საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა მშენებლობის შესახებ ორი კანონპროექტი მიიღო. პირველი ეხება ცვლილებებს საქართველოს კანონში "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ'' და მეორე - საქართველოს კანონში "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ''. პირველი კანონპროექტის თანახმად, თუ დადგინდება, რომ თქვენი ბინა ავარიული და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მის დემონტაჟს ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე განახორციელებენ, ხოლო მეორე კანონპროექტი უფრო სამშენებლო ამნისტიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო კომპანიებს შეჩერებულ მშენებლობებზე დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებენ.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა "ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილება ქალაქის იერსახის დაცვითა და ერთიანი არქიტექტურის შენარჩუნებით იყო განპირობებული: "აქ რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ, პირველი - როდესაც არსებობს ფართი, რომელიც არ აღემატება საერთო საკუთრების 5%-ს, ასეთ შემთხვევაში, მიდის მერიის შესაბამისი სამსახური, არემონტებს ამ ფართს, რომელიც მესაკუთრის საკუთრებაში რჩება. თუ კონკრეტული ფართი 5%-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში, ფართის შეკეთებაზე საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, მესაკუთრე და მერიის წარმომადგენელი უნდა შეთანხმდნენ. თუ ეს არის ამხანაგობა, მაშინ მერია და ამხანაგობა შეთანხმდება.
თეორიულად, თითქოსდა დაუშვებელია ისეთი შემთხვევა, როცა სახლი ინგრევა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, შესაძლოა, იკითხოთ, რაში გაინტერესებთ ეს კანონი, მიდიხართ ვინმესთან, ეუბნებით, რომ ასეთ სახლს გაგიკეთებთ და რა, ის თანახმა არ არის? სამწუხაროდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც მესაკუთრე თანხმა არ ყოფილა და ვიდრე შეთანხმების პროცესი დასრულდებოდა, ან სახლი ჩამონგრეულა, ან აივანი''. გია ხუროშვილის თქმით, როდესაც ასეთი კატეგორიის ავარიული შენობა-ნაგებობა იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მერია იტოვებს უფლებას, განახორციელოს სახლის დემონტაჟი. "ძველი და ავარიული სახლის ნაცვლად, აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს ახალი. ბუნებრივია, კანონში წერია, რომ ახლად აშენებული სახლის ღირებულება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე იმ ძველისა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ეს გადადის კვლავ იმ ძველი მესაკუთრის მფლობელობაში და ეს კანონში პირდაპირ წერია, ანუ ბინის მფლობელს არავინ, არსად არ აგდებს და არც არაფერს ართმევს. თითქოსდა სასწაულია, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ურჩევნიათ იცხოვრონ ავარიულ შენობებში და დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან'', - განუცხადა "ვერსიას'' გია ხუროშვილმა.
რაც შეეხება ცვლილებების პროექტს კანონში "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ'', ხუროშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხება დაუმთავრებელ შენობებს ქალაქში: "პრობლემა აქ შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვიხილოთ, პირველი - ჩვენი, ათობით ათასი თანამოქალაქე, ყოველდღიურად ნერვიულობს იმის გამო, რომ შეტანილი აქვს ფული და არ იცის, როდის დასრულდება კონკრეტული მშენებლობა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანთა უფლებები გასათვალისწინებელია, რადგან ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს, როდის დასრულდება ეს მშენებლობა და როდის ჩაბარდებათ მათ თავისი კუთვნილი ბინები, ან კომერციული ფართები. მეორე - არსებობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც გააჩნიათ მილიონობით დავალიანება, რაც მათი მხრიდან, პროექტში გათვალისწინებული პირობების დარღვევამ გამოიწვია.
სამშენებლო კოდექსი დღეს ისეა მოწყობილი, რომ თუ აღმოჩნდა გარკვეული დარღვევა, რომელიც ვადას ეხება, ანუ პროექტით დათქმული იყო კონკრეტული ვადა, რომელიც დაირღვა, კომპანიას ეძლევა გარკვეული დრო გამოსასწორებლად, მაგრამ ჯარიმაც ერიცხება. თუ სამი თვის განმავლობაში, ამ ჯარიმას არ დაფარავს, სამმაგდება და ასე შემდეგ. ამიტომ, იმის გამო, რომ კერძო კომპანიებმა ვერ დაამთავრეს მშენებლობა, ან დაარღვიეს ფასადი, ან შეცვალეს მშენებლობა ისე, რომ პროექტში შესაბამისი კორექტირება არ შეუტანიათ, დარიცხული აქვთ მილიონობით ჯარიმა''. ხუროშვილის განმარტებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თანხა, რაც კომპანიებს ჯარიმების სახით უნდა გადაეხადათ, უკან დაუბრუნდებათ. ხელისუფლება კომპანიებს ჯარიმას პატიობს, ანუ ახდენს ეგრეთ წოდებულ, სამშენებლო ამნისტიას, რათა მათ საკუთარი ვალდებულება ბოლომდე შეასრულონ, ანუ დაასრულონ შეჩერებული მშენებლობები. "ხელისუფლებას, დედაქალაქის თვითთმმართველობას, მერიას აინტერესებს მოწესრიგებული ქალაქის იერსახე. სახელმწიფო პროექტით დიდი თანხა იხარჯება, რომ რუსთაველის გამზირი, ან მარჯანიშვილის მოედანი გალამაზებული იყოს, ამ დროს კი კერძო სამშენებლო კომპანიის შენობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული და მისი მფლობელი იმასაც კი ვერ გეუბნება, როდის დაამთავრებს მშენებლობას.
ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებით, ეს პრობლემა მთლიანობაში მოგვარდება. სამშენებლო კომპანიების მენეჯმენტმა უკვე უნდა დაიწყონ ამოქმედება, მათ უნდა მიაკითხონ ქალაქის არქიტექტურის სამსახურს, რათა პროექტები დააკორექტირონ ისე, რომ არ გადაიხადონ არანაირი ჯარიმა. მათ უნდა დათქვან კონკრეტული ვადები, რომელიც ცნობილი იქნება, როგორც ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის, ასევე - ქალაქის არქიტექტურის სამსახურისთვის'', - აცხადებს გია ხუროშვილი. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანიას არ შეუძლია მშენებლობის გაგრძელება, მერიის შესაბამისი სამსახური ამ ობიექტის კონსერვაციას განახორციელებს. ამ პერიოდში კი, შეიძლება გამოიძებნოს ახალი ინვესტორი, რომელიც მშენებლობას დაასრულებს.
"მთავარია, მშენებლობა დასრულდეს და ადამიანებმა იცოდნენ, როდის ჩაიბარებენ ექსპლუატაციაში კუთვნილ ფართებს. კომპანიის მენეჯმენტს ეძლევა სამთვიანი ვადა, რათა ყველაფერი დააკორექტიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავამოქმედებთ საკმაოდ მკაცრ სანქციებს, რა იმას ნიშნავს, რომ ამოქმედდება ჯარიმა. თბილისი დაიყოფა ზონებად და ამ ზონების მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე, განისაზღვრება 10 თეთრიდან 1 ლარამდე. დაგიზუსტებთ, ეს ჯარიმა ამოქმედდება სამი თვის გასვლის შემდეგ, თუკი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა არ მივა არქიტექტურის სამსახურში და არ დააკორექტირებს შესაბამის პროექტს. გვესმის, რომ ეს საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სიმკაცრის მიღმა დგას კომპლექსური, სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარება ხელისუფლებისთვის, გაცილებით პრიორიტეტულია'', - განმარტა გია ხუროშვილმა.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"