ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს გლოვობენ. უმძიმესია ის ტკივილი, რასაც ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები განიცდიან.
ტრაგედია გუშინ, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. ავტომობილში ორი ახალგაზრდა იჯდა. მათ ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. ახლობლები. ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ, მაგრამ საუბედუროდ ორივე გარდაცვლილი აღმოჩნდა.
მაშველებმა ამოიყვანეს ის მანქანა, რომელშიც სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები ისხდნენ.
გარდაცვლილი ბიჭები ქუთაისში მცხოვრებლები არიან. ორივე ერთ უბანში, ნიკეაზე ცხოვრობდა. 20 წლის მათე ობოლაძე და 18 წლის ბერდია ხაბულიანი. მათი ცხედრები ტრაგედიის ადგილიდან პროზექტურაში გადაასვენეს და სახლებში გვიან მიასვენეს.
სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი პოსტებით და ყველა ემშვიდობება მათ.
“რამდენი მოგონება გვაქვს ერთად, რამდენი სიცილი, რამდენი ლაპარაკი, რამდენი დაუვიწყარი დღე, ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ მოგონებებს ცრემლებით გავიხსენებდი. რამდენი რამ დაგვრჩა კიდევ გასაკეთებელი, რამდენი ამბავი მოსაყოლი… ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ გავიცინებთ ერთად. ყველა მოგონება ახლა გულში მტკივნეულად ცოცხლობს. ნეტავ, კიდევ ერთხელ შემეძლოს შენთან საუბარი. ძალიან მომენატრები. მადლობა ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ერთად გვქონდა. არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საუკეთესო მეგობარო. მიყვარხარ ბერდო, მუდამ ჩემს გულში იქნები ჩემო ცხოვრება”, - წერს სოციალურ ქსელში ბერდიას მეგობარი.
როგორც გვითხრეს, ბერდია იჯდა საჭესთან ამ დიდი ტრაგედიის დროს. მას ძალზედ დადებითად ახასიათებენ.
“ბიჭი, რომელიც დააკლა ქალაქს. საოცარი ბიჭი იყო ბერდია, ახლა იწყებდა ცხოვრებას. ხალისიანი მეგობრებისთვის თავდადებული, ძალიან ნიჭიერი. მოღიმარი. ნუ გეშინია, თიკო, მე არაფერი დამემართებაო, ამ სიტყვებს ეუბნებოდა სახლიდან გასვლის წინ ბერდია დედას. ძალიან მზრუნველი დედა ჰყავს, ყველაფრის ეშინოდა ზოგადად და სულ ფრთხილობდა. მოხდა ამხელა უბედურება. დავიხოცეთ ჩვენც, ყველანი ისე განვიცდით ამ ამბავს... მანქანა რომ ამოიყვანეს მაშველებმა გუშინ, ორივე ერთად უპოვიათ მანქანაში, ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო.
მათეს გული გასკდომია და ბერდია უკნიდან მიხუტებული ყოფილა, ეტყობა, ცდილობდა მანქანიდან მის გადმოყვანას. ისეთი იყოო ბიჭებმა, არ მიატოვებდა არავისო. უღალატო ბავშვი აღარ გვყავს. ძალიან დააკლდება ყველას. მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. აფხაზეთიდან დევნილია მათი ოჯახი, ისე ხაბულიანების ძირი ლენტეხიდან არის, ლენტეხში ცხოვრობს მისი ბებია და ბაბუა. ძალიან კარგ გარემოში აღზრდილი ბიჭი იყო ბერდია. ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ახალი გადასულები იყვნენ ნიკეაზე. უნიჭიერესი იყო. ჰყავს პატარა დაიკო.
სიტყვები უძლურია ამ ანგელოზი ბიჭების ოჯახების სანუგეშებლად. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. გაძლებას ვუსურვებ მშობლებს”, - ამბობს ბერდია ხაბულიანის დედის მეგობარი და ძალიან განიცდის მომხდარს:
“ამდენი ახალგაზრდა იღუპება .....ამდენი უბედურება ხდება. ეს არ არის მარტო ამ ოჯახების ტკივილი, ყველას გვტკივა. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, სულ ერთმანეთის გვერდში ვართ ხოლმე ჭირსა და ლხინში. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. ვუსამძიმრებ ორივე ოჯახს.”
“შოკში ვარ, ჩვენი ბერდო აღარ გვყავს. როგორი გაზრდილი შვილი. ეს არ უნდა მომხდარიყო”, - ამბობს კიდევ ერთი მისი ახლობელი.
სტკივათ მომხდარი მათე ობოლაძეს მეგობრებს.
“სიტყვები უძლურია იმის გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობთ. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ამდენი წელი გვაკავშირებდა, ამდენი საერთო მოგონება გვქონდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასე მოულოდნელად დაგვტოვებდი. როგორი ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ იქნები, რომ ვეღარ შეგხვდებით, ვეღარ გაგესაუბრებით. რით ვანუგეშოთ შენი ოჯახი, რა სიტყვებით შევუმსუბუქოთ ეს აუტანელი ტკივილი? ძალიან ადრე წახვედი, მათე, ძალიან ადრე… უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული”, - წერს სოციალურ ქსელში მათე ობოლაძის მეგობარი.
“ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი რა ვთქვა, შოკირებული ვარ. ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს. გული გამეყინა. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მართლა ყველასგან რომ გამოირჩეოდა ბავშვობიდან ისეთი ბავშვი იყო. ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. ჩემი შვილის თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ჩვენი უსაყვარლესი მათუნა არ გვყავს. ახლა ექსპერტიზაზე ჰყავთ და ყველა იქ ელოდება როდის გაატანენ სახლში მათუნას.
მათე სტუდენტი იყო, წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობდა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა იყო, 20 წლის ბიჭი აღარ გვყავს, ეს მწარე რეალობაა, მატეს მასზე პატარა და ჰყავს. ”- გვითხრა მათეს მეგობრის დედამ და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა სახიფათო ადგილია.
“ცოდვა მადლის გაკითხვაა იქ, ისეთი მდგომარეობაა. არც მოაჯირები არის, არც გზა ვარგა, ქვები ცვივა და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვწვალობთ სანიაღვრე სისტემის გაწმენდას, გზის გასუფთავებას ხედვა რომ იყოს, მოსახლეობამ რომ არ გაწმინდოს მძღოლი შემხვედრს ვერ შეხედავს და გარდაუვალია საფრთხის აცილება... უპატრონო ქვეყანა ვართ, არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ მერიას ჯებირებზე. საკუთარი ძალებით ვწვალობთ რამე გაკეთდეს, ასე როგორ შეიძლება... მოსახლეობა ვითხოვთ წლებია მოაჯირებს და არ აკეთებენ, არის სახიფათო გზა”, - წერს სოციალურ ქსელში იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერთ-ერთი ქალბატონი და ითხოვს ხელისუფლებამ სასწრაფოდ საჭირო ზომები მიიღოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ.
სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებს.
იხილეთ ასევე: