ავტორი:

პასუხი გაეცა დიდი ხნის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ტირექსს ასეთი პატარა კიდურები - მეცნიერებმა მიზეზს მიაკვლიეს

პასუხი გაეცა დიდი ხნის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ტირექსს ასეთი პატარა კიდურები - მეცნიერებმა მიზეზს მიაკვლიეს

ახალი კვლევა თანახმად, პასუხი გაეცა დიდი ხნის გამოცანას იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ტირანოზავრ რექსს (T. rex) ტანთან შედარებით ასეთი არაპროპორციულად პატარა წინა კიდურები.

T. rex - ს, რომლის სხეულის სიგრძეც საშუალოდ 12 მეტრს აღწევა, არაპროპორციულად პატარა წინა კიდურები (90 სანტიმეტრამდე) გააჩნდა. სამეფო საზოგადოების (Royal Society) სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომი ვარაუდობს, რომ დინოზავრს პატარა კიდურები ევოლუციურად მაშინ ჩამოუყალიბდა, როდესაც მისი თავის ქალა გაიზარდა.

მკვლევრებმა დინოზავრების ხუთ, Tyrannosaurus, ceratosaurids, megalosaurids, abelisaurids და carcharodontosaurids ჯგუფში, მათი 85 სახეობა შეისწავლეს და ერთი და იგივე კანონზომიერება აღმოაჩინეს: თითოეულ მათგანს დიდი თავის ქალა და მოკლე წინა კიდურები ახასიათებდა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ დროთა განმავლობაში მსხვილ მტაცებელ თეროპოდებს სხეული და თავი ეზრდებოდათ, კიდურები კი უმოკლდებოდათ, თუმცა მეცნიერებისთვის უცნობი რჩებოდა, რატომ მეორდებოდა ეს ტენდენცია მტაცებელი დინოზავრების სხვადასხვა ოჯახში, რომლებსაც მილიონობით წელი და გეოგრაფიული მანძილი აშორებდა.

  • კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მსხვერპლი ზომაში გაიზარდა, ტირანოზავრებმა და სხვა დიდმა მტაცებლებმა მთავარ იარაღად ძლიერი ყბების გამოყენება დაიწყეს, რის გამოც წინა კიდურებმა ევოლუციური ფუნქცია დაკარგეს.

“თავის ქალის გაძლიერებასა და გიგანტიზმის პარალელურად წინა კიდურების შემცირება/ატროფია თეროპოდების სულ მცირე ხუთ ხაზში მოხდა“ , - აცხადებენ სამეფო საზოგადოებაში.

შესწავლილ დინოზავრებს შორის T. rex - ს ყველაზე დიდი თავის ქალა ჰქონდა. კვლევის წამყვანმა ავტორმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორანტმა, ჩარლი როჯერ შერერმა აღნიშნა, რომ რადგან თავი მტაცებლის მთავარ იარაღად იქცა, კიდურებმა საჭიროება დაკარგა.

“ისინი მსხვერპლს პირდაპირ თავით უტევდნენ, შესაბამისად, თავი გახდა ის ორგანო, რომელიც ნადირთან პირველად შედიოდა კონტაქტში, ის მსხვერპლის დასამორჩილებლად ყველაზე მარტივი გზა იყო, განსხვავებით ხტომისა და ბრჭყალებით ბრძოლისგან, ევოლუციას არ უყვარს ყველაფრის ერთდროულად განვითარება. ვინაიდან T. rex და სხვა პრეისტორიული მტაცებლები მსხვილი მსხვერპლის მიწაზე დასაგდებად თავებს იყენებდნენ, ბუნებამ უბრალოდ შეწყვიტა რესურსის დახარჯვა მათი კიდურებისა და ბრჭყალების სიგრძის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა შერერმა მედიასთან საუბრისას.

  • მკვლევრებმა ისიც შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა სახეობაში წინა კიდურები განსხვავებულად დაპატარავდა მაგალითად, ტირანოზავრებში კიდურის თითოეული ნაწილი თანაბარი პროპორციით შემცირდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სხვადასხვა სახეობამ ამავე შედეგამდე განვითარების სხვადასხვა გზით მიაღწია.

შერერმა ხაზი გაუსვა, რომ თუმცა T. rex - ის კიდურები ათასწლეულების განმავლობაში პატარავდებოდა, ისინი სრულიად უსარგებლო მაინც არ ყოფილა.

“მათ აშკარად ჰქონდათ რაიმე ფუნქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ იარსებებდნენ , ზუსტად რა ფუნქცია იყო ეს, ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია, შემდგომი კვლევებით ამასაც გავარკვევთ“ .დასძენს ჩარლი როჯერი.

ბირმინგემის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგმა და უფროსმა ლექტორმა, სტეფან ლაუტენშლაგერმა მედიას განუცხადა, რომ T. rex-ისგან განსხვავებით, დიდ ბალახისმჭამელებს ეს ტენდენცია არ შეხებიათ მათ გრძელი კიდურები შეინარჩუნეს, რაც სავარაუდოდ, მცენარეებზე მოსაკიდებლად და მტაცებლებისგან თავდასაცავად გამოიყენებოდა.

“ცხოველებში სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ჩონჩხის განვითარებაზე ენერგიის დახარჯვა დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. თუ რომელიმე ორგანო, მაგალითად, წინა კიდურები, ნაკლებად გამოიყენება, ორგანიზმისთვის უფრო ხელსაყრელია მათი ზომის შემცირება და ამ ენერგიის სხვა ორგანოებში ინვესტირება“ აღნიშნავს ლაუტენშლაგერმა.

სმიტსონის ინსტიტუტის (Smithsonian) თანახმად, პატარა წინა კიდურების მიუხედავად, T. rex - ი დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ხმელეთის მტაცებლად ითვლება. მისი სიგრძე 12 მეტრს აღემატებოდა, წონა 8-დან 14 ტონამდე მერყეობდა, დინოზავრს კბილებით დიდი ძვლების დამსხვრევა შეეძლო (კბენის დროს ყბების დაწოლის ძალა 5.5 ტონას აღწევდა).

ეს გიგანტური მტაცებელი დღევანდელი ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ტყეებსა და ჭალებში, დაახლოებით 2-3 მილიონი წლის განმავლობაში დომინირებდა მანამ, სანამ 66 მილიონი წლის წინ მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს ასტეროიდი დაეჯახებოდა და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სამ მეოთხედს თითქმის ერთ დღეში გაანადგურებდა.

წყარო

იხილეთ ასევე: