ავტორი:

შესაძლოა, სიმელოტეს წერტილი დაესვას - მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური სავარცხელი, რომელიც თმის ამოსვლას უწყობს ხელს

შესაძლოა, სიმელოტეს წერტილი დაესვას - მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური სავარცხელი, რომელიც თმის ამოსვლას უწყობს ხელს

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ელექტრო სავარცხელი, რომელიც თმის ხელახალ ზრდას ასტიმულირებს და გამელოტების პროცესის შეჩერებასა და შემობრუნებას უწყობს ხელს. მკვლევართა თქმით, ექსპერიმენტული მოწყობილობა შესაძლოა, თმის ცვენის ტრადიციულ საშუალებებზე გაცილებით ეფექტურიც კი აღმოჩნდეს.

პეკინის ბეიჰანგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ელექტრო სავარცხელი, სახელწოდებით “Detangle“, თმის ფოლიკულების სტიმულირებისთვის კბილებიდან ელექტრულ იმპულსებს გამოსცემს.

ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე გამოიცადა, თუმცა მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მიღებული შედეგები ადამიანებში ანდროგენული ალოპეციის (მამაკაცური ტიპის გამელოტების) მკურნალობის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს. ინოვაციური მოწყობილობის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში, სათაურით: “Combing-triggered electrostimulation synchronizing deep delivery for rapid hair regrowth in androgenetic alopecia“.

ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სისტემამ “Detangle“ ეფექტურობით გადააჭარბა მინოქსიდილს - პოპულარული პრეპარატ Rogaine-ის აქტიურ ნივთიერებას.

ელექტრო სავარცხლის კბილებში ჩაშენებულია განსხვავებული სიმაღლის ელექტროდები და სპეციალური მოლეკულები, რომლებიც თმის ფოლიკულების მიდამოში ელექტრულ ველს ქმნიან. ანდროგენული ალოპეციის მქონე თაგვების მოდელში, ერთ თვეში თმის აღდგენის ეფექტურობა ტრადიციული მინოქსიდილის 70%-იდან თითქმის 100%-მდე გაიზარდა.

სიმელოტე მამაკაცებში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და იგი მამაკაცების 80%-მდე აღენიშნება. ამ მდგომარეობას ხშირად თან სდევს ფსიქოლოგიური პრობლემები და ცხოვრების ხარისხის გაუარესება, თუმცა მკურნალობის ეფექტური საშუალებები დღემდე შეზღუდულია. მინოქსიდილი ეფექტურია თმის ცვენის შეჩერებასა და ზრდის სტიმულირებაში, თუმცა შედეგები ინდივიდუალურია. ეფექტის გამოჩენას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს, ხოლო მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატის მუდმივი გამოყენებაა საჭირო. გარდა ამისა, მან შესაძლოა გამოიწვიოს თავის კანის გაღიზიანება და თავის ტკივილი.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული გახდა თმის გადანერგვა, რა დროსაც ფოლიკულები გადააქვთ თავის იმ ნაწილებიდან, რომლებიც ცვენისადმი მდგრადია. მიუხედავად ეფექტურობისა, ეს პროცედურა ინვაზიური, მტკივნეული და ძვირადღირებულია.

ჯერჯერობით არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ “Detangle“ სავარცხელი ადამიანებზეც ზუსტად ასე იმუშავებს, თუმცა თაგვებზე ჩატარებული ტესტები მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. ადამიანებზე კლინიკური გამოცდების დაწყებამდე საჭიროა დამატებითი ტესტირებების ჩატარება, რათა საბოლოოდ დადგინდეს მოწყობილობის უსაფრთხოება და ეფექტურობა.

წყარო

იხილეთ ასევე: