ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. როგორც "ინფო რუსთავი" წერს, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკის ვეტერინარმა გიორგი ხმალაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ვეტერინარის ინფორმაციით, ძაღლს ჩაუტარეს მკურნალობის კურსი და ის უკვე რუსთავში დაბრუნდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ დაჭერილი ქვეწარმავლების რაოდენობა 80-ს შეადგენს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" სააგენტოს დირექტორმა ვახტან ლომჟარიამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყოველწლიურად 400-ზე მეტ ქვეწარმავალს იჭერს, რის შემდეგაც მათ უსაფრთხო არეალზე უშვებს.

შხამიან გველებს შორის საქართველოში ყველაზე საშიში გიურზაა. გველი აგრესიას უშუალოდ საფრთხისას ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზეს, მაგალითად, შემთხვევით ფეხი წამოჰკრეს ან დაადგეს.

თუ სადმე გველს გადაეყარეთ:

1. ნუ აჰყვებით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;

2. ერიდეთ აქტიურ მოქმედებას;

3. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამო გველის ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი.

შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ტკივილი და წვა, ეს ადგილი წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ იწყება პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). ბევრი რამ დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე.

მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურების დაკბენისას.

ზოგადი სიმპტომები: ძლიერი ტკივილი ნაკბენის ადგილას; შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება; მხედველობისა და გონების დაბინდვა; სისხლჩაქცევები; ძილად მივარდნა ან აღგზნება; კრუნჩხვა, ასფიქსია; ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.

ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად ვლინდება დღის ბოლოს.

როგორ დავიცვათ თავი:

გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.

1. იმ ადგილებში სიარულისას, სადაც, სავარაუდოდ, გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.

3. ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.

4. მიწაზე ნუ დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.

5. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.

6. თუ გამოღვიძებულმა საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ მის წასვლას.

7. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიღეთ შრატი.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხი საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთათმანით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გაიმშრალეთ, დაიფარეთ სტერილური ბინტი და შეიხვიეთ. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტურ შრატს.

არ შეიძლება: ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა; ნაკბენის მოწვა; დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება; ლახტის დადება.

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან