უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ომი და ყველა მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ხელოვნურ ინტელექტს (AI) საბრძოლო ველზე სიცოცხლისა და სიკვდილის გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენებენ.
ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება, რომ “მალე დადგება დრო, როდესაც შეიარაღების სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ომის წესებს ხელოვნური ინტელექტი გვიკარნახებს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ტექნოლოგიების განვითარების ტემპის შენელება, სანამ კაცობრიობა შემდეგ ეტაპზე გადავა.

“ჩვენ უნდა შევანელოთ ეს პროცესი, სანამ მომდევნო ეტაპს მივაღწევთ, რადგან უკვე მომავალი წლიდან არსებობს რეალური შანსი, რომ საბრძოლო ველზე მიმდინარე მოვლენებს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ხელოვნური ინტელექტიც გადაწყვეტს. სანამ ამ წერტილამდე მივალთ, მშვიდობა გვჭირდება.
თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მთავარ მიმდევრებს მოვუსმენთ, ისინი ამბობენ, რომ დღეს AI ჯერ კიდევ ძირითადად ციფრულ სამყაროში რჩება, თუმცა დადგება დღე, როდესაც იგი ციფრული სამყაროდან ატომების ფორმირებაზე გადავა. და როდესაც ეს მოხდება, სჯობს უკვე მშვიდობიან სამყაროში ვიმყოფებოდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

საბრძოლო ველზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შიშები განსაკუთრებით გაიზარდა გასულ თვეში, როდესაც AI-ით მართულმა რუსულმა დრონმა სამი უკრაინელი, მათ შორის 19 წლის სტუდენტი მოკლა. უკრაინის ომმა თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ რა სისწრაფით ვითარდება და ინერგება ახალი ტექნოლოგიები, სადაც დრონები საბრძოლო მოქმედებების წამყვან საშუალებად იქცა.
ზელენსკი შეუერთდა იმ მსოფლიო ლიდერებსა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც AI-ს განვითარების შენელებას ითხოვენ. ამასთან, Anthropic-ის ყოფილმა მკვლევარმა ჯეიკობ კოქსონმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი “ათწლეულის ბოლომდე ყველა განგვადგუროს“.
ზელენსკისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მან უარყო მსგავსი მკაცრი გაფრთხილებები და ტექნოლოგიის კრიტიკას “ხელოვნური ინტელექტის გაკონტროლების გლობალისტური სქემა“ უწოდა.
ტრამპმა ასევე უარი თქვა ტერმინ “ხელოვნური ინტელექტის“ გამოყენებაზე და მას “სუპერინტელექტი“ უწოდა.
“ვინც გაიმარჯვებს “სუპერინტელექტში“, ის იმარჯვებს მთლიანად. ჩვენ ახლა საგრძნობლად ვუსწრებთ ჩინეთსა და ყველას და ამ პოზიციას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ტრამპმა. თუმცა მან აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და სამართალდამცავი ორგანოები შესაძლოა ჩაერთონ ტექნოლოგიის რეგულირებაში, თუ იგი გადამეტებულ საფრთხეს შექმნის.
იხილეთ ასევე: