დღეს, გამთენიისას, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
მოსახლეობამ ადგილიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც დაზიანების მასშტაბები ჩანს.
ადგილობრივები “ტვ პირველთან“ მომხდარის შესახებ საუბრობენ და წყალსადენის დაზიანების შედეგად, მათთვის მიყენებული ზარალის დეტალებს ჰყვებიან.

“წყლის დარტყმის ძალის შედეგად კორპუსზე, რკინაბეტონის ელემენტს ბეტონის ფრაგმენტი მოსცილდა და მოჩანს არმატურის ღეროები. ანუ ფაქტობრივად იმის აღდგენა დასჭირდება,“ - აცხადებს ადგილზე მყოფი. მისი თქმით, შესაძლოა საძირკვლის შესწავლაც გახდეს საჭირო.

“ისეთი ხმა იყო ისეთი, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ. დაზიანებულია ყველაფერი - პირველი სართული, მეორე სართული, მესამე სართული. წყალდიდობაზე უარესი იყო, წყალდიდობა არ ხეთქავს ასეთი სისწრაფით.
სულ ცოტა ერთი საათი მოდიოდა წყალი. სარდაფები, საძირკველი დასველებულია... ზოგი პირველი სართულიდან მესამეზე ავიდა, რომ გადარჩენილიყო...“ - აცხადებს ადგილობრივი.
“ყველაფერი დასველებულია. აბსოლუტურად ყველაფერი, თავისი პროდუქციით, ინვენტარით და ყველაფრით. მადლობა ღმერთს დღისით არ მოხდა და შიგნით არ ვიყავი, თორემ იქიდან ვერ გამოვიდოდი.
კორპუსი დაზიანებულია, მეორე სართულზე აღარ იცხოვრება. წყალი მეორე კორპუსშიც გავიდა. იქაც სარდაფებშია ჩასული. ასეთი საშინელი, ამხელა ძალით დარტყმა არ მინახავს, რა მილი იყო ასეთი არ ვიცი.
ძალიან მძიმე სანახავია, კორპუსის პირველი და მეორე სართული თითქმის ჩამოიშალა. ფანჯრები ჩამტვრეულია, ბავშვებიც იყვნენ შიგნით. სულ ცოტა ერთი საათი მოდიოდა წყალი. სარდაფები, საძირკველი დასველებულია. წყალდიდობაზე უარესი იყო,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
ყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.
აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის მერიც. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
იხილეთ ასევე: