ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ცხელების აფეთქება კრიზისულად აღიარა და განაცხადა, რომ მასთან საბრძოლველად მომდევნო სამ თვეში 115 მილიონი დოლარია საჭირო. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით კრიზისზე რეაგირებაში ჩართული სტრუქტურები საჭირო დაფინანსების მხოლოდ 35%-ით არიან უზრუნველყოფილნი.
მეზობელ უგანდაში დადასტურებულია დაავადების 9 შემთხვევა და 1 გარდაცვალება, ასევე დაფიქსირებულია დაინფიცირების ერთი სავარაუდო შემთხვევა.
“აფეთქებამ სერიოზული ფორმა მიიღო და ჩვენ კვლავ ვცდილობთ სიტუაციას დავეწიოთ. თუმცა კდრ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით თანდათანობით ვახერხებთ დანაკარგის ანაზღაურებას“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
თავდაპირველად დაავადება კდრ-ის იტურის პროვინციაში გამოვლინდა, თუმცა შემდგომში დაინფიცირების შემთხვევები ასევე დადასტურდა ჩრდილოეთ კივუსა და სამხრეთ კივუს პროვინციებში, შემდეგ კი უგანდის ტერიტორიაზეც.
ინფექციის გავრცელების მონიტორინგს სერიოზულად ართულებს არასტაბილური ვითარება ქვეყანაში, ასევე ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და ტესტირებაზე შეზღუდული წვდომა.
ებოლას სამკურნალო ცენტრებსა და საავადმყოფოებზე განმეორებითი თავდასხმების ფონზე, იტურის პროვინციაში მწვავედ დგას პერსონალის უსაფრთხოების საკითხი.
ებოლას ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ბიოლოგიური გამონაყოფით გადაეცემა - სისხლით, ნერწყვით, ოფლით, ღებინებით. დამატებით პრობლემად იქცა ის, რომ აფეთქების პირველ დღეებში დიაგნოსტირება ძალიან ნელა ხდებოდა.
შეფერხებების გამო ვირუსმა მოასწრო ჯერ იტურის პროვინციის გარეთ გასვლა, შემდეგ კი კდრ-ის ფარგლებს გარეთაც - მეზობელი უგანდის ტერიტორიაზე.
ჯანმოს სპეციალისტების აზრით, სწორედ ეპიდემიის დასაწყისში დაკარგული დრო გახდა აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი.
იხილეთ ასევე: