იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ - ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებრივი სივრციდან საქართველოს ეკლესია გაწიოს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება.
ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახურო უცხო ქვეყნის ინტერესებს, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს ანაცვალებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ეს იყო "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აქცია. ნურავინ მოიტყუებს თავს, თითქოს, შიგნით დაპირისპირება აქვთ, ალიანსში არიან სხვადასხვანაირად. სააკაშვილს ვითომ თავს ესხმიან, ადამიანები რომლებიც მისი ხელისუფლების და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი იდეოლოგები და განმახორციელებლები იყვნენ - ბოკერია, გვარამია და სხვები. ეს უბრალოდ, თამაშია, რასაც ვუყურებთ. ამ თამაშს 14 წელია ვაკვირდებით - ვითომ იშლებიან, შემდეგ ისევ იკრიბებიან. ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ თავის პარტიაში ეპატიჟებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მერამდენედ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, როდესაც ცდილობენ წარმოაჩინონ ვითომ, არსებობს რაღაც უთანხმოება. ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და სწორედ "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ჩვენ ეს დღეები,“ - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გუშინ, “ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით - "საქართველო ივანიშვილის გარეშე” გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა. პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია იქნება სხვა პერმანენტული აქციების დასაწყისი, 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.
ასევე იხილეთ: