ავტორი:

ისტორიაში პირველად, ჰუმანოიდმა რობოტებმა ცოცხალ ცხოველებზე ოპერაცია ჩაატარეს - რას შეცვლის ეს ფაქტი სამედიცინო სფეროში?

ისტორიაში პირველად, ჰუმანოიდმა რობოტებმა ცოცხალ ცხოველებზე ოპერაცია ჩაატარეს - რას შეცვლის ეს ფაქტი სამედიცინო სფეროში?

პრეკლინიკური კვლევის ფარგლებში, ღორებისთვის ლაპარასკოპიული (მცირეინვაზიური) ოპერაციის ჩასატარებლად ქირურგებმა დისტანციურად მართვადი ორი ჰუმანოიდი რობოტი გამოიყენეს.

ერთ-ერთი ოპერაციის მსვლელობისას, ღორისთვის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის დროს, დისტანციურად მართვად რობოტს დახმარება ადამიანმა გაუწია.

პარალელურად, ჩატარდა კიდევ ერთი ასეთი ტიპის ოპერაცია, სადაც უკვე ორი რობოტი, წყვილად, გვერდიგვერდ მუშაობდა.

Unitree G1 მოდელის რობოტებს, მეტსახელად Surgie, სპეციალური ადაპტერები მოარგეს, რათა მათ ქირურგიული ინსტრუმენტების დაჭერა შესძლებოდათ; სხვა მხრივ, მათი კონსტრუქცია შეცვლილი არ ყოფილა.

მკვლევრების თქმით, Surgie ტრადიციული ქირურგიული რობოტების მსგავსად ზუსტია, თუმცა ბევრად იაფი ღირს. მისი ტექნიკურად გამართვა და გამოყენება კი გაცილებით მარტივია. ქირურგების მზარდი დეფიციტის ფონზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს რობოტები ოპერაციებს ადამიანებსაც გაუკეთებენ.

მკვლევრებმა მუშაობა რობოტების ფაქიზი მოტორიკის შემოწმებით დაიწყეს. ექიმები მათ უსულო ობიექტებისა და სტანდარტული ქირურგიული აღჭურვილობის მართვას ავალებდნენ. მას შემდეგ, რაც დაკვირვებამ დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, რობოტები ნარკოზის ქვეშ მყოფ ღორებზე რეალური ქირურგიული პროცედურების ჩატარებაზე გადავიდნენ.

ჟურნალ ”Nature“-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ორივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სამედიცინო პროცედურის ერთ-ერთ ეტაპზე მცირე სისხლდენა დაფიქსირდა, თუმცა რობოტებმა ნაკადის შეჩერება სწრაფად შეძლეს.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, რობოტების ეფექტურობით ისინი გაოცებულები დარჩნენ. ჰუმანოიდის მოძრაობების მართვა ბევრად უფრო ბუნებრივი აღმოჩნდა, ვიდრე დიდი გაბარიტების მქონე ქირურგიული რობოტის “ხელებით“ მანიპულირება , განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისაც ასეთ სპეციალიზებულ სისტემებზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ.

თუმცა, რობოტები ჯერ კიდევ შორს არიან სრულყოფილებისგან და რამდენიმე პრობლემა კვლავ დასახვეწია, მაგალითად, ოპერაციის მსვლელობისას Surgie-ს რამდენჯერმე დასჭირდა ხელახალი კალიბრაცია, რამაც ძვირფასი დრო წაიღო და პროცესი მოსალოდნელზე გაახანგრძლივა. ასევე, საჭიროა ოპერატორის მოქმედებასა და რობოტის რეაგირებას შორის არსებული დაყოვნების (Latency) შემცირებაც.

დღეს ქირურგები უკვე იყენებენ 3 ან 4 მანიპულატორით აღჭურვილ სპეციალურ რობოტიზებულ სისტემებს. თუმცა ამ აპარატების თან პრობლემებიც სდევთ, ეს მათი დიდი გაბარიტები და 800 კილოგრამამდე წონაა, დანადგარი გამართულად მუშაობისთვის დიდ რაოდენობით სამედიცინო პერსონალს მოითხოვს და საოპერაციოში ბევრ ადგილს იკავებს, რის გამოც ხშირად ოთახის გადაკეთებაც კი ხდება საჭირო.

ამის საპირისპიროდ 1.5 მეტრი სიმაღლის Surgie სპეციალური ადაპტერებთან ერთად მხოლოდ 27 კილოგრამს იწონის, რაც კომპაქტურ ჰუმანოიდურ რობოტს იდეალურ არჩევანად აქცევს იმ სიტუაციებში, სადაც მძიმე, ტრადიციული სამედიცინო რობოტების გამოყენება შეუძლებელია.

ყოველივე ეს ფაქტი ზრდის იმის ალბათობას, რომ მალე შესაძლოა ჰუმანოიდი რობოტები რეალურ პაციენტებზე მომუშავე ქირურგიული გუნდების საკვანძო ნაწილად იქცნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: