ავტორი:

“მოჩვენება ნაწილაკები“ და ანტარქტიდის ყინულებში აღმოჩენილი საიდუმლო - ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ფრენსის ჰალზენს გადაეცა: რა იპოვა მეცნიერმა კოსმოსში?

“მოჩვენება ნაწილაკები“ და ანტარქტიდის ყინულებში აღმოჩენილი საიდუმლო - ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ფრენსის ჰალზენს გადაეცა: რა იპოვა მეცნიერმა კოსმოსში?

ბელგიური წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა, პროფესორმა ფრენსის ჰალზენმა ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მოიპოვა. მეცნიერს პრესტიჟული ჯილდო ანტარქტიდაზე, სამხრეთ პოლუსზე IceCube Neutrino Observatory-ის შექმნაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისთვის გადაეცა, რამაც კოსმოსის შორეული და ენერგიული მოვლენების შესწავლის სრულიად ახალი შესაძლებლობა გაახსნა.

პროფესორმა ფრენსის ჰალზენმა სამხრეთ პოლუსზე ნეიტრინოების დეტექტორის შექმნის იდეა პირველად 1988 წელს წარადგინა. ჰალზენი, რომელიც ამჟამად აშშ-ის მოქალაქეა და მედისონში, უისკონსინის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, პრესკონფერენციაზე გამოტყდა, რომ თავადაც გაოცებული იყო თავისი იდეის ასეთი წარმატებით.

“უნდა აღვნიშნო, თუ რამდენად იღბლიანი ვიყავი. როდესაც ეს პროექტი ავამოქმედეთ, ყველას ესმოდა, რომ ეს შესაძლოა კარგი იდეა ყოფილიყო, თუმცა ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ის მართლაც იმუშავებდა, მათ შორის არც მე მჯეროდა“, - განაცხადა ნობელიანტმა მეცნიერმა.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, ჰალზენის ხედვა და სამეცნიერო ლიდერობა ფუნდამენტური აღმოჩნდა IceCube-ის ობსერვატორიის შექმნისთვის. ობსერვატორია ანტარქტიდაზე, 1 კუბურ კილომეტრ ყინულის ბლოკშია დამონტაჟებული, სადაც სპეციალურ გრძელ კაბელებზე ათასობით სინათლის სენსორია განთავსებული.

  • რა არის “მოჩვენება ნაწილაკები“?

ნეიტრინოები უმცირესი სუბატომური ნაწილაკებია, რომლებსაც ხშირად “მოჩვენება ნაწილაკებს“ უწოდებენ. მზე უზარმაზარი რაოდენობით ნეიტრინოებს წარმოქმნის - ყოველ წამში თქვენი ფრჩხილის ზომის ფართობში მილიარდობით ასეთი ნაწილაკი სრულიად უვნებლად გადის.

თუმცა, IceCube-ის მიზანი გაცილებით მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოების დაფიქსირებაა, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის მიღმა, შორეულ გალაქტიკებში მიმდინარე კატასტროფული და ძალისმიერი პროცესების (როგორც არის ვარსკვლავების აფეთქებები და გიგანტური შავი ხვრელების გარემო) შედეგად წარმოიქმნება.

როდესაც ნეიტრინო ატომის ბირთვს ეჯახება, წარმოიქმნება სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკები. ყინულში მოძრაობისას ისინი ცისფერ ნათებას გამოსცემენ, რასაც ყინულის სიღრმეში დამონტაჟებული მგრძნობიარე დეტექტორები აფიქსირებენ. სინათლის სიგნალის ფორმისა და დროის მიხედვით, მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ კოსმოსის რომელი წერტილიდან მოვიდა ნაწილაკი.

ვინაიდან ნეიტრინოებს ელექტრული მუხტი არ გააჩნიათ, მათ ტრაექტორიას კოსმოსური მაგნიტური ველები ვერ ცვლის. გარდა ამისა, ისინი თითქმის არ ურთიერთქმედებენ მატერიასთან, რის გამოც თავისუფლად გადიან მკვრივ კოსმოსურ რეგიონებში, სადაც ჩვეულებრივი სინათლე ვერ აღწევს.

ფიზიკაში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა მარკ პირსმა აღნიშნა, რომ ფრენსის ჰალზენმა მკვლევართა და ინჟინერთა საერთაშორისო გუნდს უხელმძღვანელა, რომელმაც კაცობრიობას ფანტასტიკური ინსტრუმენტი აჩუქა.

“მისმა სიმტკიცემ და სამეცნიერო ხედვამ გზა გაუკაფა ასტრონომიის სრულიად ახალ სახეობას“, - დასძინა მან.

ლონდონის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა ლუის ბარსონმა განაცხადა, რომ IceCube-მა ასტრონომებს საშუალება მისცა შეესწავლათ ისეთი მოვლენები, რომელთა დანახვაც ტრადიციული ტელესკოპებით შეუძლებელია.

წყარო

იხილეთ ასევე: