პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტების უცნაურმა კადრებმა ამ ფენომენების წარმოშობის შესახებ უამრავი მითქმა-მოთქმა გააჩინა. მნახველთა ნაწილი ამტკიცებს, რომ გამოქვეყნებული ფაილები ბიბლიური ლეგენდების მტკიცებულებას წარმოადგენს, სხვები კი მათ უბრალო საჰაერო ბუშტებად ან კამერის ლინზის ანარეკლად მიიჩნევენ.
გასულ პარასკევს, საიდუმლო დოკუმენტების მორიგი ნაწილი გამოქვეყნდა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამ უცნაურ კადრებში ანგელოზებსა და დემონებს ხედავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ცაზე ზუსტად ის ფრთიანი არსებები ჩანს, რომლებიც ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში არის აღწერილი.
ყველაზე განხილვად კადრებს შორის მოხვდა 2020 წლის ივნისში გადაღებული ვიდეო, სადაც უცნაური სხეული მოჩანს - ის პერიოდულად ფორმას იცვლის და ჰაერში ლივლივებს. კადრები სავარაუდოდ, აშშ -ის სამხედრო ბაზის მახლობლად არის გადაღებული.
ობიექტს ქვედა მხარეს “კუდის“ მსგავსი გამონაზარდი გააჩნია, ხოლო კიდევ ერთი წანაზარდი ბევრმა ანგელოზის ფრთად აღიქვა.

“ახლად გამოქვეყნებული ფაილებიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური კადრია, ობიექტი თითქმის ჰუმანოიდს ჰგავს, გამოკვეთილი ხელებითა და ფეხებით. მთავარი კითხვა ისაა, რა სიჩქარით ფრინავს ეს არსება?“ - დაწერა X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
მრავალმა კომენტატორებმა გამოსახულების გასაჯაროების შემდეგ მისი ანგელოზთან შედარება დაიწყო.

კიდევ ერთი ვიდეო, რომელმაც მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო, აშშ-ის სარდლობამ 2024 წლის ივნისში, ოკეანის თავზე გადაიღო. მასზე კიდევ ერთი ციმციმი იყო აღბეჭდილი, რომელიც მოძრაობისას ასევე ფორმას იცვლიდა.
აღნიშნული ვიდეო მიზეზი გახდა, რომ ხალხს უცნაური ობიექტი ეზეკიელის ბორბლისთვის შეედარებინა. სხვებმა პარალელები ქერუბიმებთან გაავლეს, რომლებიც ასევე ეზეკიელის წიგნში გვხვდებიან.
რელიგიური მოტივის მქონე შედარებებს დიდწილად ხელი კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამაც შეუწყო. მას შემდეგ, რაც გასაიდუმლოებული ფაილების გახსნა დაანონსდა, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელებში რელიგიური შინაარსის პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.

“UFO” - ების ქრისტიანულ სახეებთან შედარების ტენდენციამ ოვალურ კაბინეტამდეც მიაღწია. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უცნაური მოვლენები, რომლებსაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ცაში ხედავენ, შესაძლოა თავად ჯოჯოხეთის მაცნეები იყვნენ.
“მე არ ვფიქრობ, რომ ისინი უცხოპლანეტელები არიან. ჩემი აზრით, ისინი დემონებია, თუმცა ეს ვრცელი განხილვის თემაა. ყველა დიდ მსოფლიო რელიგიას, მათ შორის ქრისტიანობას, რომლის მორწმუნეც მე ვარ, ყოველთვის ესმოდა, რომ სამყაროში უცნაური ძალები არსებობენ. როდესაც ზებუნებრივ ფენომენებზე მესმის საუბარი, ჩემი ფიქრები ქრისტიანულ აღქმისკენ მიდის, სამყაროში ბევრი სიკეთეა, თუმცა ბოროტებაც არსებობს“, - განაცხადა დი ვენსმა კონსერვატორ პოდკასტერთან, ბენი ჯონსონთან საუბრისას.
ადამიანების ნაწილი ამოუცნობი ფენომენების “ღვთიურ წარმოშობას“ სკეპტიკურად შეხვდა და აღნიშნა, რომ კადრებში, სავარაუდოდ, ჩვეული მიწიერი ობიექტები ჩანს.
“ეს უბრალოდ საჰაერო ბუშტებია, რომლებიც ქარში ტრიალებს, დროდადრო ჩანს, როგორ ცალკევდებიან ისინი ერთმანეთისგან“, - დაწერა X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

სხვებმა ყურადღება უკვე არსებულ ისეთ ტექნოლოგიებზე გაამახვილეს, როგორიცაა მაგალითად ექსპერიმენტული რეაქტიული ზურგჩანთები (jetpacks).
“აქ პირდაპირ ჩანს რეაქტიული ზურგჩანთით მფრინავი კაცი. გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა და მისი ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერისთვის, ვისაც კი ტვინი ოდნავ მაინც უმუშავებს“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მომხმარებელმა
იხილეთ ასევე: