ალექსანდრე ებრალიძე რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესს ყიდის

ალექსანდრე ებრალიძე რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესს ყიდის

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ამბიციური პოლიტიკური გეგმები აქვს, რუსეთის უძრავი ქონების ბაზრიდან მიდის. მიზეზად კი  ქალაქის ხელმძღვანელობასთან გართულებულ ურთიერთობას ასახელებს.

კერძოდ, ის უარს ამბობს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში სასტუმრო "ტალიონის" კომპლექსზე და მას 12 მლრდ რუბლად ყიდის. კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 11 ათასი ევროა.

ებრალიძის დეველოპერული კომპანია "ტალიონი" სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობებს იძენს. შემდეგ მათ რეკონსტრუქციას უტარებს და სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა შემოსავლიან დაწესებულებებს ხსნის. ასე იქცა ელისეევის სასახლე ხუთვარსკვლავიან "ტალიონ იმპერიალ ოტელად". ამას მოჰყვა სანკტ-პეტერბურგის ცენტრში გრაფ შერემეტიევის ყოფილი სახლის რეკონსტრუქცია, შემდეგ კი ნევის პროსპექტის შენობების განახლება.

შედეგად, სამივე პროექტი ერთ გრანდიოზულ კომპლექსად ჩამოყალიბდა, რომელშიც 89 ნომრიანი სასტუმრო-ლუქსი, სავაჭრო და კვების ობიექტები, მრავლფუნქციური დარბაზები და 20-მეტრიანი აუზი შედის. ებრალიძე ამ ქონებას ყიდის და პირობას დებს, რომ ამიერიდან სანკტ-პეტერბურგის ცენტრს აღარასოდეს შეხება. მიზეზი ქალაქის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტია.

რუსი დეველოპერების აზრით, სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობასთან პროექტების შეთანხმება თანდათან რთულდება, ბიზნესმენებს პირადად უწევთ თანამდებობის პირთა კეთილგანწყობის მოპოვება და როგორც ჩანს, ებრალიძეს ახალ გუბერნატორთან ურთიერთობა არ გამოსდის.

უფრო ადრე რუსეთში დეველოპერულ ბიზნესზე კიდევ ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა, ვასილ სოფრომაძემ თქვა უარი. მან რუსეთში ყველა დეველოპერული პროექტი გაყიდა და უცხოეთში განაგრძო საქმიანობა.

მომზადებულია dp.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ