საქართველოს ახალი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის შიო III გარემოცვის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იზრდება, ადამიანებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც პატრიარქის პიროვნებას უკავშირდება, მის ხასიათს და ოჯახს. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც პატრიარქის უახლოესი ნათესავი და საზოგადოებაში კარგად ცნობილი ხელოვანია.
"პატარა უფლისწულის“ შადრევანი-ქანდაკება თბილისში, მრგვალ ბაღში, „მუსიკოსების შადრევანი“ ვაკის პარკთან, ჭავჭავაძის პროსპექტზე, „ნატვრის ხე“ მთაწმინდის პარკში, დაღუპულთა მემორიალი გმირთა მოედანზე, ბათუმის ბულვარში შადრევანი „ქალი ველოსიპედით“, ქუთაისის ცენტრში არსებული შადრევნის ტექნიკური ნაწილის მოწყობა, სენაკში „ბოლოკას“ ძეგლი, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის ძეგლები ქობულეთში, ავთანდილ ცხვედიანის ძეგლი ქობულეთში, 10 მეტრიანი ქანდაკება „პლანეტა აპოლო“ უნგრეთში, ბუდაპეშტში. სულ მალე ქობულეთში დაიდგმება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი.
ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი ჟვანიას და ოჯახური ისტორიების გახსენება ვთხოვეთ...
- ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, თქვენ ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ უწმინდესთან...
- ჩემი ბაბუა გუგუ ჟვანია და უწმინდესის დედის ბაბუა ონისიმე ჟვანია ძმები იყვნენ. მამაჩემი გურამი და პატრიარქის ბებია თამარ ჟვანია ძმების შვილები, თამარას ძმა ანდრია ჟვანია 1938 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა... შიოს დედა - ნანა ქურდიანი და მე ძმების შვილიშვილები ვართ, ხოლო ჩემი შვილი ნინა ჟვანია, პატრიარქი და მისი და ლელა მეოთხე თაობა არიან... ასე, რომ თაობების ქრონოლოგიით ბიძად ვეკუთვნი, თუმცა ტოლები ვართ, ერთი თაობა, ერთად ვიზრდებოდით, ერთ ოჯახად...
- როგორი იყო უწმინდესი ახალგაზრდობაში?
- ელიზბარ მუჯირი ერთ-ერთი ყველაზე წესიერი კაცი იყო ჩვენს თაობაში, დიდი, კეთილი ბუტა (ოჯახში ასე ვეძადით), რომელიც სულ გინდოდა გვერდზე გყოლოდა. გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით... იუმორის ხარისხი, ხომ უთუოდ ადამიანის ინტელექტის საუკეთესო მაჩვენებელია...
- გვიამბეთ მის ოჯახზე, მშობლებზე...
- ეს ოჯახი - მათი სახლი ვერაზე იყო ნამდვილი ზეიმი, გაუთავებელი ზეიმი... ნიჭის, სილამაზის, ურთიერთობის, მეგობრობის სამყარო. საოცარი იყო ამდენი ლამაზი ადამიანის ნახვა ერთ ოჯახში, სტუმრების თუ მასპინძლების... პატრიარქის მამა მურაზ მუჯირი - ეს მზესავით თბილი და მოსიყვარულე კაცი უზომო სიყვარულს იტევდა და ახლაც მიკვირს, რანაირად ახერხებდა ამდენი სიყვარულის გაცემას... რამდენჯერ დაგვთენებია სუფრასთან სამ ხმაში სიმღერითა და მურაზის ნათქვამი სადღეგრძელოებით, მერე ძველ თბილისში ხეტიალით და ნარიყალაზე მურაზის წაკითხული ლექსების მოსმენით... გაქრა ის თბილისი და დარჩა მუდმივი, მოუნელებელი ნოსტალგია....
- ერისკაცობაში პატრიარქი მუსიკოსი იყო და ერთ დღესაც მონასტერში წავიდა... რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს მის არჩევანზე?
- ... ემოციურად მძიმე იყო ეს მაშინ, ყველა განიცდიდა... 33 წლის წინათ ვინ იფიქრებდა, რამხელა რამ ხდებოდა ჩვენს ოჯახში, თურმე, რამხელა ისტორია იწერებოდა... თავიდან ყველა დაბნეული იყო, იმიტომ რომ ელიზბარმა თავისი წასვლით ოჯახს მის მომავალზე წარმოდგენა აურია... ელიზბარმა კონსერვატორია დატოვა, მონასტერში წავიდა და გახდა შიო. აი ასე, 33 წლის წინათ ახალგაზრდა თბილისელ ბიჭს რაღაც ძალამ მოკიდა ხელი და წაიყვანა მონასტერში... ჩვენ ყველანი უფლის განკარგულებაში ვართ, რომელმაც შეგვქმნა. პატრიარქის უკან დიდი და კულტურული ოჯახი დგას - აკადემიკოსი ბაბუა დიდი ელიზბარ ქურდიანი, ექიმი პროფესორი ბებია - თამარა ჟვანია, უნიჭიერესი მშობლები. მამამისი მურაზი დაუმსახურებლად არის მივიწყებული, როგორც ძალიან დიდი კომპოზიტორი, რომელიც საოცარ მუსიკას წერდა. დიდი მადლობა რეჟისორ გუგული მგელაძეს, ვინც თავის ფილმში „ჩაკლული სული“ ბოლო ეპიზოდში მურაზის მუსიკა გამოიყენა და ამით შემოინახა თქვენ შეგიძლიათ იუთუბზე მოისმინოთ ეს მუსიკა ამ ფილმში. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ მურაზ მუჯირის მივიწყება თავისივე ხასიათის „ბრალია“, ძალიან მორიდებული იყო, არ აწუხებდა არავის თავისი პარტიტურებით... ელიზბარიც ნიჭიერი იყო მუსიკაში. იმ მოცემულობით, თუკი სხვა სცენარში იცხოვრებდა, დღეს გვეყოლებოდა მუსიკოსი ელიზბარ მუჯირი, უფლის ნებით, ეს ასე არ მოხდა და გვყავს უწმინდესი და უნეტარესი შიო III…

- გვაინტერესებს მისი ხასიათი, თვისებები...
- ბავშვობიდან თუ რამეს გადაწყვეტდა, აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს, ვერ დაძრავდი, ვერ მოერეოდი... სულ ასეთი იყო, რაღაცნაირად, მონუმენტური ქანდაკებასავით დიდი, ხარისხიანი, მძიმე და კეთილი... ერთხელ, მგონი, 1993 იყო, მეც წამიყვანა შიო მღვიმის მონასტერში... უნდა გენახათ შიოს მოწყობილი წესრიგი, საათივით აწყობდა ყველაფერს... მე ღამე სამზარეულოში ვიპარებოდი და ტყემალს და პურს რომ ვჭამდი, დამადგებოდა თავზე სერიოზული სახით..... შიო მღვიმიდან მე შავნაბადაზე წავედი და იქ ვცხოვრობდი კარგ ხანს, მეორე მამა შიოსთან.... ძალიან ბევრი ამბის გახსენება შეიძლება ჩვენი წარსულიდან, ეს იყო ერთის მხრივ ქვეყნისთვის მძიმე, მაგრამ ამასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური პერიოდი ჩვენი ცხოვრების... ძალიან მეხმარებოდა 90-იანების ბოლოს, როდესაც ჩემს პირველ მონუმენტს „პატარა პრინცს“ ვაკეთებდი მრგვალ ბაღში, სულ გვერდში მედგა, აბა ეს როგორ იქნება, ის როგორ იქნება, რაღაცა პრობლემა რომ მქონდა მივდიოდი და დამაწყნარე - მეთქი, ვეუბნებოდი, ისიც სულ მზად იყო ... მრგვალ ბაღში გახსნაზე ჩამოსვლა შიო მღვიმიდან არ მოხერხდა, მეორე დღეს სახლში ამოირბინა მოსალოცად, როგორ უხაროდა, ძალიან ამაყობდა...
- საინტერესოა, როგორია განცდა გქონდათ, როდესაც თქვენი ოჯახის წევრი საქართველოს პატრიარქი გახდა?
- როდესაც გამოაცხადეს რომ შიო საქართველოს პატრიარქი გახდა, ყელში ბურთი მქონდა გაჩხირული კარგი ხანი, ჩემი შვილი დამცინოდა გაიცინე რა გჭირსო...როგორ მეამაყება, ხომ წარმოგიდგენიათ....
- როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს პატრიარქის გზა?
- თბილისელი, ვერაზე გაზრდილი, კულტურული მუსიკოსი ბიჭი ჩელოთი ხელში აღმოჩნდა ის, ვინც ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი, უდიდესი პასუხისმგებლობის უმძიმესი ლოდი დაიდო მხრებზე, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება მოუწევს... გმირობაა ეს, აბა რა არის? ერთხელ ილია II-მ სთქვა - „ჩემი 40 წლიანი პატრიარქობა იყო წამება“, რომელიც მხოლოდ ღმერთმა შემაძლებინაო... დღეს იგივე გზაზე დგას შიო III, რომელიც ამ ურთულეს გზას გაივლის ღმერთის შეწევნით. კლდეა ეს კაცი და ამაში ყველა მალე დარწმუნდება...ილია II დიდი კაცი იყო და იცოდა ვის ტოვებდა თავის შემდეგ... გმირებს ღმერთი ეხმარება, თუმცა გმირებსაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ყველაფერი კარგად იქნება. თუ ადამიანს სიყვარული აქვს და მას უფალი ეხმარება, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, ამის მაგალითია შიო. მას წინ საპასუხისმგებლო უძნელესი, მაგრამ გამარჯვების გზა ელის, ჩვენც კი ქართველებმა სიყვარულით და რწმენით ვილოცოთ ერთად, ამ პატარა ლამაზი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ჩვენი პატრიარქის მხარდასაჭერად.
წაიკითხეთ ასევე: