საზღვარგარეთ სწავლა

საზღვარგარეთ სწავლა

რა საბუთებია საჭირო უცხოეთში განათლების მისაღებად, რა ფასიანი და უფასო გაცვლითი პროგრამები არსებობს, როგორ შეიძლება დაფინანსების მოპოვება? თქვენს კითხვებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი მარი: რა ფასიანი და უფასო პროგრამები არსებობს თსუ-ში ?

თსუ სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან, გერმანულენოვან, თურქულენოვან, ბერძნულენოვან, არაბულენოვან პროგრამებს. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს, როგორც ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდია, ასევე საზაფხულო სკოლის სტიპენდია.  გაცვლითი პროგრამები ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტში უფასო სწავლას, საცხოვრებელ ბინას და ყოველთვიურ სტიპენდიას (კვების თანხა).

 

მკითხველი შორენა: რას გულისხმობს გაცვლითი პროგრამა?

თსუ-ს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის  ხელშეკრულება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან.  გაცვლითი პროგრამა გულისხმობს სტუდენტების გაცვლას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის დადებული ხელშკრულების პირობების შესაბამისად. თანამშრომლობის ხელშეკრულება განსაზღვრავს გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობას და ფინანსურ ვალდებულებებს.

მკითხველი თათია: მინდა ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ინგლისური ენის კურსებზე ვისწავლო. მაინტერესებს თუ არის უფასო პროგრამა, რომელიც საშუალებას მომცემს უფასოდ ვისწავლო და ვიცხოვრო ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში. ინგლისურს ვფლობ საშუალო დონეზე.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების შესახებ კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს, რომელიც მდებარეობს ჭოველიძის ქ.#10. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.ThinkEducationUSA.com.  ამერიკაში სწავლის მსურველთათვის საინტერესო უნდა იყოს ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე დასწრება. გამოფენის ორგანიზატორი არის ამერიკის საელჩო, ასევე საერთაშორისო განათლების ცენტრი.

ამერიკის გარდა,  სხვა ქვეყნებში  არსებული ინგლისური ენის შემსწავლელი  კურსების შესახებ  ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ  ბრიტანეთის საბჭოს ვებ-გვერდს.

მკითხველი დარეჯანი: რა საბუთებია საჭირო უცხოეთში განათლების მისაღებად?

ყველა უნივერსიტეტს  თავისი პროცედურა  და მისაღები დოკუმენტების ნუსხა აქვს. როგორც წესი, ეს ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე. საბუთების ჩამონათვალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტატუსით აპირებთ  სწავლას: - როგორც გაცვლითი სტუდენტი, ხარისხისმაძიებელი სტუდენტი თუ ვიზიტორი სტუდენტი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რომელ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გსურთ რომ ისწავლოთ.

მკითხველი ნინო: საქართველოში, რომელი პროგრამები აფინანსებს საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლას? თუ საქართველოს მასშტაბით ინფორმაცია არ გაქვთ, მაშინ თსუ-ს რომელი პროგრამა აფინანსებს საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლებას?

თსუ-ს სამაგისტრო გაცლითი პროგრამა აქვს ვარშავის უნივერსიტეტთან, ასევე ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში რუსეს უნივერსიტეტთან (ბულგარეთი), თესალონიკის ტექნოლოგიური ინსტიტუტთან (საბერძნეთი), რომის საპიენსას უნივერსიტეტთან (იტალია), სვონსის უნივერსიტეტთან (ინგლისი), ვიანა დო კასტელოს უნივერსიტეტთან (პორტუგალია), ვრიჟეს უნივერსიტეტთან (ბელგია).

საზღვარგარეთ მაგისტრატურის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით  ეწვიეთ საქართველოს განათლების და მეცნიერების  სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც შეგიძლით გაეცნოთ დეტალურ ინფორმაცის სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

თქვენ შეგიძლით მიმართოთ საერთაშორისო ფონდებს: DAAD, კონრად-ადენაუერის ფონდს, ვიზეგრადის ფონდს, ღია საზოგადიება საქართველოს, საერთაშორისო განათლების ცენტრს, IREX, ამერიკული საბჭოებს, ფრიდრიხ-ნაუმანის ფონდს, ფრიდრიხ-ებერტის ფონდს, ჰაინრიხ-ბიოლის ფონდს.

მკითხველი თეონა: ძირითადად, რა სპეციალობებს ითვალისწინებს საზღვარგარეთის მაგისტრატურაში სწავლა? შეზღუდულია თუ არა ფაკულტეტები?

საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლა შესაძლებელია ყველა ფაკულტეტის სტუდენტისთვის. გააჩნია სად და რომელ ენაზე გსურთ სწავლა. თავდაპირველად, უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი და  შემდეგ  ვებ-გვერდზე გაეცნოთ ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების შესახებ. ყველა უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ან ოფისი. დაინტერესებულ პირს, ელექტრონული ფოსტის დახმარებით, შეუძლია შეკითხვით მიმართოს უცხოელ კოორდინატორს.

მკითხველი ლაშა: ხომ არ არის რაიმე სპეციფიური გაცვლითი პროგრამა, რომელშიც სტუდენტს დაფინანსების მოპოვების უფრო მეტი შანსი აქვს?

ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში თსუ გაცვლითი პროგრამები სტუდენტს სთავაზობს უცხოურ უნივერსიტეტში უფასო სწავლას, საცხოვრებელ ოთახს, ყოველთვიურ სტიპენდიას. მგზავრობის ხარჯს ფარავს თავად სტუდენტი.

რაც შეეხება, ერაზმუს მუნდუსის პროექტს ის ფარავს სტუდენტის მგზავრობის ხარჯსაც.  არსებობს ასევე,  საერთაშორისო ფონდები (DAAD, კონრად-ადენაუერის ფონდი, ვიზეგრადის ფონდი, ღია საზოგადიება საქართველო, საერთაშორისო განათლების ცენტრი, IREX, ამერიკული საბჭოები, საელჩოების მიერ გამოყოფილი, ასევე სამთავრობო  სტიპენდიები,) რომლის ფარგლებშიც სტუდენტს შუძლია მიოპოვოს სრული დაფინანსება.

მკითხველი ირმა: შეზღუდულია თუ არა საზღვარგარეთ სწავლის მსურველის ასაკი?

ამ შემთხვევაში,  აუცილებელია კონკრეტული უნივერსიტეტის დასახელება  და სწავლის საფეხურის განსაზღვრა.  ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები მითითებულია  უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე. ბევრ  უნივერსიტეტს განსაზღვრული აქვს , რომ მაგისტრატურაში   ჩაბარების მსურველი პირის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.

მკითხველი მიშა: თსუ-ს ბაკალავრიატი 3 წლის წინ დავამთავრე. შემიძლია თსუ-ს რაიმე პროგრამით ახლა ვისარგებლო და ამ პროგრამით მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ვისწავლო?

თქვენ  შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში. საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა ა/წ  31 მაისი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენა (IELTS -6.0;  TOEFEL -550.). კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპატრამენტს (ტელ: 25 02 12)

მკითხველი ანა: როგორ უნდა მივიღო დაფინანსება?

დაფინანსების მიღება შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვებით. თსუ  სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. სტუდენტს შეუძლია ინტერნეტის დახმარებით მოიძიოს ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ და საზღვარგარეთ  გააგზავნოს თავისი საბუთები. ასევე, მიმართოს  საერთაშორისო ფონდებს.

მკითხველი სოფო: რა გამოცდების ჩაბარებაა საჭირო და რამდენი ქულა უნდა მოვიპოვო სრული დაფინანსების მისაღებად?

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად მონაწილეობა უნდა მიიღოთ შესარჩევ კონკურსში. ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ განთავსებულია  თსუ ვებზე.  კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

1. ტესტი უცხო ენაში (გამსვლელი ქულა - 75)

2. გასაუბრება

მკითხველი დათო: თქვენი პროგრამების მეშვეობით რომელ ქვეყნებში შემიძლია ვისწავლო?

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ინგლისში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, სლოვაკეთში, ლიტვაში, პოლონეთში, თურქეთში, ეგვიპტეში.

ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ განთავსებულია თსუ ვებზე: www.tsu.edu.ge საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გვერდზე.

მკითხველი თამუნა:

ვის უნდა მივმართო იმის დასადგენად,თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო საზღვარგარეთ სწავლისთვის?

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს, საერთაშორისო განათლების ცენტრს, IREX-ს, ამერიკული საბჭოებს, ბრიტანეთის საბჭოს. შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს და დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ