ბიბლიის ყოფილი მთარგმნელის განცხადებით, მისი კვლევა მოწმობს, რომ ებრაული ბიბლიის ორიგინალი ტექსტები არა ერთ ღმერთზე, არამედ უცხოპლანეტელ არსებათა ჯგუფებზე მიუთითებს.
მაურო ბილინო იტალიელი მკვლევარი, რომელიც ბიბლიურ ტექსტებს ვატიკანთან დაკავშირებული მსხვილი კათოლიკური გამომცემლობისთვის (Edizioni San Paolo) თარგმნიდა, თავის კვლევაში ყურადღებას იმ ებრაულ სიტყვებზე ამახვილებს, რომლებიც, მისი აზრით, ბიბლიურ ხანაში არსებულ მრავალრიცხოვან ზებუნებრივ არსებებსა და კოსმოსურ ხომალდებსაც კი აღწერს.

ბილინომ გამოცემა “Daily Mail“ -თან საუბრისას აღნიშნა, რომ სანდო წყაროების ცნობით, ვატიკანის წარმომადგენლები თვალს ადევნებენ მის ნაშრომებს და გარკვეულ თეოლოგიურ წრეებში მათ მნიშვნელობაზე მსჯელობენ.
მიუხედავად მკვლევრის განცხადებისა, რომ “პუბლიკაციების მასშტაბიდან გამომდინარე... მაღალი ალბათობით, ადრე თუ გვიან ვატიკანი გარკვეული ფორმით მაინც ჩაერევა მის საქმიანობაში,“ ბილინოს არ წარუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ ვატიკანი მას მართლაც აკვირდება ან მის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებას გეგმავს.

კერძოდ, იგი ამტკიცებს, რომ ებრაული სიტყვა “ელოჰიმი“ (Elohim) აღნიშნავს არა ერთ ღმერთს, არამედ მრავალ არსებას, ხოლო ეზეკიელის წიგნი მაღალ ტექნოლოგიებს, მათ შორის საფრენ აპარატებს აღწერს.
ბილინომ დაამატა, რომ ვატიკანის შიდა ფრაქციებმა მათ შორის ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა და მეცნიერებმა “სრულად იციან“, რომ ბიბლია შესაძლოა იმისგან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიას შეიცავდეს, რასაც რელიგიური ლიდერები ქადაგებენ.
მიუხედავად ამისა, აკადემიური ბიბლიისმცოდნეობა ბილინოს ინტერპრეტაციას უარყოფს. მეცნიერები განმარტავენ, რომ სიტყვა “ელოჰიმი“, თუმცა გრამატიკულად მრავლობითი რიცხვის ფორმისაა, კონტექსტიდან გამომდინარე, ერთადერთ ღმერთზე მიუთითებს.

გამოსვლისა და ეზეკიელის წიგნებში, ბილინოს მტკიცებით, “ქაბოდი“ სივრცეში გადაადგილდება, წარმოქმნის ხმაურს, ცეცხლსა და სინათლეს. მას ასევე შეუძლია საფრთხე შეუქმნას ახლოს მყოფ ადამიანებს. ამ კონტექსტში “ის იქცევა როგორც რაღაც რეალურად, ფიზიკურად არსებული.“
ბილინოს ვარაუდით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობები საბოლოოდ დაადასტურებენ ტექნოლოგიურად განვითარებული არამიწიერი არსებების არსებობას, ეკლესია ასევე ეტაპობრივად მოარგებს თავის სწავლებას ახალ რეალობას.
იხილეთ ასევე: