იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს მსოფლიო სარეკლამო ბიუჯეტს 2,5 მლრდ დოლარით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "გარდიანი" სარეკლამო სააგენტო ZenithOptimedia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიაში 11 მარტის კატასტროფის შემდეგ სოციალურმა რეკლამამ, ფაქტობრივად, კომერციული რეკლამა ჩაანაცვლა. ქვეყნის სარეკლამო ბაზარი აღდგენის პროცესშია, თუმცა ახლა რეკლამის დამკვეთები უფრო გულდასმით აანალიზებენ სარეკლამო რგოლებისა და განცხადებების შინაარსს.
ZenithOptimedia-ში მიაჩნიათ, რომ იაპონიის სარეკლამო ბაზარი წელს 4,1%-ით შემცირდება, მომავალ წელს კი - 4,6%-ით.
ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში სარეკლამო ბაზარი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა. ეგვიპტეში სარეკლამო ხარჯები 20%-ით შემცირდა. თუმცა მომავალი წლისთვის ამ ხარჯების 12%-ით გაზრდას ვარაუდობენ.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენები სარეკლამო ხარჯებზე კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენს გავლენას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ZenithOptimedia-ს სპეციალისტები ხარჯების ზრდას პროგნიზორებენ. 2012 წელს სარეკლამო ბაზარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ლონდონის ოლიმპიადა და ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი გამოაცოცხლებს.
მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.