"დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა - პოლიციაში დარეკვის ჩვევა, როცა პროვოკატორობს ვინმე (და რუსი ტურისტები პროვოკატორობდნენ, გნებავთ, ხულიგნობდნენ) ან ფიზიკური დაპირისპირების დიდი რისკია" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თელავში, სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
"მე მაინტერესებს, თელავში პოლიცია არ არის? არც შეწუხებულმა ტურისტებმა, არც მექორწილეებმა და არც სასტუმრომ არ გამოიძახა? მთვრალ რუსებს (სქესის მიუხედავად) რომ პოლიცია (მით უმეტეს, ქართული) ფეხებზე ჰკიდიათ, ეგ გასაგებია - ბარბაროსული სახელმწიოდან არიან. ქართველებს რომ პოლიცია ფეხებზე გვკიდია და მარტო დარბევა-დაჭერებთან და რეპრესიებთან ასოცირდება, აი ეგ საერთოდ არ უნდა გვეკიდოს და ვისი ბრალია, კი ვიცით.
ამ ინციდენტში ჩემთვის ესაა სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი: ის დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა - პოლიციაში დარეკვის ჩვევა, როცა პროვოკატორობს ვინმე (და რუსი ტურისტები პროვოკატორობდნენ, გნებავთ, ხულიგნობდნენ) ან ფიზიკური დაპირისპირების დიდი რისკია.
პოლიციაში დარეკვა ისევ ჩაშვებაა. პოლიციის მიმართ ნდობა ისევ ნულოვანია და მოქალაქეებს პირადი ანგარიშსწორების იმედი უფრო აქვთ. ვერც იმაში იქნები დარწმუნებული, რომ რუსების სასარგებლოდ არ გადაწყვეტენ ნებისმიერ ექსცესს, რადგან ასეთია ამ ქვეყანაში დაუწერელი კანონი: რუსი ყოველთვის მართალია.
რუსი ტურისტების ცემა გამოსავალი არაა, მით უფრო ქალების. რუსი ტურისტი და რუსეთი თუა შენი არჩევანი, ყოველთვის ის მოხდება, რაც თელავში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არც საშუალო სტატისტიკური რუსი შეცვლილა და არც რუსული სახელმწიფო.
აი, ჩვენ კი შევიცვალეთ: საბჭოთა იმპერიის მთავარი მესაფლავეებიდან, ისევ რუსების რესტორნების და ცეკვა-თამაშის ქვეყანად ვიქეცით. და სადაც ცეკვა-თამაში და ჭამა-სმაა, იქ სერიოზული და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება, სულ ცხვირების მოტეხვა იქნება, სულ "გაასხმენ" ხოლმე შეზარხოშებული ქართველი კაცები (სიფხიზლეში ცუციკები რომ არიან), სულ გაარჩევს ხოლმე დაბეჩავებული საზოგადოება ამგვარ ინციდენტებს და გულს მოიოხებს, რადგან ამაზე მეტი რა ქნას ან არ იცის, ან არ შეუძლია, ან ორივე ერთად" - წერს გვარამია.
ასევე იხილეთ: