ავტორი:

ვრცელდება აქამდე უცნობი კადრები flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ - როგორ გადაჰყავთ ხელებშეკრული პილოტი, რომელსაც მეწყვილეს მოკვლა სურდა

ვრცელდება აქამდე უცნობი კადრები flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ - როგორ გადაჰყავთ ხელებშეკრული პილოტი, რომელსაც მეწყვილეს მოკვლა სურდა

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაღებულ, აქამდე უცნობ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს ხელებშეკრული თავდამსხმელი პილოტი და მისი დაჭრილი მეწყვილე, რომლის მოკვლაც ჰქონდა განზრახული.

“პირველი კადრები ტაბუკის აეროპორტიდან თავდამსხმელის დაკავების შემდეგ - ვიდეოში ჩანს დაჭრილი კაპიტანი და ხელებშეკრული თავდამსხმელი მეორე პილოტი.

ვიდეო, გადაღებულია საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკის აეროპორტში, სადაც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი FlyDubai-ს რეისი FZ1073 საგანგებოდ დაეშვა. კადრებში ჩანს დაშავებული კაპიტანი და ასევე მამაკაცი, რომელიც მეორე პილოტად არის იდენტიფიცირებული და რომელსაც ხელები შეკრული აქვს.

ისრაელის ხელისუფლების ვერსიით, მეორე პილოტი კაპიტანს თავს დაესხა და თვითმფრინავის კატასტროფისკენ წაყვანას ცდილობდა. მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩარევის შემდეგ თავდამსხმელი შეაკავეს, თვითმფრინავზე კონტროლი კი აღდგა.

“მარტოხელა ტერორისტი“ - ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურების პირველადი შეფასებით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოქმედებდა. ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია მისი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ირანთან კავშირის შესახებ

გამოძიება გრძელდება...

ვიდეო: ტაბუკის აეროპორტი, საუდის არაბეთი“- წერს მიხეილ ხეცოიძე.

  • 2026 წლის 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრინავ FlyDubai-ს FZ1073 რეისზე მასშტაბური ტრაგედია აიცილეს თავიდან. Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე, სადაც 174 მგზავრი (მათ შორის 27 ბავშვი) იმყოფებოდა, ფრენისას მძიმე ტერორისტული ინციდენტი მოხდა - კაბინაში მეორე პილოტი კაპიტანს დანით დაესხა თავს.

რეისი დუბაიდან თელ-ავივისკენ, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე გაფრინდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორსაათ-ნახევარში, როდესაც ლაინერი 34 000 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდა, პილოტების კაბინაში ძალადობა დაიწყო. თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება დაიწყო და FlightAware-ის მონაცემებით, 12 წუთში სიმაღლე 33 000 ფუტიდან 15 400 ფუტამდე შემცირდა.

ეკიპაჟმა ჯერ ზოგადი საგანგებო მდგომარეობის კოდი 7700 გადასცა, ხოლო მალევე ჩართო 7500 - საერთაშორისო სიგნალი, რომელიც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო თავდასხმას ნიშნავს. უსაფრთხოების ზომების მისაღებად ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ჰაერში აწია.

მოწმეების ცნობით, კაბინის კარის გაღების შემდეგ მგზავრები და ბორტზე მყოფი სხვა პირები ვითარებაში ჩაერივნენ და თავდამსხმელი პილოტი განაიარაღეს.

იხილეთ ასევე: