ბოლო პერიოდში საქართველოში პიტბულის ჯიშის ძაღლების თავდასხმის რამდენიმე მძიმე შემთხვევა მოხდა. ივნისში ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ქალი დაგლიჯა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა.
მოგვიანებით, თელავში პიტბული პატრონს დაესხა თავს. ქალმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მათ შორის თვალის არეში, ხოლო მისი გადარჩენისთვის ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ - გავრცელებული ინფორმაციით, ქალს საკუთარი პიტბული დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. ექიმებმა მისი მარცხენა ხელის შენარჩუნება რთული ოპერაციის შედეგად შეძლეს.

ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს:
რამდენად სამართლიანია მოსაზრება, რომ პიტბული გენეტიკურად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები? რა როლი აქვს აღზრდას, გარემოსა და პატრონის დამოკიდებულებას? რატომ შეიძლება წლების განმავლობაში პატრონთან მცხოვრები ძაღლი მოულოდნელად მას დაესხას თავს? არსებობს თუ არა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თავდასხმის დროს?
- ბატონო თორნიკე, რამდენად სწორია მოსაზრება, რომ პიტბული გენეტიკურად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები?
- ლაპარაკს ჩემი, პირადი ისტორიით დავიწყებ. ბავშვობიდან სულ მყავდა ცხოველები, მათ შორის ძალიან ბევრი ჯიშის ძაღლი. ვერ ვიტყვი ხელაღებით რომელიმე ჯიშზე, რომ ისეთი რთული ხასიათის ყოფილიყოს, ერთხელაც კი დაეშავებინოს ადამიანისთვის რამე.
დიახ, მთავარი გაზრდაა. ძაღლი არ უნდა აჩხუბო, აგრესიას არ უნდა მიაჩვიო. თუ ცხოველი მზრუნველ გარემოში იზრდება, სიყვარულს გრძნობს და ბავშვებთანაც აქვს ურთიერთობა, ის არ გაიზრდება აგრესიულად. ძაღლი ასაკში როდესაც შედის, ამ შემთხვევაში უკვე აზროვნება ეცვლება და უფრო აგრესიული ხდება. მაგრამ თუ ლეკვობიდან ზრუნვაში, სითბოში იზრდება და აგრესიას არ აჩვევენ, მაშინ არც ასაკშია საშიში.

- თუმცა თქვენი საუბრიდან მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ პიტბული სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავდება.
- ასე ყველა ძაღლი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ შეიძლება, სულაც არ იყოს პიტბული აგრესიული და, მაგალითად, გერმანული ნაგაზი ან ლაბრადორი აღმოჩნდეს მასზე მეტად აგრესიული. მქონია შემთხვევები, როცა აგრესიულ ძაღლებთან მქონია შეხება. ლაბრადორი ყოფილა, გერმანული ნაგაზი და, კიდევ, სხვა ძაღლები. პიტბულები კი ძალიან მშვიდები და წყნარები ყოფილან. მე ვფიქრობ და ვამბობ, რომ ყველაზე მეტად გაზრდაზეა დამოკიდებული და არა ძაღლის ჯიშზე.
თორემ ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ პიტბულს უფრო ძლიერი ყბა აქვს და შეუძლია ადამიანს მძიმე დაზიანება მიაყენოს, ვიდრე ლაბრადორმა. თუმცა მაინც იქამდე მივდივარ, რომ ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული.
- თქვენ ახსენეთ, რომ ძაღლებს აჩხუბებენ. ბოლო ორი შემთხვევა თელავში თუ გახსოვთ: ერთი თვის წინ საკუთარ პიტბულს ახალგაზრდა ქალი დაგლიჯა, ახლა კი მეორე შემთხვევა, რომლის შესახებაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ქალი პატრონი აღმოჩნდა. ქალი პატრონებისგან ცოტა წარმოუდგენელია, რომ ძაღლს აგრესიულად ზრდიდნენ ან აჩხუბებდნენ.
- მაინც გააჩნია, ვისი გაზრდილია. ერთ ისტორიას მოგიყვებით. პიტბული მყავდა, მაშინ დაახლოებით 20 წლის ვიქნებოდი და ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი.
არც ისეთი დიდი გამოცდილება მქონდა ვეტერინარიაში. კურდღელი გამიხდა ცუდად სამი დღე იწვალა და დაიღუპა. ავადმყოფობისას აივანზე მყავდა გაყვანილი. ჩემი პიტბული იმ კურდღელთან ჩახუტებული ჰქონდა თათი, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ვიდრე არ მოკვდა, იქამდე ძაღლს საჭმელი არ უჭამია. აი, ეს არ დამავიწყდება.

- მაშინ რატომ შეიძლება დაესხას პიტბული საკუთარ პატრონს? გუშინდელ შემთხვევაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლმა პატრონი ვერ იცნო. როგორ შეიძლება ძაღლმა პატრონი ვერ იცნოს?
- ძაღლს ადამიანთან შედარებით ყნოსვა იმდენად აქვს განვითარებული, რომ გამორიცხულია, ადამიანი ვერ იცნოს. თუ პატრონი ვერ იცნო, შეიძლება რაღაც ნევროლოგიური პრობლემები ან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს. ან შეიძლება დამთხვევაც იყოს. ნებისმიერმა ძაღლმა, რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს, თუნდაც ნევროლოგიური, შეიძლება აგრესია გამოავლინოს. მოდი, ნუ დავაბრალებთ მაინცდამაინც ჯიშს.
- თუმცა მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, არსებობს გარკვეული სტატისტიკა და შემთხვევები, რომლებიც ხშირად პიტბულის ნაკბენის ფატალურად დასრულებულა.
- არ მინდა, რომ ადამიანს დავაბრალო მაინცდამაინც, მაგრამ ალბათ მაინც უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ადამიანის მიდგომაში და აღზრდაში შეიძლება იყოს რაღაც პრობლემა, რაღაც შეცდომა.
- თქვენ ახსენეთ, რომ პიტბულის ნაკბენი მძიმეა და ხშირად შეიძლება ფატალური შედეგიც მოჰყვეს. ამ კუთხითაც განსხვავდება სხვა ჯიშებისგან?
- დიახ, შეიძლება ლაბრადორმა უკბინოს ადამიანს, მაგრამ ეს ფატალური შედეგით არ დასრულდეს. პიტბულის ნაკბენი კი ბევრად განსხვავებულია. მისი ყბის ჩაკეტვის ძალა ძალიან დიდია. შეუძლია, ადამიანს ძვალი გადაუტეხოს, ხელის ქსოვილები დაუზიანოს.
დანარჩენად, თუ ძაღლს არ აჩხუბებენ, აგრესიას არ აჩვევენ და სითბოსა და სიყვარულში იზრდება, მილიონში შეიძლება ერთი შემთხვევა მოხდეს ასეთი აგრესიის. ეს ნებისმიერ ჯიშს შეიძლება დაემართოს.
- როდის უნდა მიაქციოს პატრონმა ყურადღება, რომ ძაღლს აგრესიული ქცევები უყალიბდება, განსაკუთრებით პიტბულის შემთხვევაში?
- იცი, რა არის ყველაზე ცუდი? როდესაც ადამიანს პიტბული ჰყავს, ყველა მაინც რაღაცნაირად ავარჯიშებს. ზოგი საბურავს ჩამოკიდებს, არბენინებს. ეს ყველაფერი აისახება ძაღლის ფსიქიკაზე. ზედმეტი ვარჯიში, აგრესია ჯოხებზე, რაღაცის დაფლითვა... ეს ყველაფერი შეიძლება სიამოვნებას ანიჭებდეს და მერე სწორედ ეს სიამოვნება შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, აგრესია უყალიბდება.
მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს განზრახული აქვს, შინ ძაღლი ჰყავდეს, ცხოველი ჰყავდეს, ის არ უნდა აჩხუბოს.
- რეალურად, ეს კანონითაც აკრძალულია.
- კი, ბატონო, კანონით აკრძალული და დასჯადია.
- თუ ადამიანი პიტბულის თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა, როგორ უნდა მოიქცეს? რა შეცდომები შეიძლება იყოს ამ დროს სიცოცხლისთვის საშიში?
- ძალიან რთული კითხვაა. მთავარია, ცხოველის პატრონმა ყურადღება მიაქციოს, რომ ძაღლი ალიკაპის გარეშე არ იყოს. წესით და რიგით, ჩვენი კანონმდებლობაც ამას კრძალავს, რომ ძაღლი ალიკაპის გარეშე ჰყავდეს. მაგრამ თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ სახის არე დავიცვათ, კისრის არე რადგან იქ მნიშვნელოვანი არტერიები გადის. თუმცა იმ მომენტში ალბათ ძალიან რთულია სწორი მოქმედება...
- აქვს თუ არა ძაღლს თავდასხმამდე რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი? მაგალითად, ღრენა, სხეულის დაჭიმვა ან სხვა ქცევა?
- კი, ბატონო. სხეულის დაჭიმვით შეიძლება გამოიხატოს აგრესია, შეიძლება იღრინოს. აგრესია რომ აქვს, გამოხედვაზეც კი ეტყობა.
- და მაინც, კიდევ გკითხავთ: რატომ შეიძლება დაესხას ძაღლი საკუთარ პატრონს, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობს და ემორჩილება? ესეც ხომ პიტბულის შემთხვევებია? სხვა ძაღლების შემთხვევაში ასეთი რამ არ გაგვიგია.
- არ გაგვიგია იმიტომ, რომ იმდენად დიდი ზიანი არ არის, თორემ ყოფილა შემთხვევა, რამდენჯერმე ლაბრადორმა პირადად ლამის შემჭამა. მაინც ვფიქრობ, რომ სადღაც მის აგრესიაზე და აღზრდაზე, გაზრდასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც შეცდომა იყოს დაშვებული.
- შეიძლება, რამე აწუხებდეს კიდეც ან სტკიოდეს.
- კი, ბატონო. გაუსაძლისმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს, რომ პატრონის კი არა, ნებისმიერი ადამიანის მიმართ აგრესია გამოავლინოს. ტკივილიდან გამომდინარე შეიძლება ვეღარ აღიქვას სიტუაცია.
- დაბოლოს, ყველაზე მშვიდობიანი ძაღლი რომელია?
- ყველაზე მშვიდობიანი ძაღლი ის არის, რომელსაც მშვიდობიანად ზრდიან.
იხილეთ ასევე: