ნიკა მახვილაძე უკვე წლებია ქართველი მხიარულებისა და საზრიანების შეჯიბრებებს ხელმძღვანელობს. ორიოდე თვეა, "იმედი" ახალგაზრდებით დაკომპლექტებული "კავეენშჩიკების" გუნდების ჩემპიონატს აჩვენებს. შესარჩევი ტურების მონაწილე გუნდები მაყურებელთა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან. ნიკა მახვილაძე გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებს იზიარებს, თუმცა ზოგს არ ეთანხმება. მასთან "კავეენის" ყველა საჭირბოროტო თემაზე და ქართულ იუმორზეც ვისაუბრეთ, რომელსაც, ცხადია, დახმარება სჭირდება...
- ნიკა, თავი გაგვაცანით...
- სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ექიმად დიდი ხანია აღარ ვმუშაობ. 1994 წლიდან ვთამაშობ "კავეენს". სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდ "კოზანოსტრაში" ვთამაშობდი, შემდეგ ერთ-ერთი გუნდი ჩამაბარეს, თანდათან ამ სფეროში მოვიკიდე ფეხი და შევრჩი ამ საქმეს. დღევანდელ დღემდე ასე მოვედი.
- სამედიცინო სფეროსთან არანაირი კავშირი აღარ გაქვთ?
- ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ.
- ჩინოვნიკებს სახუმაროდ გცალიათ?
- (იღიმება) მე მცალია, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოში პიარის განყოფილებაში ვმუშაობ და მრჩება გარკვეული დრო "კავეენისთვის".
- "კოზანოსტრა" ძალიან პოპულარული გუნდი იყო და იმ პერიოდის მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებებს თუ გავიხსენებთ, მართლაც კარგად ხუმრობდნენ.
- რა თქმა უნდა, მეც დაგეთანხმებით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს სხვა გასართობი არაფერი იყო. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მაშინ კარგად ხუმრობდნენ და ახალი თაობა ვეღარ ხუმრობს. ჩემი აზრით, შემდგომი თაობა წინას ყოველთვის ჯობია. ვიცი, რომ ბევრს მოსწონს ჩვენი გადაცემა, ბევრს - არა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ტელევიზიის ეთერში პერმანენტულად გადის ჩვენი თამაშები. მასში მონაწილე გუნდებისთვის ეს სტიმულია. თუ დააკვირდებით, მერვედფინალთან შედარებით გუნდების დონემ ოდნავ მოიმატა. მომავალ წელს ის გუნდები, რომლებიც დღეს ჩვენ არ მოგვწონს და მაყურებელი ამბობს, ესენი რას ხუმრობენ, უბანში უკეთესად ვხუმრობთო, გაიზრდებიან. უნდა ითამაშო, რომ გაიზარდო. მაშინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საერთოდ არ უნდა გავუშვათ მოედანზე. რაც შეეხება ძველ "კავეენს", მაშინ სხვა იუმორისტული შოუები არ არსებობდა.
- არა, უბრალოდ, მაშინ ხუმრობებში ოდნავი ინტელექტი მაინც იგრძნობოდა...
- მაშინდელი იუმორის 90% პოლიტიკური იყო. მაგალითად, ჩვენ გვქონდა შევარდნაძის ბიოგრაფია, კეთდებოდა ჯაბა იოსელიანისა და შევარდნაძის პაროდიები. ვერ გეტყვით, რომ დიდად ინტელექტით იყო დახუნძლული. ისე, პოლიტიკაზე ხუმრობას ლიტერატურაზე ხუმრობა მირჩევნია, თუმცა პოლიტიკური ხუმრობები დაშვებულია. გუდუნა, რა ქენი ეს? ამას ხშირად ამბობენ ჩვენს თამაშებზე, მაგრამ ამის წინ და უკან რა მოხდა, არ იციან. "ტიტანიკი" რომ არ გადაეღოთ, რა ეშველებოდა ქართულ იუმორს? "კუკარაჩადან" მხოლოდ ის იციან, რომ მურტალოს ინგამ შვიდი ტყვია დაახალა და მანამდე რა ხდებოდა და მერე - არ იციან, თორემ ამაზეც შეიძლება ხუმრობა.
- მაშინდელ თქვენს გუნდში ვინ იყო?
- ოთარ ტატიშვილი, ლევან ძაგაშვილი, ახლა რომ ექსპერტია ტატიშვილის გადაცემაში, ზოგი ჩვენგანი ექიმის პროფესიას წარმატებით მიჰყვება და ორი გერმანიაში მოღვაწეობს. სხვა უმაღლესი სასწავლებლების გუნდებშიც ახლანდელი ცნობილი სახეები თამაშობდნენ, გოგიჩა, დათო ილურიძე და სხვანი.
- ნიკა, "იმედი" როგორ დაითანხმეთ თქვენი გადაცემების გაშვებაზე?
- სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. 7-8 წელია ამ შეჯიბრებას მე ვხელმძღვანელობ და ვამზადებ. ამას წლებია ზურგით მივათრევ. წარმოიდგინეთ, შეჯიბრების გამართვა ყოველთვის პრობლემა იყო, ფინანსური თვალსაზრისით. ერთ მშვენიერ საღამოს დამირეკეს, ლადო ვარძელაშვილთან ორშაბათს პრესკონფერენციაზე გელოდებითო. პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ თანხა გამოიყოფოდა და იწყებოდა ჩემპიონატი. "იმედმა" კი თავად გამოთქვა თამაშების გადაღების სურვილი.
- შიდა სამზარეულოში ჩაგვახედეთ, ვინ არჩევს გუნდებს, ვინ უწერს მათ სცენარებს და ა.შ.
- საერთოდ, გუნდების შერჩევის სისტემა ჩვენთან ჯერ არ არის, თუმცა რამდენიმე გუნდის გაცხრილვა მაინც მოვახერხე. "კავეენი" რუსული თამაშია, მასლიაკოვი სოჭში ატარებს ხოლმე შესარჩევ კონკურსს, სადაც 600-მდე გუნდი იკრიბება. ერთადერთია ჩვენი ჩემპიონატი, რომელსაც მასლიაკოვის კომპანიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება და ნებართვა გვაქვს, თამაშები ქართულ ენაზე გავმართოთ. მასლიაკოვისთვის მთავარია, რომ ეს თამაში არსებობდეს. ჩვენთან წელს 18 გუნდია. მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მათ თამაში ავუკრძალო. ვინც სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღო, რამდენიმეს გამოკლებით.
- არ ფიქრობთ, რომ შერჩევა აუცილებელია? დიდია კრიტიკა და გადაცემას აშკარად ეტყობა, რომ გუნდები ჯეროვნად არ არის გაცხრილული.
- გეთანხმებით და ვიღებ ამ შენიშვნას. მოდით, ასე შევხედოთ - მასლიაკოვს ასეულობით გუნდი ჰყავს, მაგრამ თვეში აქვს მხოლოდ ერთი ეთერი, მე კი ტელევიზია ყოველ კვირა ახალ გადაცემას მთხოვს. თითო გუნდს თვე-თვე-ნახევარი მაინც სჭირდება გადაცემის მოსამზადებლად.
- ანუ, გადაცემის ხარისხი ნაჩქარევად მომზადებას ეწირება?
- ასეა. როდესაც დრო მექნება და 12 გუნდს დავტოვებ, დამერწმუნეთ, მაშინ ხარისხზე არავინ დამიწყებს ლაპარაკს. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენს შეჯიბრებაში 6-7 კარგი გუნდია, მაგრამ იჩაგრებიან. ამ 7 კარგ გუნდს, რამდენიმე შედარებით ნაკლები დონისას მივამატებდი და კარგი გუნდები გადაფარავდა ცუდს. მაყურებელიც და ჟიურიც თამაშებით კმაყოფილი დარჩებოდა და იტყოდნენ, რა კარგი იყოო. ადრე ასეთი პრინციპი გვქონდა, რადგან ის რამდენიმე ძლიერი გუნდი ფარავდა ნაკლებად ძლიერებს.
- მოკლედ, აღიარებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ამ გადაცემას, შესაძლოა, ბევრი შენიშვნა გაუჩნდეთ.
- კი ბატონო, მაგრამ ზოგიერთ შენიშვნას ვერ მივიღებ. ამას წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა, არ შეიძლება, გუნდებთან ვინმემ რომ იმუშაოსო. მან რომ იცოდეს, ოთხი დღით ადრე ვიბარებთ გუნდის წევრებს და მათთან რეპეტიციებს გავდივართ, რომ მერე ეს შედეგი მაინც აჩვენონ, ასე აღარ იტყოდა. ის ოთხი დღეც რომ არ ვამეცადინოთ და პირდაპირ სცენაზე გავუშვათ, ალბათ დამიჭერდნენ... მაგრამ ეს შეჯიბრება როდისმე ხომ უნდა გასულიყო ეთერში? მეორე ისაა, როდესაც ჩვენს გადაცემას აკრიტიკებენ, სხვა ნებისმიერ იუმორისტულ შოუს შეხედონ.
- ამას წინათ თქვენი ჟიურის წევრმა, ლადო ტატიშვილმა უთხრა მონაწილეებს, არაფრით არ ჩამოუვარდებით იმ იუმორისტებს, რომლებსაც დღეს ტელეეკრანზე ვუყურებთო. ბევრი არ დაეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან აშკარაა, რომ იუმორისტულ შოუებს გარკვეული დონე მაინც აქვთ.
- ჟიურის ბევრ რაღაცაში ვეთანხმები და ბევრ რაღაცაში - არა, მაგრამ ეს ჟიურია და ხელშეუხებელია ჩემთვის. ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ რაღაც-რაღაც გადაცემებს ჩვენი "კავეენის" შეჯიბრება სჯობს. მე ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენს გადაცემაში სხვა იუმორისტულ შოუებზე არ იხუმრონ. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ არსებულ იუმორისტულ შოუებში 3-4 ათას დოლარს იღებენ ხელფასს, ჩვენს მონაწილეებს აქვთ ამგვარი ხელფასები? არ აქვთ. რაიონებიდან რომ ჩამოდიან გუნდები, იმისი თანხაც კი არ აქვთ, რომ სადმე გაჩერდნენ. ხან სად სძინავთ და ხან სად. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს. ერთი-ორმა გუნდმა სპონსორი იშოვა და პერანგები მაინც შეიძინეს გამოსასვლელად. სამი ათასი დოლარი რომ თითოს მივცე, ვაიმე!..
- თანხა, თქვენი მოსაზრებით, ნიჭს შემატებს მონაწილეებს?
- თანხა ბევრ პრობლემას მოხსნის, გუნდის წევრებს კი ექნებათ იმის საშუალება, რომ დასხდნენ და უბრალოდ, ხუმრობებზე იფიქრონ.
- ზოგიერთი ხუმრობა ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ამაზე რას იტყვით? და ბევრი მონაწილე სამსახიობო მონაცემებითაც ვერ დაიკვეხნის.
- მათ, როგორც მსახიობებს, არ უნდა შევხედოთ. სტუდენტები არიან, სცენაზე ადიან და თამაშობენ. იუმორისტულ შოუებში ვისაც ნახულობთ, მათაც აქვთ გავლილი ეს სკოლა. არ მინდა, ჩამოვთვალო, 90% ჩემს ხელში გაიზარდა. მაშინ უნდა გენახათ ან მათი ინტელექტი ან სხვა რამ. რუსეთშიც ასეა, მასლიაკოვის ხელში გაიარა "კომედი კლაბის" ყველა იუმორისტმა.
- კი, მაგრამ დაბალი დონის ხუმრობების გაცხრილვა არ არის შესაძლებელი? აი, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანსა და მაია ასათიანზე საკმაოდ არასასაცილოდ ხუმრობდნენ. ასევე რბილი "ლ"-ს პრობლემა დგას ძალიან მწვავედ.
- არ ვიცი, მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანზე რატომ არ მოგეწონათ ხუმრობა, ჩვენი მონაწილეები ცდილობენ, აქტუალურ თემებზე იხუმრონ. ეს ხომ თამაშია, არის ძლიერი და სუსტი გუნდები, ვიღაცამ უნდა წააგოს, ვიღაცამ მოიგოს. თამაშისთვის რაღაც ხუმრობებს ვცხრილავთ, მაგრამ ხუთწუთიანი მისალმებიდან წუთნახევარს ხომ ვერ დავუტოვებ? მაყურებელს ხომ უნდა ვაჩვენო რაღაც. თვალსაჩინოება ხომ უნდა იყოს, რატომ გაიმარჯვა ერთმა გუნდმა და რატომ დამარცხდა მეორე.
- რომ დაიხვეწოს და მერე გავიდეს ეთერში? რა დააშავა მაყურებელმა და რატომ უნდა უყუროს ამას?
- მაყურებელმა, რომელიც უკმაყოფილოა, უნდა გადართოს (იღიმება). ჩვენთან "კავეენის" ყურებისა და შეფასების კულტურა არ არსებობს. ბოლოს რუსულ "კავეენს" როდის უყურა ქართველმა მაყურებელმა? ისიც კი არ იციან, მასლიაკოვს მიჰყავს თუ მასლაჩენკოს. მისი გვარიც კი არ იციან წესიერად.
- მას იცნობთ პირადად?
- რა თქმა უნდა, ბევრი წელია, ვიცნობ. ყოველი ჩვენი თამაშის შემდეგ მათი საიტისთვის ვაგზავნით ფოტომასალას, თუმცა გუნდის ხუმრობებს არ ვუთარგმნით, რადგან ადგილობრივი ხუმრობები გაუგებარი იქნება. "კავეენის" დონეს საქართველოში იმით განსაზღვრავს, როცა აქედან ნაკრები ჩავა, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.
- მასლიაკოვს თუ ჰბაძავთ?
- არანაირად.
- ლექსებს გიძღვნიან და თქვენზე ხუმრობენ...
- საშაყირო თემაა, განსაკუთრებით ჩემი მეტსახელი. ასტამა ოთარ ტატიშვილმა დამარქვა წლების წინ. ასტამი ვთქვი რაღაცაზე და შემარქვა, თუმცა კონკრეტულად მას ჰკითხეთ, რატომ, კარგად არ მახსოვს.
თქვენ რბილი "ლ"-ს პრობლემაზე მკითხეთ და წლების განმავლობაში "საქართველიო-საქართველიოს" რომ ყვიროდა ხალხი სტადიონზე, მაშინ რატომ არ გაუჩნდა არავის ამ საკითხზე ყურადღების გამახვილების სურვილი?!
- რატომ, მაშინაც გაუჩნდა ბევრს.
- მითხარით, რა ვქნა, რა გავაკეთო? ერთ მოთამაშეს ვთხოვე გამოსწორება და მითხრა, ამაზე რომ ვიფიქრო, ვეღარ ვითამაშებო. სამწუხაროდ, ამ პრობლემას ვერ გადავჭრი, თუმცა მეც მაწუხებს.
- ჟიურის წევრებსაც რომ შეწუხებული სახეები აქვთ და მისჯილებივით სხედან, ამაზე რას იტყვით?
- (იღიმება) ჟიურის წევრები დაბალ ქულებს კი წერენ, მაგრამ თამაშის შემდეგ სულ სხვა ტექსტებით ლაპარაკობენ, მოსწონთ და მიიჩნევენ, რომ წინ მივდივართ. წინა გადაცემაზეც თქვეს, რომ ხუმრობების ხარისხმა მოიმატა.
- სკანდალურ ხუმრობაზე მინდა გკითხოთ, ერთ-ერთმა მოთამაშემ თქვა, ჰიტლერის მთავარი ღირსება იყო ის, რომ ყველა ებრაული ოჯახი უფასო გაზით უზრუნველყოო. არ იყო შესაძლებელი ამ ხუმრობის ამოჭრა?
- 2 აპრილს გავიდა ეს გადაცემა, 4-ში გამეორებისას ეს ხუმრობა უკვე ამოჭრილი იყო. რაც სცენაზე მოხდა, იმის წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო, რადგან ეს გახლდათ პასუხი შეკითხვაზე, რომელიც იქვე ექსპრომტად მოიფიქრეს. გუნდს ვერ მოვთხოვ, რომ 30 წამში სასაცილო პასუხიც მოიფიქროს და პასუხის მორალურ მხარეზეც იფიქროს. თუ თამაშის მოგება გინდა, მაგაზე ვერ იფიქრებ. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუმრობაზე დარბაზმა გაიცინა... გამეორებისას უკვე ამოვჭერით, მაგრამ ეს ჩემი შეცდომა იყო და არა სამინისტროსი, ან თუნდაც ტელევიზიის, რადგან მონტაჟზე მე ვზივარ. მე გამეპარა. ის ვერ გავიგე, 8 აპრილამდე რატომ არ გაახსენდათ ეს ხუმრობა და მაინცდამაინც 8-ში რატომ მიადგნენ სამინისტროსა და ტელევიზიას? ჩემგან უნდა მოეთხოვათ პასუხი, რადგან გადაცემა ჩემია. მე ვაღიარე შეცდომა.
- თქვენი გადაცემის რეიტინგი როგორია?
- საკმაოდ კარგი. მონაცემები ხელთ არ მაქვს და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ წინა გადაცემებს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ სეზონს ივლისში დავამთავრებთ და სექტემბრიდან ისევ დავიწყებთ. გპირდებით, ისეთი დონე იქნება, როგორიც ქართველ მაყურებელს ვერ წარმოუდგენია. მან იცის პოლიტიკა, ფეხბურთი და როგორც აღმოჩნდა, "კავეენიც" (იღიმება). იგივე გუნდები დარჩება, ახლებსაც ალბათ დავიმატებთ, მაგრამ ბევრად კარგი იქნება.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)