ავტორი:

“ყველაფერი ფარსია“ - ძმებმა ტეიტებმა აღიარეს, რომ სუპერ მანქანებს და იახტებს ქირაობდნენ და სინამდვილეში არაფერს ფლობენ

“ყველაფერი ფარსია“ - ძმებმა ტეიტებმა აღიარეს, რომ სუპერ მანქანებს და იახტებს ქირაობდნენ და სინამდვილეში არაფერს ფლობენ

სკანდალურად ცნობილი გავლენიანი სახეები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები, იძულებულნი გახდნენ სასამართლოში ეღიარებინათ სიმართლე: მათი თვალისმომჭრელი ფუფუნება, მათ შორის 50-მილიონიანი სუპერიახტა, სოციალურ ქსელებში მხოლოდ ილუზია და ყალბი პიარი იყო, რომელიც ინტერნეტში პოპულარობის მოსაპოვებლად შექმნეს.

ძმები ამჟამად მაიამის ფედერალურ ციხეში იმყოფებიან. როგორც მათმა ადვოკატებმა განაცხადეს, სოციალურ ქსელებში ტეიტების ტრაბახი “თეატრალური წარმოდგენა“ და იაფი ფარსი იყო, რათა მულტიმილიონერი პლეიბოების იმიჯი შეექმნათ.

მათ ვიდეოებში ხშირად ჩნდებოდა 2.1 მილიონი დოლარის ღირებულების Aston Martin და 12 მილიონ დოლარად შეფასებული ორი Bugatti, თუმცა სამივე ავტომობილი რეალურად ნაქირავები რეკვიზიტი იყო.

რაც შეეხება 50-მილიონიან სუპერიახტას, სასამართლო დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ ის “ტეიტებს არ ეკუთვნით“. ძმებმა უბრალოდ ფული მიიღეს იმისთვის, რომ იახტის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში მოეხდინათ.

ეს შოკისმომგვრელი აღიარება ძმებმა მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ სასამართლოსთვის დაემტკიცებინათ: ისინი არ არიან იმდენად მდიდრები, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

მათმა იურიდიულმა გუნდმა წარადგინა 28-გვერდიანი შუამდგომლობა, სადაც აღნიშნულია, რომ ძმების პოსტები სერიოზულად არ უნდა იქნას აღქმული, რადგან ეს არის “აშკარა სატირა, ჰიპერბოლა და პრომოუშენი“ გამომწერიდან ფულის გამოსამუშავებლად.

“რაც უფრო გაზვიადებული და უცნაურია პოსტი, მით მეტ ნახვასა და მოწონებას აგროვებს, რაც თავის მხრივ შემოსავალს აგენერირებს... მოკლედ, ისინი უბრალოდ როლს თამაშობდნენ“, - წერენ ადვოკატები.

  • 8 პასპორტი და მძიმე ბრალდებები: საბავშვო პორნოგრაფიიდან გაუპატიურებამდე

პროკურორებმა, რომლებიც ძმების გაქცევის რისკზე საუბრობენ, წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ენდრიუ იკვეხნიდა, რომ აქვს 8 სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ნიგერიის, პოლონეთისა და წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ვანუატუსი. თუმცა, ადვოკატებმა ეს ვიდეოც უბრალო “ხუმრობად“ მონათლეს.

ბრალდებები კი, რომლებსაც ძმები აწყდებიან, უკიდურესად მძიმეა. 39 წლის ენდრიუ ტეიტს დიდ ბრიტანეთში ათობით ბრალდება აქვს წარდგენილი, მათ შორის გაუპატიურება, ადამიანით ვაჭრობა და ფიზიკური შეურაცხყოფა. გასულ თვეში ბრიტანეთის პროკურატურამ მას ახალი მძიმე ბრალდება წაუყენა: ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა, რაც ჯამში მოიცავს 19 მუხლს “ბავშვის უხამსი სურათებისა და ექსტრემალური პორნოგრაფიის“ ფლობის შესახებ.

მისი უმცროსი ძმა, 38 წლის ტრისტანი, ბრალდებულია სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და სექსუალური ტრეფიკინგის სამ მუხლში.

ძმები 2016 წლიდან რუმინეთში ცხოვრობდნენ, სადაც მათ წინააღმდეგ ცალკე გამოძიება მიმდინარეობს ადამიანით ვაჭრობის, გაუპატიურების, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის შექმნისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ისინი მიმდინარე წლის 18 ივლისს მაიამიში დააკავეს და ამჟამად ფედერალურ საპატიმროში იმყოფებიან, სადაც დიდი ბრიტანეთისთვის გადაცემას ელოდებიან.

წყარო

იხილეთ ასევე: