ტეხასში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო. ორი ახალგაზრდა და, რომლებიც 5 შვილის დედის სასტიკ მკვლელობაში არიან ბრალდებულები, პოლიციის მანქანაში ჩასმისას კამერების წინ იღიმოდნენ და იცინოდნენ.
მედია ტრაგედიის დეტალებზე წერს.
შემზარავი ტრაგედია ტეხასის შტატის პატარა ქალაქ დელ რიოში, მექსიკის საზღვართან ახლოს დატრიალდა. გამოძიების ვერსიით, 19 წლის ამაია “ქუქი“ დიასმა და 21 წლის ქითი მია დიასმა - 32 წლის ქეროლაინ “კარო“ პენიას, რომელიც ხუთი შვილის დედა იყო, სასტიკი ჭრილობები დღისით, მზისით მიაყენეს.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდება სისხლიანი ქალი სამ თავდამსხმელს სწრაფი კვების ობიექტის, Sonic-ის ავტოსადგომთან. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად, ქალი სან-ანტონიოს საავადმყოფოში იმავე საღამოს გარდაიცვალა.
საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ვიდეოკადრებმა, რომლებიც დების დაკავების დროს არის გადაღებული. ნაცვლად სინანულისა, გოგონები ნამდვილ “შოუს“ დგამდნენ:

პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ, ერთ-ერთმა დამ ფანჯრიდან თავი გადმოყო და კამერის წინ ენა გამოყო.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი მაიკლ ელიზონდო, რომელმაც დაკავების კადრები გადაიღო, ჰყვება: “ის გოგონა ძალიან კარგ განწყობაზე იყო... იღიმოდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა“.
პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მესამე პირი, 21 წლის ქიანდრა რენე ფაზიც დააკავა. დელ რიოს პოლიციის დეპარტამენტს მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია. სამივე ქალს ბრალად მკვლელობა ედება და ისინი ადგილობრივ ციხეში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მკვლელი, ქითი დიასი, თავადაც დედაა. სულ რამდენიმე კვირის წინ ის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებდა, სადაც წერდა, რომ მისი ვაჟი მალე 4 წლის გახდება.
ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება. დაღუპულ ქეროლაინ პენიას კი ხუთი შვილი დარჩა.
იხილეთ ასევე: