ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა საბა ლაზიშვილი, რომელიც დვალიშვილთან ერთად აბუდ-დაბიში იმყოფებოდა. როგორც კადრებში ჩანს, მხოლოდ მან სამზე მეტი ადამიანის მოგერიება შეძლო და ერთი დარტყმით აგდებდა ძირს თავდამსხმელებს.
ამ ინციდენტს მსოფლიოს ცნობილი ადამიანებიც ეხმაურებიან. ambebi.ge საბა ლაზიშვილის მამას ანზორ ლაზიშვილს ესაუბრა, რომელიც აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

- ბატონო ანზორ, როცა ნახეთ ეს ყველაფერი, როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- მე და მეუღლე ბათუმიდან მოვდიოდით და უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ დაგვირეკა, რომ მერაბს და საბას თავს დაესხნენ. მართალიაო? - მკითხა. ვუთხარი, არაა მართალი-მეთქი, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მერე, ერთი-ორი წუთი არ იყო გასული, მეუღლეს გამოუგზავნა მესიჯი საბამ: “დედა, ვიდეოს ნახავ და არ ინერვიულო, ცოტა ვიჩხუბეთ, პატარა ნაკაწრები გვაქვს, მაგრამ ღირსეულად ვიჩხუბეთო“, - მეტი არაფერი. ფოტო ვნახეთ, რომ დასისხლიანებული იყო და ამასობაში.

ჩხუბიც დაიდო. ჩხუბს რომ დავხედე, უკვე გავხალისდი. გალახვა დიდი არაფერია, მაგრამ აქ პირიქით მოხდა - გაილახნენ ისინი! თანაც, UFC-ის ვარსკვლავები იყვნენ ყველანი. იქ იყო ისეთი მძიმეწონიანი მოჩხუბარი ერთი წაგება საერთოდ არა აქვს, მეორეც არანაკლები... ისენი ამ ორმა ფაქტობრივად გალახა... ამის შემდეგ სიამაყის შეგრძნება მაქვს.
- საბასთან კავშირი არ გაქვთ ახლა, ხომ?
- არა, დაკავებულები არიან ახლა, რაც პრესიდან ვიცით, მაგრამ სახელმწიფო ჩართულია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ფედერაციაც, სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის დონეზეა ყველაფერი. დაგვიკავშირდნენ, არ ინერვიულოთო... გარკვეული პროცედურაა ჩასატარებელი.
- მაგარი ბიჭია საბა! მის სპორტულ მიღწევებზეც გვითხარით...
- 18 წლამდე რაც შეჯიბრებები იყო, საქართველოს ტურნირები, იქ ყველას იგებდა. მერე იოგები დაუზიანდა ფეხებზე, ოპერაცია გაიკეთა, ორი წელი გაუცდა. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია იყო, იქაც რაღაც პრობლემები შეექმნა - მუხლზე და ახლა რამდენიმე თვეა, რაც ჩადგა ფორმაში და ვარჯიშობს.

თავიდანვე მოძრავი იყო. ვარჯიშობდა, ჭიდაობდა... პატარაობიდანვე კარგი შედეგები ჰქონდა - ყველაფერს იგებდა. შაკო ბედიანიძე “ურაგანიაო“, - ამბობდა. მთავარი მწვრთნელები ყოველთვის იწვევდნენ ნაკრებში (დიდებში). პატარა იყო, მაგრამ დიდებში ათამასებდნენ, ხედავდნენ პერსპექტივას და იმას, რომ გამოცდილ იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ჩხუბისკენაა მიდრეკილი UFC-ის ხაზით.
ახლა მსოფლიო ლაპარაკობს გუშინდელი დღის მერე მასზე... UFC-ის დამფუძნებელს მოეწონაო...
უხერხულია მამისგან ამის ლაპარაკი, მაგრამ ჩახედული ვარ ღრმად ამ სპორტში, თვითონ მსოფლიო ჩემპიონი ვარ ვეტერანებში... ვიცი სპორტის ასავალ-დასავალი... ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ შვიდივე, ვინც ჩხუბობდა და ამათ ასეთი წინააღმდეგობა გაუწიეს. მიხარია და ვამაყობ.
ამ ფაქტს გამოეხმაურა მაიკლ ტაისონი, ანტონიო ბანდერასი, მაქ გრეგორი, UFC-ის ყველა ყოფილი და მოქმედი ჩემპიონი... ქობულეთელები კიდევ ამ ამბით გახარებულები ვართ. აგერ არის მთელი მისი საძმაკაცო მოსული. იმედია, ამ მწვერვალიდან ზემოთ წავა და არა - ქვემოთ. ვფიქრობ, გააცნობიერებს, რამხელა პასუხისმგებლობაა.
- უფროსი შვილიც სპორტსმენი გყავთ...
- კი, ზვიადი LFA-ს ჩემპიონია, ამერიკაში ცხოვრობს. ჭიდაობა უნდოდა და მე არ დავანებე: “არ გინდა ჭიდაობა-მეთქი“. თვითონ ვარჯიშობდა ტანვარჯიშში, კრივში და მერე ქუჩიდან მივიდა და მოხდა UFC-ში. ბევრი ბრძოლა მოიგო ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან, მერე ტრავმა მიიღო - სამი წელი გამოეთიშა. ახლა კარგად არის და ელოდება ჩხუბს.
იხილეთ ასევე: