ნეპალელი დავა შერპა, რომელიც ევერესტზე ექვსი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და გარდაცვლილად მიიჩნეოდა, ცოცხალი იპოვეს: საბაზო ბანაკამდე ჩასვლა მან დამოუკიდებლად მოახერხა.
მამაკაცი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიახლოვეს 30 მაისს, დილით ადრე გაუჩინარდა. ხუთშაბათს დილით ის საბაზო ბანაკთან ახლოს Sagarmatha Pollution Control Committee (SPCC)-ის გუნდმა აღმოაჩინა - ეს არის ნეპალელების ჯგუფი, რომელიც ევერესტზე მარშრუტების გაყვანასა და ნაგვის დასუფთავებაზე მუშაობენ.
“ის ქვემოთ ფორთხვით ეშვებოდა“, - განაცხადა კომპანია 8K Expeditions-ის წარმომადგენელმა, რომელიც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს კურირებდა.

ვერტმფრენმა დაშავებული ალპინისტი კატმანდუში გადაიყვანა.
“მე ვესაუბრე ექიმებს, მას მოყინვები აქვს, თუმცა სხვა მხრივ, როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზეა“, - დასძინა პემბა შერპამ.
29 მაისს, ნეპალის საგაზაფხულო ალპინისტური სეზონის ერთ-ერთ ბოლო დღეს, დავა, რომელიც კომპანია Himalayan Traverse Adventure-ის გიდია, თან ახლდა პოლონელ კლიენტს და დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილ საზღვაო ქვეითს. გავრცელებული ინფორმაციით, შერპამ თავისი კლიენტები მეოთხე ბანაკიდან მწვერვალისკენ წინა დღის 23:00 საათზე წაიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ევერესტზე ასვლას მათ 18 საათი დასჭირდათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ასვლა ძალიან რთული იყო: ჩვეულებრივ, ამას 10-12 საათი სჭირდება, მაშინაც კი, როდესაც მთაზე ბევრი სხვა მთამსვლელია და დიდი რიგები დგას.
ჯგუფი 8 849 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე შერპასთან ერთად 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ავიდა. ალპინისტური საზომებით, ეს ძალიან გვიანია: ჩვეულებრივ, მთამსვლელები მწვერვალზე ასვლას დილის 11 საათამდე, უკიდურეს შემთხვევაში შუადღემდე ცდილობენ, რადგან მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ დაშვება მე-4 ბანაკამდე (7950 მ), ხოლო მთაში ამინდი, რომელიც ისედაც არასტაბილურია, დღის მეორე ნახევარში, როგორც წესი, ფუჭდება.

“ის თავისი ზურგჩანთით დასასვენებლად ჩამოჯდა... ეს ბიჭები უზარმაზარ ტვირთებს ატარებენ. მე მოვბრუნდი და ვკითხე: კარგად ხარ, ძმაო? მან მიპასუხა: დიახ, დიახ, ყველაფერი რიგზეა კრის, გთხოვ წადი“'ამაში ახალი არაფერია: მე წინ წავალ, ისიც დაიწყებს მოძრაობას“, - იხსენებს ერთ-ერთი თანამგზავრი.
მამაკაცის ძებნა ვერტმფრენით 3 ივნისს დაუწყეს, მასში დავას ოჯახის წევრიც მონაწილეობდა. ისინი 7 300 მეტრამდე ავიდნენ, თუმცა ვერავინ იპოვეს.

ამასობაში, საკვებისა და ჯანგბადის გარეშე დარჩენილი დავა დამოუკიდებლად აგრძელებდა დაშვებას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან დაინახა სამძებრო ვერტმფრენი და ხელებსაც უქნევდა, მაგრამ ის ვერ შეამჩნიეს.
საბოლოოდ, 4 ივნისს დილით, SPCC-ის თანამშრომლებმა ის საბაზო ბანაკისკენ ფორთხვით მიმავალი აღმოაჩინეს. დავას თითები მოყინული ჰქონდა და ძლივს ლაპარაკობდა.
ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საბაზო ბანაკში, იქიდან კი ვერტმფრენით კატმანდუს საავადმყოფოში.
იხილეთ ასევე: