კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, იქ, სადაც სიკვდილი ყოველდღიურობად იქცა, მოულოდნელად სიმღერისა და ზეიმის ხმა გაისმა. ებოლას ეპიდემიის ეპიცენტრში პაციენტის გამოჯანმრთელება ნამდვილ სასწაულად აღიქმება.
BBC გვიყვება ამბებს ზონიდან, სადაც მედიკოსები არა მხოლოდ სასიკვდილო ვირუსს, არამედ ადგილობრივ მითებსა და აგრესიასაც ებრძვიან.
პარასკევს, შუადღისას, ქალაქ მონგბვალუს კლინიკაში მწვანე ფორმაში გამოწყობილმა ათეულობით სამედიცინო მუშაკმა გალობა დაიწყო:
“მადლი გადმოვიდა ჩვენზე, მადლი გადმოვიდა პაციენტებზე“, - მათ კლინიკიდან 49 წლის დანიელ კიტამბალა გააცილეს.
ორმა უარყოფითმა ტესტმა დაადასტურა, რომ მამაკაცი ვირუსისგან სრულად განიკურნა.
“ეს დაავადება საშინელია... მაგრამ ღმერთი დიდია, ახლა კარგად ვარ“, - განაცხადა კიტამბალამ, რომელმაც კლინიკაში სამი კვირა გაატარა. ის მეორე პაციენტია, რომელმაც ცენტრი ცოცხალმა დატოვა. ერთი კვირით ადრე გამოჯანმრთელდა 55 წლის პასტორი დეოგრატიას კასერეკა.
სამედიცინო პერსონალისთვის ყველაზე დიდ სირთულეს ადგილობრივი მითები წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, დაავადება არა ვირუსი, არამედ “კუბოს წყევლაა“.
ქალაქ მონგბვალუს მერმა, სესერეკი მანდრო ისრაელმა, BBC-ის განუმარტა, რომ ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი დაკრძალვისას კუბო გზაში გატყდა. ადგილობრივებმა დაიჯერეს, რომ სასახლის დაწვის გამო მათ წყევლა დაატყდათ. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ დღეში 7-დან 10-მდე ადამიანი კვდებოდა.
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ აგრესია გამოიწვია:
ხალხს სჯეროდა, რომ სამკურნალო ცენტრები თავად იყო პრობლემა და არა გამოსავალი.
მიმდინარე ეპიდემია გამოწვეულია ებოლას იშვიათი - Bundibugyo-ს სახეობით. იტურის პროვინციაში ვირუსს უკვე 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ექსპერტების თქმით, ვირუსი შესაძლოა თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა, რადგან საწყისი ტესტები სხვა, უფრო გავრცელებულ შტამებზე კეთდებოდა და უარყოფით პასუხს აჩვენებდა.
ვირუსთან ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ხუთმა მედიკოსმა, რამდენიმე კი ამჟამად მკურნალობას გადის.
სამკურნალო ცენტრში ამჟამად იმყოფება მირეი გაჰინდო თავის 11 თვის შვილთან ერთად. ბავშვს თავიდან სიცხე და დიარეა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც პირიდან სისხლდენა დაეწყო. ორივე მათგანს ებოლა დაუდასტურდა, თუმცა მკურნალობის შედეგად მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მალე სახლში დაბრუნებას შეძლებენ.
ექიმები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ვირუსი ბიოლოგიური სითხეებით (სისხლი, ღებინება) ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების ფაქტები იმედს აჩენს, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ყველა კონტაქტის მოძიება, რაც ამ დრომდე სრულყოფილად ვერ ხერხდება.
იხილეთ ასევე: