ორი კვირის წინ "ყველა სიახლე" თურქ მეჰმედ ოზიურეკზე წერდა (იხ. გაზეთი "ყველა სიახლე" #22; 8-14 ივნისი, 2011 წ.), რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 8,8-სანტიმეტრიანი ცხვირი აქვს.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მას ცხვირი კიდევ ეზრდება. რამდენიმე დღის წინ კი ბატონი მეჰმედი ქუთაისში ჩამობრძანდა და მეგობრის, ენათმეცნიერისა და პროფესორის, ბატონი ტარიელ ფუტკარაძის დახმარებით დაგვიკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ბატონი მეჰმედი თურქი კი არა, ქართველი ყოფილა.
- ბატონო მეჰმედ, რატომ ჩამოხვედით საქართველოში?
- მე დავიბადე თურქეთში, იუსუფელის რაიონის სოფელ ქობაიში, რომელსაც მეორენაირად ქვაბაქი ჰქვია - ეს მთის სოფელია და ამიტომაც გადარჩა დღემდე იქ ქართული ენა. ქობაი ძირძველი ქართული სოფელია, მაგრამ ნელ-ნელა ხალხისგან იცლება. მე ახლა ართვინში ვცხოვრობ... ჩემი ნამდვილი გვარია აბულაძე. ჩვენ გადასახლებული კი არა, ადგილობრივი ქართველები ვართ, ჩვენი მიწები ერთ დროს თურქეთის შემადგენლობაში მოხვდა და ასე დავრჩით თურქეთში. ჩემმა მასპინძელმა, ტარიელმა, წამაკითხა თქვენს გაზეთში ჩემზე დაწერილი ინფორმაცია და გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით.
- რას იტყოდით თქვენს ცხვირზე, მართლა ისევ იზრდება?
- არა, გაზრდით აღარ მეზრდება (იცინის).
- ალბათ, გეამაყებათ კიდეც...
- რა თქმა უნდა. ეს გენეტიკური ჯილდოა - მამაჩემსაც ასეთი გრძელი ცხვირი ჰქონდა, დიდი ცხვირი აქვს ჩემს ძმას - რამაზანსაც. მეამაყება, რომ ჩემი ცხვირის წყალობით გინესის წიგნის რეკორდსმენი ვარ.
- თქვენს შვილებს თუ გამოჰყვათ მემკვიდრეობით თქვენი "ჯილდო"?
- ვაჟიშვილი მყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ნორმალური ცხვირი აქვს (იცინის).
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის...
- არაფრის, პირიქით, ყოველთვის მიხარია ჩემი წინაპრების სამშობლოში ჩამოსვლა და ქართველ ჟურნალისტებთან საუბარი სიამოვნებას მანიჭებს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)