ტაძარი ნებისმიერი ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. ის არასოდეს კარგავს პირვანდელ დანიშნულებას და საუკუნეებს უძლებს. გარდა ამისა, ტაძრების უმეტესობა ქვეყნის ერთგვარ მატიანესაც წარმოადგენს. ამჯერად მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტაძრებს გაგაცნობთ.
ულმის ტაძარი, გერმანია
სიმაღლე - 161,5 მეტრი. ეს ლუთერანული ეკლესია მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტაძრად მიიჩნევა. მისი სიმაღლე 161,5 მეტრია. მის 768 საფეხურს 143 მეტრ სიმაღლეზე აჰყავხართ. ეკლესიას საძირკველი 1377 წელს ჩაეყარა, მშენებლობა კი 20 წლის შემდეგ დაიწყო. 1405 წლისთვის მისი მხოლოდ ძირითადი ნაწილი იყო აშენებული. ტაძარი დიდხანს შენდებოდა და მხოლოდ 1890 წელს დასრულდა.
კიოლნის ტაძარი, გერმანია
სიმაღლე - 157,4 მეტრი. ამ ულამაზესი გოთური ტაძრის მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და 1880 წელს დასრულდა. 632-წლიანი მშენებლობის გამო ლეგენდაც კი შეიქმნა - ვიდრე ტაძარი შენდება, ქალაქ კიოლნს არაფერი ემუქრებაო. ეს ეკლესია ქრისტიანულ ტაძრებს შორის სიმაღლით მესამეა, მაგრამ ყველაზე მაღალია მათ შორის, რომლებსაც ორი ერთნაირი გუმბათი აქვს. მისი 533 საფეხური 150 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ.
ლიხენის წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი
სიმაღლე - 141,5 მეტრი. პოლონეთის ქალაქ ლიხენ-სტარიში მდებარე ამ ტაძრის პროექტი არქიტექტორმა ბარბარა ბელეცკამ შეიმუშავა. იგი მორწმუნეთა შემოწირულობებით აშენდა 1994-2004 წლებში.
ნორტ-დამ-დე-ლა-პე, კოტ დ,ივუარი
სიმაღლე გუმბათზე დაბრძანებულ ჯვართან ერთად - 158 მეტრია. ამ ტაძარში ღვთისმსახურებაზე ერთდროულად 18 000 ადამიანი ეტევა. თუმცა რომის წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელსაც გაცილებით ნაკლები ფართობი უკავია, სამჯერ მეტ მრევლს იტევს.
რუანის ტაძარი, საფრანგეთი
სიმაღლე - 151 მეტრი. ამ ტაძარს სიმაღლით მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია. მას თუჯის გუმბათი ამშვენებს. ცნობილმა იმპრესიონისტმა კლოდ მონემ შექმნა 50 ნახატი, რომლებზეც ეს ტაძარი წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი განათებით გამოსახა.
ცნობისთვის:
საქართველოში ყველაზე მაღალი ტაძარია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.
სამება აშენდა 1995-2004 წლებში. ტაძარი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. ტაძრის ფუნდამენტი - 14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი კი 13,07 მეტრზე, ამას ემეტება 1-მეტრიანი ფუნდამენტი. ამ მონაცემებით, წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე 100,17 მეტრია (86.10++14.07).
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)