საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და სკოლებში არსებული მძიმე პირობების წინააღმდეგ გამართული მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მასობრივ დაკავებებში გადაიზარდა. ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 1 000-მდე ადამიანია დაკავებული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პროფკავშირების ცნობით, დემონსტრანტების რაოდენობა 800 000-ს აღწევდა. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების დასაცავად 70 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

მარსელში აქციის მონაწილეებმა ქუჩებში ბარიკადები აღმართეს და სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. ბორდოში ნიღბიანმა პირებმა შენობებიდან ხის დაფები ააძრეს ბარიკადების ასაგებად, ხოლო ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის ყუმბარები გამოიყენა 150-მდე სკოლის მოსწავლისა და სტუდენტის დასაშლელად.

შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის განცხადებით, პარიზში მსვლელობის ბოლოში რამდენიმე ათასი რადიკალი აქტივისტი შეიკრიბა, მათ შორის 500-მდე იდენტიფიცირებული არეულობის ორგანიზატორი. შეტაკებებისას ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა - ერთი ტულუზაში, ხოლო მეორე კლერმონ-ფერანში.
26 წლის დემონსტრანტმა ზელიმ BBC-ის განუცხადა, რომ ხალხი ქუჩაში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში დაგროვილი უკმაყოფილებისა და მძიმე სოციალური პირობების გამო გამოვიდა.
“ისინი ჩუმად გვამყოფებენ, ჩვენს ფულს იღებენ, მაღალ გადასახადებს გვახდევინებენ და ჩვენ არაფრის თქმის უფლება არ გვაქვს. დღეს ქუჩაში ვართ, რადგან მოთმინების ფიალა აივსო“, - აღნიშნა მან.

ახალგაზრდა დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ მათი თაობა უიმედობადაა და მთავრობისგან მიტოვებულად გრძნობს თავს. ერთ-ერთმა მათგანმა დაგმო მაღაზიების ძარცვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სიღარიბითა და პოლიციის ძალადობით არის გამოწვეული.

საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამჯერად მოახერხა გასული კვირის მასშტაბური არეულობებისა და ძარცვის თავიდან აცილება. ცნობისთვის, გასულ კვირას გამართულ 550 000-იან აქციებს 2 500-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა, ხოლო 3 000-ზე მეტი მაღაზია და ბიზნესი დააზარალეს, რამაც ასობით მილიონი ევროს ზარალი გამოიწვია. შეტაკებებისას 1 000-მდე პოლიციელი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის ყუმბარისგან ხელის მტევანი მოჰკვეთა.
საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ბარსელონაში სტუდენტური პროტესტის ძალადობაში გადაზრდის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დაკავდა. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციამ ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შეტაკებები დაფიქსირდა ბრიუსელშიც, ხოლო მილანში უსაფრთხოების მასშტაბურმა ოპერაციამ არეულობის განმეორება აღკვეთა.
მოვლენები საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ვითარდება, სადაც პოლიტიკური ოპონენტები პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მაკრონსა და მის მთავრობას აკისრებენ.
იხილეთ ასევე: