ავტორი:

საოცარი აღმოჩენა პაპუა-ახალ გვინეაში - მეცნიერებმა “მოსიარულე ზვიგენის“ სრულიად ახალი სახეობა იპოვეს

საოცარი აღმოჩენა პაპუა-ახალ გვინეაში - მეცნიერებმა “მოსიარულე ზვიგენის“ სრულიად ახალი სახეობა იპოვეს

ეს შეიძლება ფანტასტიკად ჟღერდეს, თუმცა “მოსიარულე ზვიგენები“ რეალურად არსებობენ და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საოცარ არსებებს წარმოადგენენ.

  • ახალმა კვლევამ აღმოსავლეთ პაპუა-ახალ გვინეაში “მოსიარულე ზვიგენის“ მეათე სახეობა, Hemiscyllium dudgeonae აღოაჩინეს. ეს არის ფსკერზე ბინადარი პატარა არსება, რომელიც ცნობილია თავისი “სიარულის“ უნიკალური უნარით.

სწრაფად მოცურავე მტაცებლებისგან განსხვავებით, ეს პატარა ბინადრები დიდ დროს ატარებენ რიფებზე, ზღვის ბალახებსა და მანგროს ტყეებში, სადაც გადასაადგილებლად კუნთოვან ფარფლებს იყენებენ. ისინი იშვიათად ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელ არეალს.

მასშტაბური საველე კვლევებისა და გენეტიკური ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა სწორედ ამ ჯგუფის მეათე სახეობა აღმოაჩინეს.

  • რატომ “დადიან“ ზვიგენები და რა ხდის მათ უნიკალურს?

ეს ზვიგენები მიეკუთვნებიან Hemiscyllium-ის გვარს, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არცერთგან არ გვხვდება, ავსტრალიისა და კუნძულ ახალი გვინეის გარდა. ისინი, როგორც წესი, 70-დან 80 სანტიმეტრამდე იზრდებიან და ბინადრობენ სანაპირო ზოლში, ხშირად 10 მეტრზე ნაკლებ სიღრმეზე.

მათი შეზღუდული მობილურობა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია - ცალკეულმა ზვიგენმა შესაძლოა მთელი ცხოვრება სულ რაღაც რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის ფართობზე გაატაროს. ისინი კვერცხებს პირდაპირ ზღვის ფსკერზე დებენ, ამიტომ მათი შთამომავლობა მშობლების საცხოვრებელთან ახლოს იჩეკება.

მილიონობით წლის განმავლობაში ამ ცხოვრების წესმა გამოიწვია პოპულაციების იზოლაცია, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომლებიც სავსეა კუნძულებით, ღრმა არხებითა და ცვალებადი სანაპირო ზოლებით.

პაპუა-ახალი გვინეა მდებარეობს “მარჯნის სამკუთხედში“, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საზღვაო ბიომრავალფეროვნების რეგიონია. ტექტონიკური ფილების შეჯახებამ, ვულკანურმა აქტივობამ და ზღვის დონის მკვეთრმა ცვლილებამ დროთა განმავლობაში შეცვალა ლანდშაფტი: გაჩნდა და გაქრა კუნძულები, ხოლო მეზობელი პოპულაციები ერთმანეთს ღრმა წყლებით დაშორდნენ. 2023-დან 2025 წლამდე პერიოდში მკვლევრებმა 70 საველე შემოწმება ჩაატარეს რიფებზე, მანგროებსა და ზღვის ბალახებში - ისინი ყვინთავდნენ და მიქცევის დროს რიფებზე ფეხითაც კი დადიოდნენ. აღმოჩენილ ზვიგენებს სურათებს უღებდნენ, ზომავდნენ, იღებდნენ გენეტიკურ ნიმუშებს და შემდეგ ისევ წყალში უშვებდნენ.

“მოსიარულე ზვიგენები“ წყლის ფსკერზე, ქვიშაზე ან მარჯნებზე გადაადგილებისას სხეულს გველივით აქანავებენ და ფარფლებს მონაცვლეობით ადგამენ, რაც ძალიან ჰგავს ხმელეთის ხვლიკების სიარულის მანერას. ზოგიერთ სახეობას მიქცევის დროს შეუძლია წყლიდან ამოვიდეს და რიფის ზედაპირზე, ხმელეთზეც კი “იაროს“ ერთი გუბურიდან მეორემდე საკვების საძებნელად.

ტროპიკებში გადარჩენისთვის მათ განუვითარდათ უნარი, რამდენიმე საათი თითქმის უჟანგბადო გარემოშიც კი გაძლონ.

თავისი ბუნებიდან გამომდინარე, “მოსიარულე ზვიგენები“ ძალიან მგრძნობიარენი არიან გარემოს დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ. ვინაიდან შორ მანძილზე გადაადგილება არ შეუძლიათ, რიფების დაზიანების ან თევზჭერის დროს მათ სხვაგან გადასახლების შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ, რის გამოც ზოგიერთი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა.

  • მოულოდნელი აღმოჩენა ამფლეტის კუნძულებზე

ყველაზე საინტერესო ამფლეტის კუნძულებზე (Amphlett Islands) აღმოჩენილი განსხვავებული პოპულაცია გამოდგა. ამ ზვიგენებს ჰქონდათ ყავისფერი ჭორფლების, თეთრი ლაქებისა და მკვეთრი ხაზების უნიკალური მოხატულობა, რაც არ ჰგავდა არცერთ ცნობილ “მოსიარულე ზვიგენს“.

გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს იყო სრულიად ცალკეული ევოლუციური ხაზი. სახეობას უწოდეს Hemiscyllium dudgeonae — ზვიგენების გენეტიკოსის, დოქტორ კრისტიან დაჯენის პატივსაცემად.

წყარო

იხილეთ ასევე: