“ფუნდამენტურად ახალი“ ტიპის ვაქცინის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია ვირუსების ფართო სპექტრისგან დაგვიცვას და თავიდან აგვაცილოს მომავალი პანდემიები, მვლევრებმა ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაქცინის მთავარი კომპონენტი მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და მისი ადამიანებზე გამოცდა უკვე დაიწყო. ვაქცინა შექმნილია იმისთვის, რომ იმოქმედოს ყველა კორონავირუსზე - მათ შორის კოვიდის ყველა ვარიანტზე და იმ ვირუსებზეც, რომლებიც ცხოველებს აავადებენ, თუმცა შესაძლოა მომავალი პანდემიის მიზეზი გახდნენ.
კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ჯგუფი უკვე მუშაობს ცალკეულ ვაქცინებზე გრიპისა და ებოლას წინააღმდეგ.

ჩვეულებრივ, ვაქცინები ვირუსის არსებული შტამის ბაზაზე იქმნება. ვინაიდან ვირუსები სწრაფად მუტაციას განიცდიან და იცვლიან იერსახეს, ვაქცინები მალე ძველდება, რის გამოც კოვიდისა და ზამთრის გრიპის ვაქცინების რეგულარული განახლებაა საჭირო.
“ჩვენ ყოველთვის ჩამოვრჩებით. ჩვენი მიზანი კი მოვლენებზე წინსწრებაა“, - აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ჰინი.
კემბრიჯელმა მკვლევარებმა აიღეს სხვადასხვა კორონავირუსის ცნობილი გენეტიკური კოდები, რომლებიც პოტენციური ვირუსული საფრთხეების სათვალთვალო პროგრამებმა დააფიქსირეს. ეს კოდები ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზა და შექმნა “სუპერ-ანტიგენი“ (ანტიგენი ვაქცინის ის ნაწილია, რომელზეც იმუნური სისტემა რეაგირებას სწავლობს). ეს ანტიგენი იმუნურ სისტემას ისე წვრთნის, რომ ის ვირუსების მთელი ოჯახისგან იცავს ორგანიზმს — მაშინაც კი, თუ ვირუსი მუტირდება ან ახალი ინფექცია ცხოველებიდან ადამიანებზე გადავა.

პირველი კვლევა 39 ადამიანზე ჩატარდა და მისი მიზანი იმის შემოწმება იყო, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო.
ჟურნალ “Journal of Infection“-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ვაქცინის გავლენა იმუნურ სისტემაზე “ზომიერი“ იყო, თუმცა ამან მეცნიერებში მაინც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
მეორე კვლევა, რომელშიც 200-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, უფრო ნათელ სურათს მოგვცემს იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად წვრთნის ვაქცინა იმუნიტეტს.
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა საულ ფაუსტმა აღნიშნა, რომ AI-ს ნამდვილად აქვს პოტენციალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვირუსები სწრაფად იცვლებიან.
კემბრიჯის გუნდი უკვე ატარებს კვლევებს ცხოველებზე უნივერსალური სეზონური გრიპის ვაქცინის შესაქმნელად, რომელსაც ყოველწლიური ადაპტაცია არ დასჭირდება. ასევე მუშაობენ H5N1 (ფრინველის გრიპის) ვაქცინაზე.
გარდა ამისა, მეცნიერები ეძებენ ვაქცინას ვირუსული ჰემორაგიული ცხელებისთვის, მათ შორის ებოლას სახეობებისთვის.
იხილეთ ასევე: