იტალიის უდიდეს ქალაქებში სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ნიღბიანი ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ხოლო ათასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა.

იტალიის მასშტაბით გამართული საპროტესტო ტალღა, რომელიც “No Meloni Day“-ის სახელით გახდა ცნობილი, ქვეყნის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. დემონსტრაციები გაიმართა ტურინში, გენუაში, ვენეციაში, პადუასა და ტრევიზოში.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “ფული სკოლებს და არა ომს!“ და “ნაკლები იარაღი, მეტი უფლება!“. სტუდენტები და პედაგოგები განათლების სისტემის ქრონიკულ უგულებელყოფას, დაფინანსების ნაკლებობასა და ავარიულ სკოლებს აპროტესტებენ და სასწრაფო ინვესტიციებს ითხოვენ.


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია მაღალი წნევის წყლის ჭავლს ტურინის ცენტრალურ, კასტელოს მოედანზე მყოფი ახალგაზრდების დასაშლელად. სხვა კადრებში ასახულია, თუ როგორ ცდილობენ გაბრაზებული სტუდენტები პოლიციის მიკროავტობუსის გადაყირავებას.
პროტესტის სამიზნე ასევე გახდნენ განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა და პოლიტიკოსი რობერტო ვანჩი, რომელთა წინააღმდეგაც აქციებზე ბანერები და ლოზუნგები გამოფინეს.

ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა დედაქალაქ რომშიც, სადაც აქციის მონაწილეთა ჯგუფმა განათლების სამინისტროს შენობას პეტარდები და ფეიერვერკები დაუშვა. შექმნილ ვითარებას Instagram-ის საშუალებით გამოეხმაურა ტურინის მერი სტეფანო ლო რუსო, რომელმაც სტუდენტებს მოუწოდა, დაიცვან საკუთარი იდეები, თუმცა დისტანცირება მოახდინონ ვანდალებისგან.
“ბევრი თქვენგანი აპროტესტებს და ყურადღებას ითხოვს. ეს თქვენი უფლებაა და თქვენი საწუხარი მოსასმენია. თუმცა არსებობენ პირები, რომლებიც სახედაფარულნი შედიან სკოლებში, ამტვრევენ კომპიუტერებს, ანგრევენ საკლასო ოთახებს და ანადგურებენ ყველაფერს. ესენი ხულიგნები არიან და ისინი პირველ რიგში თქვენ გაყენებენ ზიანს. გთხოვთ მოახდინეთ მათი იზოლირება, რადგან ეს სკოლა, ეს პროტესტი და ეს იდეები თქვენია“, - განაცხადა ტურინის მერმა.


იტალიაში აგორებული სტუდენტური ამბოხი პირდაპირ უკავშირდება მეზობელ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც უკვე მეოთხე კვირაა მასშტაბური ახალგაზრდული პროტესტი არ ცხრება. საფრანგეთში ასობით სკოლა ბლოკირებულია, ხოლო პოლიციასთან შეტაკებებისას 15 წლის მოზარდმა პოლიციის ხმის ყუმბარის აფეთქების შედეგად მტევანი დაკარგა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საფრანგეთში 6 000-ზე მეტი არასრულწლოვანია დაკავებული.
იტალიელმა სტუდენტმა ალბერტომ გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ იტალიელი ახალგაზრდები ფრანგი თანატოლების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.
იხილეთ ასევე: