ავტორი:

საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეული: გადამწვარი ისტორიული შენობები, 1 200-ზე მეტი დაკავებული და აფეთქებული ხელყუმბარა - საპროტესტო აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა (ფოტო/ვიდეო)

საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეული: გადამწვარი ისტორიული შენობები, 1 200-ზე მეტი დაკავებული და აფეთქებული ხელყუმბარა - საპროტესტო აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა (ფოტო/ვიდეო)

საფრანგეთში სკოლებში არსებული მძიმე პირობებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მასშტაბურ ძალადობაში, დარბევებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, დაკავებულია 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი, ხოლო დაშავებულთა შორის 150-ზე მეტი სამართალდამცველია.

დედაქალაქ პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და გადაწვეს რესტორანი. ლილში გაძარცვეს Apple-ის მაღაზია, ხოლო პარიზში - ტანსაცმლისა და სურსათის ობიექტები.

არეულობის დროს მძიმედ დაზიანდა ისტორიული შენობებიც: ქალაქ ლიმოჟში მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა, ხოლო ლიონში დემონსტრანტებმა ტურისტული ოფისის ისტორიულ შენობას წაუკიდეს ცეცხლი.

  • აფეთქებული ხელყუმბარა, მოკვეთილი მტევანი და გატაცებული მატარებელი

ქალაქ სენტ-ეტიენში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მტევანი მოჰყვა, რასაც ქალაქის მერმა რეჟის ჟუანიკომ “საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიღბიანი პირების ჯგუფები მიზანმიმართულ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდნენ პარიზში, მარსელში, რენში, ტულუზაში, ანიესში, გრენობლში, ავინიონში, პოსა და მონპელიეში. გრენობლში ნიღბიანმა პირებმა ტურისტული მატარებელიც კი გაიტაცეს და იგი პოლიციელების მიმართულებით წაიყვანეს.

საპროტესტო აქციებს, რომლებსაც კვირების განმავლობაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მართავდნენ, შაბათს პროფკავშირები და “ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობაც შეუერთდა.

  • პოლიტიკური კრიზისი, საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების რეაქცია

მოვლენები ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ვითარდება, რადგან მომავალ წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უფლებამოსილების ვადა იწურება. გამოკითხვების თანახმად, აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ბრძოლა “ეროვნული გაერთიანების“ ლიდერ მარინ ლე პენსა და მემარცხენე “დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერ ჟან-ლიუკ მელანშონს შორის მოსალოდნელია.

ჟან-ლიუკ მელანშონმა, რომელიც აქციებში მონაწილეობდა, პოლიცია ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა, თუმცა პარალელურად დაგმო ძარცვა და ხანძრის გაჩენა. პრემიერ-მინისტრმა ლეკორნუმ მელანშონის განცხადებებს “საშიში და ცინიკური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ჯგუფი პროტესტს არჩევნების წინ “გახურებისთვის“ იყენებს. თავის მხრივ, მარინ ლე პენმა მელანშონი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაცრი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ყველა პირი, ვინც თავს დაესხა პრეფექტურებს, ბიზნესებსა და მერიებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრმა ედუარდ ჟეფრემ 8 ოქტომბერს 3 000 დამატებითი მასწავლებლის გამოყოფის პირობა დადო, საპროტესტო ტალღა მაინც გაძლიერდა.

წყარო

იხილეთ ასევე: