მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი საქართველოში ტრადიციულად ერთი და იმავე სურათით ასოცირდება: თეთრი პერანგები, ემოციური წარწერები, აცრემლებული თვალები და... მშობლების თავბრუდამხვევი ხარჯები. თუმცა, წელს სკოლის გამოსაშვები ციებ-ცხელება სრულიად ახალ, შოკისმომგვრელ ნიშნულზე გავიდა.
სოციალურ ქსელებსა და კულუარებში მშობლების საუბრებს თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ბანკეტი უკვე დიდი ხანია გასცდა უბრალო საღამოს ფარგლებს და გადაიქცა ერთგვარ სოციალურ გამოცდად, სადაც ოჯახები ერთმანეთს ფუფუნებითა და ამბიციებით ეჯიბრებიან.

"ჩემმა ახლობელმა მითხრა, მშობლების საუბარს მოვკარი ყური და ერთს უთქვამს, 10 000 ლარი დამიჯდაო! კარგით, რა ხალხო, რა 10 ათასი? - ჯერ ხუთიც კატასტროფაა და 10?! ღმერთო, როდის უნდა შეიგნონ მშობლებმა, რომ ეს თანხა შვილებს მოახმარონ და არა "პაკაზუხობას“? წლობით უნდა იხადონ ბანკის ვალი და ისევ მათ შვილებს მოაკლდებათ, მით უფრო ახლა, როცა ყველა აბარებს და ყველა სტუდენტია...“ - წერს ერთ-ერთი აღშფოთებული მშობელი სოციალურ ქსელში.
ციფრები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეძლებული თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ასახელებენ, მართლაც კოსმოსურია. რეალობა რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
რეგიონებში ან შედარებით მოკრძალებულ სკოლებში ხარჯები 2 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ესეც სერიოზული დარტყმაა ოჯახის ბიუჯეტისთვის.
რეგიონის მაცხოვრებელი, ბიჭის დედა: "ბოლო ზარით და ბანკეტით 3 000 ლარი დამიჯდა, წვრილი ხარჯები არ დამითვლია. ტანსაცმელი ცალკე ბანკეტისთვის არ გვიყიდია. იმდენად შევეცოდე ჩემს შვილს ხარჯები რომ ნახა, მითხრა: დედა, არ გინდა, რაც მაქვს, იმას ჩავიცვამო. ეგ მშობლების შეჯიბრება უფროა, ვისი შვილი უფრო მდიდრად წარმოაჩენს ოჯახს.“
ადგილობრივი რესტორნის ხარჯი: რეგიონებში მხოლოდ რესტორანი, დარბაზი, კვება და ვიდეოგადაღება (კაბისა და სალონის გარეშე) საშუალოდ 1 200 ლარი ჯდება.
გოგონას დედა: "6 ათასი ლარი დამიჯდა. ამაში შედის კაბა და ორი დღე სასტუმრო ქალაქგარეთ. მარტო ვერ ვუშვებ და მეც მივყვები დარჩენით. ზოგიერთმა მშობელმა იმის გამო, რომ ხარჯი შეემცირებინა, სასტუმროზე უარი თქვა, ზოგი კი ბანკეტზეც ვერ მოდის".
"მარტო რესტორანი დაგვიჯდა 1 400 ლარი, თბილისის შემოგარენში ვაკეთებთ. ბავშვის ჩაცმა 2 000 ლარამდე, ჩემი ჩაცმა პლუს... ორ დღეზე მივდივართ და მშობლებიც მივყვებით".

ბოლო დროს პოპულარული გახდა ბანკეტის ალტერნატივა - მოგზაურობა, თუმცა ესეც ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია. კერძო სკოლების უმეტესობამ რესტორნებსა და კაბებზე უარი თქვა და არჩევანი საზღვარგარეთზე შეაჩერა.
თურქეთი/ანტალია:
"დედა-შვილს 4 000 ლარი გვიჯდება - ფრენა, სასტუმრო, ყველაფერი შედის, 3 ღამე. ცალკე ბანკეტს აღარ ვიხდით".
ზოგიერთ შემთხვევაში კი ფასი კაცზე 650 ევროდან იწყება (4 ღამე, 5 დღე).
კვიპროსი: "
ჩვენი კლასის ბავშვებმა გადაწყვიტეს, ბანკეტს არ იხდიან და მიდიან კვიპროსზე. 1 000 დოლარი ჯდება ერთი ადამიანი.“
როდესაც მშობლები ხარჯებს შიფრავენ, ირკვევა, რომ საქმე მხოლოდ საკუთარი შვილის გამოპრანჭვაში არაა. ფასების მატებამ მომსახურების სფეროში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
ფოტო და ვიდეო გადაღება: 4 000 – 5 000 ლარამდე ღირს.
მასწავლებლების საჩუქრები და ყვავილები: თითო თაიგული 70-80 ლარი. მშობლები ჩივიან, რომ ხშირად მოითხოვენ ყველა მასწავლებლის დაპატიჟებას – მათ შორის იმათიც, ვინც ბავშვებს პირველ კლასში ერთ საგანს უტარებდა.
ტორტი და გაფორმება: ფასები "გაქცეულია“, რადგან ყველა ექსკლუზიურ დიზაინსა და შოუ-პროგრამას ითხოვს.
ამ დიდ რბოლაში ხშირად საღი აზრი საერთოდ იკარგება. ერთ-ერთი მშობელი ჰყვება ისტორიას, რომელიც კარგად აჩვენებს, რა შედეგამდე მივყავართ ყალბი იმიჯის შექმნის მცდელობას:
"ერთმა მშობელმა ბანკეტის დღეს შვილს უქირავა მანქანა "სამარიაჟოდ“, 700 ნასესხები ლარი გადაიხადა და ამ ცანცარამ დაამტვრია ეს მანქანა! დაედო უშველებელი ვალი. ახლა ვისი ბრალია ეს - მშობლის თუ შვილის?“
გარდა ამისა, პრობლემა გაცილებით ადრეული ასაკიდან იწყება.

"მეოთხე კლასის დამთავრებაც არაა ნაკლებ თანხებთან დაკავშირებული. რა მოიგონეს ეს რესტორანი, მანტიები, ტორტი, მასწავლებლის საჩუქარი, ექსკურსია... ყველას ხომ არ აქვს საშუალება? გამოაკლდები და ბავშვს დასცინიან. მეთორმეტე კლასში ალბათ კოსმოსში წავლენ!“ - გვეუბნება ერთ-ერთი მშობელი.
"ჩემი ბიჭი არ წავიდა ბანკეტზე. არ მინდაო, მაგხელა ფულის დახარჯვა ერთი დღის გულისთვის არ ღირსო. აიფონი უნდოდა ძალიან. იცოდა, არ მქონდა საშუალება, მაგრამ რადგან ბანკეტზე უარი თქვა, გავიჭირვე და ვუყიდე. გაცილებით ბედნიერი და გახარებულია, ვიდრე იმ ერთი დღით ისიამოვნებდა. რომ ჩავაბარებ, ვიმუშავებ და ვიყიდიო, - ამბობდა და რადგან ასე საღად მიუდგა სიტუაციას, ვუყიდე. ისეთი ბედნიერი იყო, იმ ბანკეტზე ნამდვილად არ იქნებოდა ასე, ზუსტად ვიცი", - წერს ერთ-ერთი მშობელი.
იხილეთ ასევე: