ავტორი:

ატლანტის ოკეანე უკვე 5°C-ით გაცხელდა - მეცნიერები კლიმატური სტიქიის მოახლოებაზე გვაფრთხილებენ

ატლანტის ოკეანე უკვე 5°C-ით გაცხელდა - მეცნიერები კლიმატური სტიქიის მოახლოებაზე გვაფრთხილებენ

თანამგზავრიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის ვრცელი ტერიტორიები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ცხელია. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ანომალიური კლიმატური მოვლენა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.

კოპერნიკის საზღვაო სამსახურის (Copernicus Marine Service) მიერ 30 მაისს დაფიქსირებული მონაცემები აჩვენებს, რომ საზღვაო სიცხის ტალღა ამჟამად საფრანგეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებთან, ესპანეთის სამხრეთ სანაპიროსა და მონაკოს წყლებში მძვინვარებს. ტემპერატურა მკვეთრად არის მომატებული დოვერის, ისტბორნისა და ბრაიტონის სანაპიროებთანაც.

ეს ყველაფერი ხდება იმ გაფრთხილებების ფონზე, რომ წყნარ ოკეანეში ხანგრძლივი და მაღალი ტემპერატურით დახასიათებული ფენომენი - „სუპერ ელ-ნინიო“ (Super El Niño) ახლოვდება.

  • რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ექსპერტების პროგნოზით, არსებობს 80%-იანი ალბათობა იმისა, რომ ფენომენი 2026 წლის ივნის-აგვისტოში გამოვლინდეს. არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ წლევანდელი წელი, შესაძლოა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელ-ნინიოს პერიოდი გახდეს.

თუ ოკეანის ზედაპირის დათბობა ნორმას 2°C-ით აჭარბებს, მოვლენას „სუპერ ელ-ნინიოს“ უწოდებენ. ტროპიკულ წყნარ ოკეანეში წყლისქვეშა ფენების ტემპერატურა ამჟამად ნორმაზე წარმოუდგენლად მაღალია — სხვაობა 6°C-ს შეადგენს. მეცნიერების ვარაუდით, არსებობს დიდი შანსი, რომ 2026 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი გახდეს და მოხსნას 2024 წლის რეკორდი.

  • როგორ შეიცვლება ამინდი მსოფლიოში?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ელ-ნინიო ინდივიდუალურია, ის ძირითადად შემდეგ ცვლილებებს იწვევს:

  1. უხვი ნალექი და წვიმები: სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში.
  2. გვალვა და სიმშრალე: ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის აუზში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის ნაწილში.

ზაფხულში ამ მოვლენამ, შესაძლოა, ექსტრემალური სიცხე მოიტანოს „თითქმის ყველგან“ და გლობალური საშუალო ტემპერატურა 3°C-მდე გაზარდოს. მეტეოროლოგების განცხადებით, ელ-ნინიოს ინტენსივობა, სავარაუდოდ, 1997-1998 წლების მოვლენების მსგავსი იქნება, როდესაც დიდ ბრიტანეთში ანომალიურად ცხელი, მზიანი და ნოტიო აგვისტო დაფიქსირდა (ჰითროუში ტემპერატურამ 31.5°C-ს მიაღწია). თუმცა, ზაფხულში დათბობის პარალელურად, ეს ფენომენი ზამთარში უფრო ცივი ამინდების ალბათობასაც ზრდის.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ პოტენციურად ძლიერი ელ-ნინიოსთვის, რომელიც გაამწვავებს გვალვებსა და ძლიერ ნალექს, ასევე გაზრდის სიცხის ტალღების რისკს როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანეში,“ - აცხადებს სელესტე საულო, WMO-ს გენერალური მდივანი:

  • საფრთხე ემუქრება პროდუქტების ფასებსა და მოსავალს

ექსპერტების გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ანომალიამ, შესაძლოა, სურსათის ფასები საგრძნობლად გაზარდოს და გლობალური შიმშილობაც კი გამოიწვიოს.

“ელ-ნინიოს მიერ სტიმულირებული ექსტრემალური პირობები საფრთხეს უქმნის ისეთ კულტურებს, როგორიცაა ბანანი, ბრინჯი, ჩაი, ყავა და ბევრი დასახელების ახალი ხილი. დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, ნოემბრისთვის სურსათის ფასები შესაძლოა 50%-ით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე 5 წლის წინ იყო,“ - აღნიშნავს კლიმატის ანალიტიკოსი გარეთ რედმონდ-კინგი.

წყარო

იხილეთ ასევე: