოთის პორტის გასხვისების საკითხზე არაბული "რაკია" ორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სხვა დეტალებს სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
არაბული კომპანია "რაკიას" ფოთის პორტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია 2010 წელს გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ არაბული კომპანია პორტის გასხვისებას 2011 წელს გეგმავდა. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰაატერ მასადი აცხადებდა, პორტის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანა იგეგმებოდა. აღნიშნულის მიზეზად ინვესტორი პორტის არასტრატეგიულობას ასახელებდა.
"ჩვენ ვაპირებთ პორტიდან გასვლას 2011 წელს. ეს არ არის ჩვენთვის სტრატეგიული აქტივები. როცა შეიძლება რაიმეს გაყიდვიდან ფულის შოვნა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?", - აცხადებდა მასადი.
არაბულ "რაკიინ ინვესტმენტს" ფოთის პორტის 51%-იანი წილი 49-წლიანი მართვის უფლებით, 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 49%-იც შეისყიდა.
"რაკიას" ფოთის პორტი გარკვეული ვალდებულებებით გადაეცა. მათ შორის ერთ-ერთი ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მოწყობას ითვალისწინებდა.
"რაკ ჯგუფში" აცხადებდნენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. გაიზარდა საწარმოო სიმძლავრეები, აშენდა ახალი ნავმისადგომი, მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის ექსტენსიური განვითარების ზონაში მიმდინარეობს ახალი პორტის პროექტზე მუშაობა.