ავტორი:

"ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“ - რას წერს ნანა ყეინიშვილი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს

"ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“ - რას წერს ნანა ყეინიშვილი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მან საკუთარ "ფეისბუქზე“ გაავრცელა.

  • როგორც ყეინიშვილი წერს, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს ყეინიშვილი.

  • შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

"შპს "ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას”,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: