ავტორი:

პირველი შეხვედრა ქართველ დედასთან, რომელსაც კვიპროსელი სტუდენტი 22 წელი ეძებდა - "ჩემს მშობლებზე გაბრაზებული არ ვარ

პირველი შეხვედრა ქართველ დედასთან, რომელსაც კვიპროსელი სტუდენტი 22 წელი ეძებდა -  "ჩემს  მშობლებზე გაბრაზებული არ ვარ

Ambebi.ge უკვე დიდი ხანია აქტიურად ადევნებს თვალს და აშუქებს კვიპროსზე, გაზრდილი 22 წლის პანაგიოტის სოროკლესის საოცარ ისტორიას. ეს ამბავი ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსულის კიდევ ერთი ცოცხალი და უტყუარი ისტორიაა.

ხუთწლიანი რთული, იმედგაცრუებებითა და კითხვებით სავსე ძიება, რომელიც პანაგიოტისმა გაიარა, საბოლოოდ უდიდესი ბედნიერებით დასრულდა: ბიჭმა, რომლის დაბადების მოწმობაც გაყალბებული იყო, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. თუმცა, სიმართლე, რომელიც მან აღმოაჩინა, არ ყოფილა მხოლოდ გაყიდული შვილის ტრაგედია - ეს იყო ამბავი უკიდურეს გაჭირვებაზე, აფხაზეთიდან დევნილობაზე, იძულებასა და შვილზე, რომელმაც შეძლო საზოგადოებრივ სტიგმებზე მაღლა დამდგარიყო და საკუთარი მშობლებისთვის ყველაფერი ეპატიებინა.

ბიოლოგიური მშობლების პოვნის შემდეგ, პანაგიოტისმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას სთხოვდა, არ განესაჯათ მისი ბიოლოგიური დედა, აზა ბაძაღუა (წარმოშობით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან) და მამა, ჯამბულ ცხომარია. დედამ, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში, მარტო და მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა, ექიმს სთხოვა ბავშვი ვინმესთვის გადაეცა, რათა მას უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მას შვილის გაყიდვაში ფული არ აუღია და წლების განმავლობაში ეგონა, რომ მისი პატარა გარდაიცვალა.

„მე არ მრცხვენია ჩემი მშობლების და მათზე გაბრაზებულიც არ ვარ. ხალხმა თქვას, რაც უნდა. ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ მე მშვიდად ვარ ამ ყველაფერთან, სხვას არ ეხება...“ – წერდა ბიჭი.

ახალი ფურცელი და კვიპროსული „ჰეფი ენდი“

ისტორია, რომელიც ასეთი მძიმედ დაიწყო, სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჯგუფ „ვინ ვარ“ დამფუძნებელი, მაია ცქვიტაია, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს: „მე მიმყავს საქმე ბოლომდე!“

როგორც ირკვევა, გარკვეული მიზეზების გამო, პანაგიოტისმა საქართველოში ჩამოსვლა დროებით გადადო, მაგრამ ბიჭმა უსწრაფესად გაუკეთა ბიოლოგიურ დედას, საზღვარგარეთის პასპორტი და შეუძინა ტელეფონი, რათა მასთან ყოველდღიური, უწყვეტი კონტაქტი ჰქონოდა.

რაც ყველაზე მთავარია – პანაგიოტისმა და მისმა არაჩვეულებრივმა კვიპროსელმა ოჯახმა დედა და მისი სრული ოჯახი, ყველა უკლებლივ, კვიპროსში, საკუთარ სახლში დაპატიჟეს!

კადრებში, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს აეროპორტში პირველი შეხვედრისა და ჩახუტების უაღრესად ემოციური წამები. ეს არის მომენტი, როდესაც 22 წლის განმავლობაში დაგროვილი ცრემლი, მონატრება და ტკივილი ერთ წამში ბედნიერებად იქცა.

მაია ცქვიტაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას ვინც ისტორიის კეთილად დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანა:

„მადლობა პანაგიოტისის ბიძა იურის! გალელებს მადლობა! სამეგრელოს უდიდესი მადლობა ყველა მობილიზებისთვის! მადლობა ბოლომდე რომ მენდე, მადლობა ამ წამების პირველად ჩემთან გაზიარებისთვის! ელიავების ოჯახს მადლობა, ქალბატონო ნანა, ნელი, ლიანა, ლია, ლალი, დაზმირ….. ARTE არხს მადლობა, ბევრი გამომრჩება და მაპატიეთ, მაგრამ ინებეთ პირველი ჩახუტების წამები. ბევრი ადამიანი ანონიმურად ეხმარებოდა და მათ დიდი მადლობა.

ვეკო ქუქჩიშვილი, ეს ისტორია პირველად შენთან დაიწყო და გითვლი მადლობას! ყველა საქმე ასე happy end-ით გვქონოდეს!“

წაიკითხეთ ასევე: