ავტორი:

ტაილანდში, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს, კიდევ ორი ასეთი ჩემოდანი აღმოაჩინეს - უმძიმესი დეტალები: პოლიცია სერიული მკვლელის ხელწერას არ გამორიცხავს

ტაილანდში, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს, კიდევ ორი ასეთი ჩემოდანი აღმოაჩინეს - უმძიმესი დეტალები: პოლიცია სერიული მკვლელის ხელწერას არ გამორიცხავს

სანამ ავსტრალიელ მამაკაცს სიკვდილით დასჯა ემუქრება თინეიჯერი გოგონას მკვლელობის გამო, რომლის ცხედარიც ჩემოდანში დამალული იპოვეს, “Daily Mail“-ისთვის ცნობილი ხდება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მსგავსი საზარელი აღმოჩენა ტაილანდის ამ საკურორტო ქალაქში გააკეთა.

46 წლის საიმონ კარმენი, პერთის (ავსტრალია) სამხრეთ რეგიონიდან, მას შემდეგ დააკავეს, რაც გასულ პარასკევს ღამით, პატაიას გარეუბანში, სარკინიგზო ლიანდაგებთან ახლოს ნაპოვნ, მოზრდილი ზომის შავ ჩემოდანში 17 წლის ტუნჩანოკ დონჰომლას (მეტსახელად ქეიქი) ცხედარი აღმოაჩინეს.

პოლიციის ვერსიით, ბრიტანეთში დაბადებულმა ხელოსანმა გოგონას შიშველი სხეული ჩემოდანში მოათავსა, მაღალ ბალახში გადააგდო, თავად კი ქვეყნიდან გაქცევას და პერთში გაფრენას გეგმავდა.

მანამდე ის მოზარდს გამთენიისას, სანაპიროზე შეხვდა და სასტუმროში გაყოლის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. ბრალდებულის მტკიცებით, სასტუმროში მათ შორის ფულის გამო დავა დაიწყო, რა დროსაც გოგონამ დანა იშიშვლა. თუმცა, ორშაბათს ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ პირველადი ექსპერტიზით გოგონას სიკვდილის მიზეზი გაგუდვა (ხრჩობა) გახდა.

“Daily Mail“ -ის ინფორმაციით, დონჰომლას მკვლელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პატაიაში ქალის ცხედარი ბარგში დამალული იპოვეს, რაც ქალაქის კრიმინალურ ისტორიას კიდევ ერთ შავ ფურცლად ემატება.

  • იდუმალი მკვლელობები და საერთო ხელწერა

წინა ორი მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია. საქმეებს შორის მსგავსება იმდენად თვალშისაცემია, რომ ტაილანდის სამართალდამცავები მათ შორის შესაძლო კავშირს იძიებენ. პოლიცია არ აცხადებს, რომ კარმენს რაიმე კავშირი არ აქვს წინა ორ მკვლელობასთან, თუმცა ამჟამად მოწმდება, არის თუ არა ეს შემთხვევები ერთმანეთზე რაიმე სახით მიბმული.

პირველი შემთხვევა 2025 წლის სექტემბერში მოხდა: პატაიას წყალსაცავში მცურავ ჩემოდანში სავარაუდოდ, 30 წლამდე დაბმული ქალის ცხედარი იპოვეს,. მძიმე ჯაჭვებით, ბოქლომებითა და პლასტმასის ხამუთებით დალუქული ჩემოდანი ტაილანდის ნიჩბოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვარჯიშის დროს შეამჩნია.

ჩემოდანში პოლიციამ ქალის ნახევრად შიშველი სხეული აღმოაჩინა. მისი ვინაობა და მოქალაქეობა დღემდე უცნობია. გამომძიებლების ვარაუდით, გარდაცვლილი უცხოელი იყო, ჰქონდა ღია ფერის კანი და გაკეთებული ჰქონდა პლასტიკური ოპერაციები, მათ შორის მკერდის იმპლანტები ჩინური მარკირებით, ასევე ცხვირისა და ნიკაპის კორექცია. ტაილანდის თითის ანაბეჭდების ბაზაში მისი მონაცემები არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა. ჩემოდანი ჰანტელებით იყო დამძიმებული.

მეორე შემთხვევას 2025 წლის თებერვალიში ჰქონდა ადგილი, ზუსტად რვა თვით ადრე, მეზობელ რაიონგის პროვინციაში, ადგილობრივმა მეთევზემ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც მისი ანკესი ბან ჩანგში, გოლფის მოედანთან მცურავ ჩემოდანს გამოედო (კურორტიდან სულ რაღაც 14 კილომეტრში).

სამართალდამცავებმა ჩაკეტილი ჩემოდანი გახსნეს და შიგნით ქალის გახრწნილი, შიშველი სხეული იპოვეს. პატაიას შემთხვევის მსგავსად, ეს ჩემოდანიც განზრახ იყო დამძიმებული ორი 10-კილოგრამიანი ჰანტელით, რათა წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივებულიყო.

დღემდე ვერცერთი მსხვერპლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და ორივე მკვლელობის გამოძიება ჩიხშია შესული.

  • პატაიას ბნელი მხარე

კარმენი დონჰომლას პატაიას სანაპიროზე შეხვდა, რომელიც გვიან ღამით სექს-მუშაკთა თავშეყრის ცნობილ ადგილად იქცევა და მას ჟარგონულად „ქოქოსის ბარს“ (Coconut Bar) უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პატაია მილიონობით საერთაშორისო ტურისტს იზიდავს, მას დიდი ხანია უკვე რაც მაღალი დონის კრიმინალური კერის რეპუტაციაც გააჩნია. ქალაქი ძალადობრივი თავდასხმებით, ნარკოტრაფიკით, ორგანიზებული კრიმინალითა და უცხოელი სტუმრების გაურკვეველი სიკვდილიანობითაც არის ცნობილი. წლების განმავლობაში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობებმა და სუიციდის შემთხვევებმა არაერთხელ მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება.

პოლიციის განცხადებით, კარმენი და დონჰომლა 1,000 ბატის (დაახლოებით 43 ავსტრალიური დოლარი) გადახდაზე შეთანხმდნენ, თუმცა დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კარმენმა მხოლოდ 500 ბატი (22 ავსტრალიური დოლარი) შესთავაზა. თავად კარმენი უარყოფს გოგონას მკვლელობას და ამტკიცებს, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

მოკლული გოგონას მშობლები, 46 წლის თონგჩაი დონჰომლა და ორდი ბუტრახამარე, შვილის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციიდან ჩავიდნენ. გოგონას დედინაცვალმა განაცხადა, რომ კარმენის ტაილანდური კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც გულისხმობს.

  • სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ტაილანდში

ტაილანდში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის, სიკვდილით დასჯა მოქმედებს, თუმცა განაჩენი იშვიათად სრულდება.

საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მკვლელობაში მსჯავრდებულს შეიძლება სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდის სასამართლოები კვლავ აგრძელებენ სასიკვდილო განაჩენების გამოტანას, სააპელაციო პროცესის ან სამეფო შეწყალების შედეგად, ბევრი მათგანი მოგვიანებით უვადო თავისუფლების აღკვეთით იცვლება.

ტაილანდში სიკვდილით დასჯის ბოლო განაჩენი (ლეტალური ინექციით) 2018 წელს, 9-წლიანი პაუზის შემდეგ შესრულდა. მას შემდეგ სიკვდილით დასჯის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს ზომა კანონმდებლობაში კვლავ ძალაში რჩება.

წყარო

იხილეთ ასევე: