მილიონობით წლის წინ, დედამიწაზე არსებობდა ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია, რომელმაც პლანეტის კლიმატი შეცვალა, შემდეგ კი ყოველგვარი კვალის გარეშე გაქრა? - ერთი შეხედვით, ეს კითხვა სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, თუმცა სწორედ ამ საკითხს მიუძღვნეს კვლევა NASA-ს კლიმატოლოგმა გევინ შმიდტმა და ასტრობიოლოგმა ადამ ფრენკმა.
მათი ნაშრომი, რომელიც “სილურიული ჰიპოთეზის“ სახელითაა ცნობილი, არ ამტკიცებს, რომ ადამიანებამდე განვითარებული საზოგადოება ნამდვილად არსებობდა. პირიქით, მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, დარჩებოდა თუ არა მსგავსი ცივილიზაციის არსებობის კვალი დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში, თუ ის მილიონობით წლის წინ გადაშენდა.
იდეა 2017 წელს, ერთი უბრალო საუბრის დროს გაჩნდა. ადამ ფრენკი, რომელიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნებს იკვლევს, კოლეგას ესაუბრებოდა იმის შესახებ, განიცდიდნენ თუ არა ჰიპოთეზური უცხოპლანეტური ცივილიზაციები კლიმატის ცვლილებას. საუბრისას მან აღნიშნა, რომ დედამიწაზე მსგავსი ცივილიზაცია არასოდეს არსებობდა. გევინ შმიდტის პასუხი კი შემდეგი იყო:
“საიდან იცი ეს?“ - სწორედ ამ კითხვამ მეცნიერები სრულიად ახალ მიმართულებამდე მიიყვანა.
მათი აზრით, თუ დედამიწაზე მილიონობით წლის წინ არსებობდა ტექნოლოგიურად განვითარებული საზოგადოება, მისი ქალაქები, შენობები და გზები დღეს, სავარაუდოდ, აღარ იარსებებდა. ტექტონიკური ფილების მოძრაობა, ვულკანური აქტივობა და ეროზია პლანეტის ზედაპირს მუდმივად ცვლის და მსგავსი კვალის გაქრობას მილიონობით წლის განმავლობაში სრულიად შესაძლებელს ხდის.
თუმცა, შეიძლება სხვა მტკიცებულებები შემორჩენილიყო.

მეცნიერების შეფასებით, ყველაზე რეალური კვალი პლანეტის ქიმიურ შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ. როგორც დღეს ადამიანები ატმოსფეროში სათბურის აირების მასშტაბური გამოყოფით დედამიწის კლიმატს ცვლიან, მსგავს პროცესს ჰიპოთეზური ცივილიზაციაც დატოვებდა ქანებსა და ნალექებში.
სწორედ ამიტომ მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ მომხდარ პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმზე - პერიოდზე, როდესაც დედამიწის ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა, ატმოსფეროში ნახშირბადის რაოდენობამ იმატა და ეკოსისტემები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეცნიერები ამ მოვლენას ძირითადად ბუნებრივ პროცესებს უკავშირებენ, თუმცა მისი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი ამ მოვლენისთვის ხელოვნური წარმოშობის მინიჭება არ ყოფილა. პირიქით, მათ სურდათ დაედგინათ, როგორი ნიშნები უნდა ეძებოს მეცნიერებამ, თუ ოდესმე მსგავსი ცივილიზაციის არსებობის შემოწმებას გადაწყვეტს.
მათი აზრით, თუ ადამიანური ცივილიზაცია მომავალში გაქრება, მილიონობით წლის შემდეგ ჩვენი არსებობის მთავარ მტკიცებულებად შესაძლოა პლასტმასი, მძიმე მეტალები, სინთეზური ქიმიკატები და გარემოში დაგროვილი სხვა ხელოვნური მასალები იქცეს.
იხილეთ ასევე: