მიწისქვეშა წყლების უკონტროლო გამოყენება მხოლოდ წყლის რესურსების შემცირებას აღარ იწვევს. მეცნიერების თქმით, ადამიანების მიერ ათწლეულების განმავლობაში ამოტუმბულმა წყალმა დედამიწის ბრუნვის ღერძის მდებარეობაზეც კი მოახდინა გავლენა.
2023 წელს ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1993-2010 წლებში ადამიანებმა დაახლოებით 2 150 გიგატონა მიწისქვეშა წყალი ამოიღეს. ამ წყლის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში, ქალაქებსა და სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენეს, ხოლო საბოლოოდ ის მდინარეებისა და სხვა წყლის სისტემების გავლით ოკეანეებში აღმოჩნდა.
კვლევის ხელმძღვანელი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი კი-ვონ სეო, ამბობს, რომ დედამიწის ბრუნვის პოლუსი მუდმივად მოძრაობს და მასზე გავლენას პლანეტაზე მასის გადანაწილება ახდენს.

“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატთან დაკავშირებულ ფაქტორებს შორის მიწისქვეშა წყლების გადანაწილებას ბრუნვის პოლუსის გადაადგილებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს“, — განმარტავს მეცნიერი.
ყველაზე დიდი გავლენა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში მიწისქვეშა წყლების ინტენსიურმა შემცირებამ მოახდინა, სადაც სარწყავი მეურნეობებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გამო წყალშემკრები ფენები მნიშვნელოვნად დაიცალა.
თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დედამიწის პოლუსების მოძრაობაზე მხოლოდ მიწისქვეშა წყლები არ მოქმედებს. პროცესში მონაწილეობს თოვლის საფარი, მყინვარების დნობა, გრენლანდიის ყინულის მასის შემცირება, წყალსაცავები, ზღვის დონის ცვლილებები და თავად პლანეტის შიდა პროცესებიც.
მკვლევრები ამბობენ, რომ ამ მონაცემებს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. მიწისქვეშა წყლების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიწის დაწევა, სანაპირო ზონებში ზღვის დონის მატების გაძლიერება, წყალშემკრები ფენების დაზიანება და მტკნარ წყლებში მარილიანი წყლის შეღწევა.
მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის და ყველა რეგიონს ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მიწისქვეშა წყლების მდგრადი მართვა მომავალში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება.
იხილეთ ასევე: