დილის ოთხი საათია, საავადმყოფოს განყოფილებაში სიჩუმეა. რეზიდენტი ექიმი უკვე ცხრა საათია ფეხზეა. ის დაღლილია, კუნთები სტკივა და თვალები ეწვის, თუმცა როდესაც დილის ექვს საათზე ცვლა სრულდება და ის საბოლოოდ სახლში ბრუნდება, დაძინებას ვერ ახერხებს. მისი შინაგანი საათი, რომელიც მილიონობით წლის ევოლუციის განმავლობაში მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე იყო მომართული, ეუბნება, რომ დილაა და გაღვიძების დროა. ვერც დაბნელებული ფარდები და ვერც ყურსაცმელები ამ ბიოლოგიურ ხმას ვერ ახშობს.
ბრძოლა საკუთარ ბიოლოგიასთან: ინფარქტისა და კიბოს რისკი ეს არ არის პირადი სისუსტე - ეს არის კონფლიქტი სამუშაო რეჟიმსა და ადამიანის სხეულის ყველაზე ღრმა მექანიზმებს შორის. ეს რეალობა მილიონობით ადამიანს ეხება: ექთნებს, ინჟინრებს, მძღოლებსა და ქარხნის მუშებს, რომლებიც ქვეყანას მაშინ ამუშავებენ, როდესაც სხვებს სძინავთ.
მეცნიერული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ საკუთარ შინაგან საათთან ეს დაუნდობელი ბრძოლა ადამიანებს ძვირად უჯდებათ. ღამის ცვლაში მუშაობა ზრდის ინფარქტის, ინსულტის, კიბოს, ფსიქიკური დაავადებებისა და დემენციის რისკს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღამის ცვლაში მუშაობა “ადამიანისთვის სავარაუდოდ კანცეროგენულ“ ფაქტორთა ჯგუფშიც კი შეიყვანა.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ძილის დროს ტვინი საკუთარ თავს “რეცხავს“. ტვინის ქსოვილებში არსებობს ე.წ. გლიმფატური სისტემა, რომელიც ძილისას მავნე ნარჩენ პროდუქტებსა და ტოქსინებს გამოდევნის.
როდესაც ძილი დარღვეულია, ეს “სანიტარული სისტემა“ ფერხდება, რაც ტვინში მავნე ცილების (ამილოიდისა და ტაუს) დაგროვებას იწვევს. სწორედ ეს ნივთიერებებია პასუხისმგებელი ალცჰაიმერის დაავადებაზე. შვედურმა კვლევამ, რომელიც 13 000-ზე მეტ ადამიანს 41 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, დაადგინა, რომ შუახნის ასაკში ღამის ცვლაში მუშაობა დემენციის რისკს 36%-ით ზრდის.
მეცნიერები ახლა იკვლევენ ახალ თეორიას: შესაძლოა, ღამის ცვლის მუშაკებისთვის გამოსავალი ძილის ორ ბლოკად გაყოფა იყოს. ამას ბიფაზური ძილი ეწოდება.
ისტორიული მონაცემებით, ინდუსტრიალიზაციამდე და ხელოვნური განათების გამოგონებამდე, ადამიანები სწორედ ასე იძინებდნენ: პირველი ძილი საღამოს 9 საათიდან შუაღამემდე გრძელდებოდა, შემდეგ ხალხი ერთი-ორი საათით იღვიძებდა (ლოცვისთვის, საუბრისთვის ან საოჯახო საქმეებისთვის) და შემდეგ ისევ “მეორე ძილს“ მიეცემოდნენ.
ექიმი ლინ ვიქტორია მოენი, რომელიც ნორვეგიაში არქტიკულ წრეში მომუშავეებს აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ ბევრი მუშაკი ინსტინქტურად გადადის ამ რეჟიმზე: იძინებენ დილის 9-დან პირველ საათამდე, ხოლო მეორე ბლოკს შუადღისას, შემდეგ ცვლამდე იმატებენ. მეცნიერების თქმით, 20-დან 50 წუთამდე წათვლემაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამცირებს ავარიების რისკს შინ დაბრუნებისას.
იხილეთ ასევე: