ავტორი:

“მფრინავი თეფშები“ ცაზე და იდუმალი ნათება - პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული ფაილების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა: რა წერია დოკუმენტებში

“მფრინავი თეფშები“ ცაზე და იდუმალი ნათება - პენტაგონმა UFO-სთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული ფაილების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა: რა წერია დოკუმენტებში

პენტაგონმა UFO-ებთან დაკავშირებული ფაილების მეექვსე პაკეტი გამოაქვეყნა, სადაც ათწლეულების განმავლობაში ცაში სავარაუდო კოსმოსური ხომალდების ჯგუფური ფრენები არის ასახული.

მასალების ბოლო ნაწილი პარასკევს, 18 სექტემბერს დილით გასაჯაროვდა. დოკუმენტებში მთავარი ყურადღება 1952 წელს იუტას შტატის ქალაქ ტრემონტონში, სამხედრო-ზღვაო ძალების ფოტოგრაფის მიერ დაფიქსირებულ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ცნობილი შემთხვევებს ეთმობა.

ახლად გამოქვეყნებულ კადრებში მოწმენდილ ლურჯ ცაზე 10-დან 14-მდე კაშკაშა ობიექტი ჩანს. ნიუჰაუსმა, სამხედრო-ზღვაო ძალების ოფიცერმა, რომელიც იმ დროს ოჯახთან ერთად ისვენებდა, ობიექტები აღწერა, როგორც “ერთმანეთზე დაწყობილი ორი დისკო, რაც “მფრინავი თეფშის“ კლასიკურ ფორმას ქმნიდა“.

ინციდენტის ოქმში მან ასევე აღნიშნა, რომ “ობიექტებს პრიალა მეტალის ან ფოლადისფერი შეფერილობა ჰქონდა. ისინი წრიულად მოძრაობდნენ და დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ“.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების UFO -ების კვლევის ყოფილმა ოფისმა “პროექტმა ლურჯმა წიგნმა“ ვიდეომასალა დეტალურად შეისწავლა, თუმცა ნიუჰაუსის მიერ გადაღებული კადრების სრულად ახსნა მაინც ვერ შეძლო.

ინციდენტიდან 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ცაში სამხედრო ავიაციამ ამოუცნობი ობიექტების კიდევ ერთი ჯგუფი დააფიქსირა, რომელიც მკაცრად ორგანიზებული ფორმირებით გადაადგილდებოდა.

მნათობი სფეროების ჯგუფი ნავთობის საბადოსთან მაღალი სიჩქარით მიფრინავდა. ობიექტები თითქმის იდეალურ ჰორიზონტალურ ხაზზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მოძრაობდნენ, რის შემდეგაც სამ-სამად დაიყვნენ.

ახალი ფაილები ასევე ათობით მოწმის ჩვენებას, UFO-ებისთვის გადაღებულ ვიდეოფაილებს და ახლად დეკლასიფიცირებულ დოკუმენტებს შეიცავს. ეს მასალები ასახავს, თუ როგორ გააფორმა პენტაგონმა კონტრაქტი მილიარდერ რობერტ ბიგელოუს კერძო კომპანიასთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ფუტურიტული ტექნოლოგიების შესასწავლად.

გამოქვეყნებულ ასობით გვერდში წარმოდგენილია თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (DIA) ხარჯების უწყისები. უწყება პენტაგონის სამხედრო დაზვერვის სამსახურია, რომელიც უცხოურ სამხედრო ტექნოლოგიებსა და სავარაუდო მომავალ საფრთხეებს სწავლობს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა პროგრამაზე სახელწოდებით AAWSAP (Advanced Aerospace Weapon System Applications Program -პერსპექტიული აეროკოსმოსური იარაღის სისტემების გამოყენების პროგრამა), რომელიც 2008 წლიდან 2012 წლამდე მოქმედებდა.

საიდუმლო პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა დაევალათ, როგორებიცაა: კოსმოსური ეპოქის მასალები (მათ შორის მეტალის მინა), სინათლეზე სწრაფი გადაადგილების მეთოდი (ვარპ-ძრავი) და ობიექტების უხილავად ქცევის ტექნოლოგია. კონტრქტი რობერტ ბიგელოუს მიერ დაარსებულ კომპანია Bigelow Aerospace Advanced Space Studies გაუფორმდა.

წყარო

იხილეთ ასევე: