ამერიკელმა მკვლევარებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე 200 ტონა ვერცხლი იპოვეს. ეს ყველაზე დიდი განძია, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოუჩენიათ.
ძვირფასი ლითონი კერძო კომპანია Odyssey Marine-მა აღმოაჩინა. ზოდებს სატვირთო ხომალდ Gairsoppa-ის ტრიუმში მიაგნეს. ხომალდი 1941 წელს გერმანულმა ტორპედომ ჩაძირა.
ვერცხლით დატვირთული ხომალდი ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა და ირლანდიის სანაპიროსთან ძლიერ გრიგალში მოჰყვა. კაპიტანი ირლანდიის გოლუეის პორტამდე მიღწევას ცდილობდა, მაგრამ Gairsoppa გერმანულმა წყალქვეშა ხომალდმა შენიშნა და მისი მიმართულებით ტორპეტო გაუშვა.
ხომალდი ამჟამად ირლანდიის სამხრეთით 500 კილომეტრში, დაახლოებით, 5 000 კმ სიღრმეზეა ჩაძირული. სპეციალისტების თქმით, ტვირთი თითქმის არ არის დაზიანებული და მას მალე წყლის ზედაპირზე ამოიტანენ.
განძის ღირებულება 230 მლნ დოლარს შეადგენს. ამ თანხის 80%-ს ის კომპანია მიიღებს, რომლის თანამშრომლებმაც განძი აღმოაჩინეს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, განძის ამოტანა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება. Gairsoppa-ის ბორტზე აღმოჩენილია ვერცხლის ზოდები, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნოდა და ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ იყო დაზღვეული, ასევე ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი მონეტები და ზოდები.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.