იერუსალიმში, ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა ადგილას, დასრულდა არქეოლოგიური გათხრები, რომლებმაც სრულიად ახალი სურათი გადაშალა იმ უძველესი ლანდშაფტის შესახებ, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს და დაკრძალეს.
აღმოჩენილი ახალი მტკიცებულებები პირდაპირ და მყარად უჭერს მხარს ბიბლიურ ტექსტებს, რაც ადრეული ქრისტიანობის მკვლევრებისთვის უაღრესად დამაჯერებელ არგუმენტად იქცა.

რომის საპიენცას უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორის, ფრანჩესკა სტასოლას ხელმძღვანელობით, იერუსალიმის აღდგომის (წმინდა საფლავის) ტაძარში მასშტაბური გათხრები ჩატარდა. კვლევის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა იერუსალიმის Studium Biblicum Franciscanum-ის არქეოლოგიურ ჟურნალში, Liber Annuus-ში, სადაც წარმოდგენილია 98-გვერდიანი წინასწარი ანგარიში.
მეცნიერებმა ტაძრის ქვეშ, იმ ფენებში, რომლებიც ქვის კარიერის გამოყენების პერიოდსა და შემდგომ რომაულ ეპოქას (როდესაც ტერიტორიას სამარხებად იყენებდნენ) შორის თარიღდება, უძველესი თესლი და მცენარეული მტვერი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენა სრულ თანხვედრაშია ახალი აღთქმის ტექსტთან, კერძოდ, იოანეს სახარების მე-19 თავის 41-ე მუხლთან: “იმ ადგილას, სადაც ის ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ხოლო ბაღში - ახალი საფლავი, რომელშიც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ“.
როგორც პროფესორმა სტასოლამ განაცხადა, ქვის მოპოვების კარიერი თანდათან მიატოვეს, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებითა და სამარხებად გამოიყენებოდა. “სწორედ ასე უნდა გამოყურებოდა ეს ადგილი ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში“.
აღნიშნული ადგილი იესოს დაკრძალვის ადგილად მეოთხე საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს იქნა მიჩნეული, როდესაც აქ პირველი ტაძარი აშენდა. თუმცა, ახლა, 1 700-წლიანი პილიგრიმობის ისტორიის მანძილზე პირველად, არქეოლოგებს შეუძლიათ ზუსტად აღადგინონ, თუ როგორი იყო ეს არეალი იესოს ეპოქაში.

ადრეული ქრისტიანობის სპეციალისტი, ფლორიდის ახალი კოლეჯის რელიგიის ასოცირებული პროფესორი დუგლას ესტესი აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენები კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მტკიცებულებაა, რომელიც იოანეს სახარების დეტალების უტყუარობას ადასტურებს. მისი თქმით, სკეპტიკოსები იოანეს სახარებას ხშირად გადაჭარბებულად ან ნაკლებად ზუსტად მიიჩნევენ.
“არქეოლოგიამ დროთა განმავლობაში არაერთხელ დაადასტურა იოანეს სახარების სიზუსტე“, - ამბობს ესტესი. მან მაგალითად მოიყვანა მეცხრამეტე საუკუნე, როდესაც მკვლევრები ეჭვქვეშ აყენებდნენ, ჰქონდა თუ არა ბეთეზდას აუზს ხუთი სვეტნარი (როგორც ეს იოანეს მე-5 თავშია აღწერილი), თუმცა მოგვიანებით არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა იქ ნამდვილად დაადასტურა ხუთი სვეტნარის არსებობა.
“ანალოგიურად, მკვლევრებს ძირითადად ეჭვი ეპარებოდათ იმაშიც, იქნებოდა თუ არა იესო ბაღში დაკრძალული. თუმცა ახლა დადასტურდა, რომ იქ ნამდვილად იყო ბაღი. შესაბამისად, იოანეს სახარება დეტალებში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მართალი“, - დასძინა მან.
იხილეთ ასევე: