გაზსადენი "ნაბუკოს" მშენებლობა ორჯერ გაძვირდა. ამის შესახებ "როიტერი" თურქ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გაზსადენმა თურქეთის ტერიტორიაზეც უნდა გაიაროს.
ინვესტიციის მოცულობა, რომელიც პროექტის დასასრულებლადაა აუცილებელი, 12-15 მლრდ ევროა და არა 7.9 მლრდ, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. როგორც სააგენტო ირწმუნება, "ნაბუკოს" ზოგი ინვესტორი, უარს ამბობს ხარჯების გადახედვაზე.
მასალების ფასის ზრდის გათვალისწინებით, პროექტის საინვესტიციო გადაწყვეტილება, შეიძლება 2012 წლამდე გადაიდოს.
კონსორციუმის წარმომადგენელმა, რომელიც პროექტის რეალიზებას ახდენს, ”როიტერს" განუცხადა, რომ პროექტის ხარჯთაღრიცხვა 2005 წელს დაიანგარიშეს და მას შემდეგ გაზსადენის საინვესტიციო გეგმა არ გადაუხედიათ.
"ნაბუკოს" პროექტის მმართველი კონსორციუმი, ევროპელი კლიენტებისთვის გაზის მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან გეგმავს. გაზსადენი თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებზე გაივლის.
ევროკავშირი "ნაბუკოს" გაზსადენით ცდილობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. 2010 წლის აგვისტოში "ნაბუკოს" ხელმძღვანელობამ გაზსადენისთვის საწვავის მიწოდების ორი ხაზი დაამტკიცა - თურქეთისა და საქართველოს და თურქეთისა და ირანის გავლით. გაზსადენს 31 მლრდ კუბამეტრი გაზის გატარება შეეძლება.
"ნაბუკო" რუსული "სამხრეთის ნაკადის" ძირითად კონკურენტად მიიჩნევა. "სამხრეთის ნაკადმა" "გაზპრომს", ბალკანეთისა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საშუალება, შუამავლის გარეშე უნდა მისცეს. შედარებისთვის, "სამხრეთის ნაკადი" 15.5 მლრდ ევროდ ფასდება. ის 2015 წლისთვის ამოქმედდება.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.