ტროპიკული ტყეები ატმოსფეროდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს (CO₂) ითვისებენ და ინახავენ. მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში მდებარე ამაზონის ტყე დაახლოებით 123 მილიარდ ტონა ნახშირბადს ინახავს, ეს იმაზე იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხმელეთის ეკოსისტემა მსოფლიოში. თუმცა, ეს ტყეები კრიტიკული გამოწვევის წინაშე დგანან.
2023 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეები მოწყვლადია კლიმატური ექსტრემალური მოვლენების მიმართ. დადგინდა, რომ “ელ-ნინიოს“ დროს, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულმა ტყეებმა შესაძლოა დაკარგონ ნახშირბადის შთანთქმის ფუნქცია.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო საგანგაშო ხდება, თუ გავითვალისწინებთ “ელ-ნინიოს“ მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდას. ბოლო 60 წლის განმავლობაში ორჯერ მეტი “ძალიან ძლიერი“ ელ-ნინიო დაფიქსირდა, ვიდრე წინა 60 წლის განმავლობაში. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) კი ახლახან დაადასტურა, რომ ამჟამად სწორედ ასეთი ელ-ნინიო მიმდინარეობს.
ტროპიკული ტყეები CO₂-ს ფოტოსინთეზის პროცესით შთანთქავენ და მას ბიომასად გარდაქმნიან. თუმცა, ბალანსი ფოტოსინთეზსა და სუნთქვას შორის ძალიან ნაზია და ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ტემპერატურასა და წყლის ხელმისაწვდომობაზე.
უფრო ცხელ და მშრალ პირობებში, მცენარეები ფოთლების ფორებს ხურავენ, რათა თავიდან აიცილონ წყლის დაკარგვა. თუმცა, ფორების დახურვა ფაქტობრივად უჭრის მცენარეს საწვავის მიწოდებას, რადგან სწორედ ამ ფორების საშუალებით შთანთქავენ ისინი CO₂-ს. ეს მცენარეებს ართმევს ნახშირბადს, რომელიც ფოტოსინთეზისა და ზრდისთვის სჭირდებათ.
ელ-ნინიოს წლებში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურული ანომალიებით, ხანგრძლივი კლიმატური სტრესი იწვევს ტყის ზრდის შემცირებას და ხეების სიკვდილიანობის ზრდას. ამის შედეგები ათწლეულების განმავლობაში იგრძნობა, რადგან მკვდარი ხეების ლპობისას ნახშირბადი კვლავ ატმოსფეროში გამოიყოფა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2015-2016 წლების ელ-ნინიოს დროს, როდესაც ხმელეთზე ტემპერატურა ჩვეულებრივზე საშუალოდ მინიმუმ ერთი გრადუსით მაღალი იყო, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთმა ტროპიკულმა ტყემ ფაქტობრივად შეწყვიტა ნახშირბადის შთანთქმა. ეს აჩენს შეშფოთებას მიმდინარე ელ-ნინიოს შესაძლო გავლენაზე ამაზონსა და გლობალურ კლიმატზე.

კვლევაში, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სამხრეთ ამერიკის ექვს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ხე გაზომეს, რათა თვალი ედევნებინათ მათი ზრდისთვის. ეს ხეები 4000-ზე მეტ სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებოდა. მიღებული მონაცემები გამოიყენეს ტყის მიწისზედა ბიომასაში დაგროვილი ნახშირბადის ზუსტი რაოდენობის გამოსათვლელად.
აღმოჩნდა, რომ ამ ტყეების მოწყვლადობა ელ-ნინიოს პირობების მიმართ მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათ საბაზისო კლიმატთან. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, თითქოს ყველა ტროპიკული ტყე ცხელი, ტენიანი და ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემაა, სეზონური გვალვა მრავალი ტროპიკული ტყისთვის რეალობაა. მაგალითად, ამაზონის ტყის კიდეებზე მდებარე რეგიონებში პირობები განსაკუთრებით ცხელი და მშრალია.
კვლევამ აჩვენა, რომ ამაზონის კიდეებზე მდებარე მშრალი ტყეები, სადაც ხეები რეგულარულად უძლებენ წყლის შეზღუდული ხელმისაწვდომობის პერიოდებს, განსაკუთრებით მგრძნობიარენი იყვნენ ელ-ნინიოს ექსტრემალური პირობების მიმართ. საშუალოდ, ტემპერატურის ყოველ 0.5°C-ით მატებაზე ეს ტყეები მიწისზედა ნახშირბადის 0.5%-ს კარგავდნენ.
მეცნიერებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ 2026 წელი შესაძლოა კვლავ გახდეს ყველაზე ცხელი წელი დაკვირვების ისტორიაში. განგაშს კიდევ უფრო აძლიერებს ამჟამინდელი ელ-ნინიოს სიმკაცრე. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ელ-ნინიო დაწყებულიყოს მაშინ, როდესაც ოკეანეები უკვე ასე თბილია, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ასე მაღალი.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ამაზონის კიდეებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურა და ყველაზე სწრაფი დათბობა, რაც კი ტროპიკებში ოდესმე ყოფილა. ტყის სტრუქტურული მთლიანობა ირღვევა, როდესაც დიდი კლიმატური ანომალია ხდება მანამ, სანამ ტყე ბოლო დროის მრავალწლიანი სტრესისგან აღდგენას მოასწრებდა.
ეს კუმულაციური ფაქტორები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ხეებისა და ნახშირბადის ისეთი მასშტაბის კარგვა, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს.
იხილეთ ასევე: