არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ჩვენს კანონმდებლობაში პირველი მოსმენით შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება სტრატეგიული ობიექტების აქციათა პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვა.
ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ ობიექტების საკონტროლო პაკეტები არ გაიყიდება. თუმცა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა შიშობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებული პირობა არ შესრულდება:
- პრობლემა არის თვითონ ცნება "სტრატეგიული ობიექტი". წესით, შესაბამის ნორმატიულ აქტში უნდა იყოს ჩამოყალიბებული კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ობიექტს შეიძლება ეწოდოს სტრატეგიული ობიექტი, მაგრამ ასე არ არის. ბატონმა კახა ბენდუქიძემ საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ არ ესმის, რა არის სტრატეგიული ობიექტი. ძნელია არ დაეთანხმო ბატონ კახას, თუ ამ საკითხს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის კუთხით შევხედავთ: საქმე ის არის, რომ ეკონომიკური თეორია მართლა არ ცნობს ცნებას "სტრატეგიული ობიექტი". ეკონომიკისათვის არსებობს მხოლოდ მოგებიანი ან წაგებიანი ობიექტი.
მაგრამ ეკონომიკა არის ჩვენი ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი, თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილი. ხომ უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ცხოვრება, საერთაშორისო, სოციალური ურთიერთობები და საერთოდ, ქვეყნის უსაფრთხოება? სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ცნებასთან არის მჭირდო კავშირში სტრატეგიული ობიექტის ცნებაც. საყურადღებოა, რა საერთაშორისო ფუნქცია აქვს ქვეყანას და მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის რომელი ობიექტებია მნიშვნელოვანი. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება სტრატეგიული ობიექტის ცნებაც.
საქართველოს საერთაშორისო ფუნქცია არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, ამიტომ ბუნებრივია, სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ყველა ობიექტი იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას, იქნება ეს რკინიგზა, საჰაერო ნავიგაცია, საზღვაო პორტები თუ მაგისტრალური გზები. გარდა ამისა, სტრატეგიული ობიექტების ნუსხას განეკუთვნება ისეთი ობიექტები, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობისთვის არის გადამწყვეტი, ეს, უწინარეს ყოვლისა, არის ყველა ენერგეტიკული ობიექტი, რადგან ენერგეტიკა არის ეკონომიკის საფუძველი. შედეგად, ენერგეტიკის ნებისმიერი ობიექტი, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ჰესები თუ მილსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირის ან ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, იძენს სტრატეგიული ობიექტის მნიშვნელობას.
- ბატონო ლადო, ხშირად კამათობენ საკითხზე, შეიძლება თუ არა სტრატეგიული ობიექტის პრივატიზება?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა საფრთხეები აქვს ქვეყანას. თუ ის მდებარეობს ისეთ სივრცეში, სადაც საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაშინ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოცემული ობიექტი სახელმწიფოს საკუთრება იქნება თუ კერძო კომპანიისა. მაგალითად, ევროკავშირის შუაგულში მდებარე შვეიცარიის გარემოცვა არ არის საფრთხის შემცველი. ამიტომ ასეთი ქვეყნისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მისი სტრატეგიული ობიექტების მესაკუთრე.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ყველამ ვიცით, რომ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის სამხედრო ტექნიკა დგას. ვიცით, რა ამბიციები აქვს რუსეთს საქართველოსა და მთელ კავკასიაში, - მას სურს, მთელი კავკასიის ეკონომიკა გააკონტროლოს.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების შეძენას რუსეთი ან მასთან ალიანსში მყოფი სახელმწიფოები, პირველ რიგში კი - სომხეთი.
მკითხველს შევახსენებ ერთ ფაქტს: ჯერ კიდევ 2003 წელს რუსეთში გამოქვეყნდა ცნობილი რუსი ეკონომისტის, პოლიტიკოსისა და მენეჯერის, ანატოლი ჩუბაისის წერილი სათაურით - "რუსეთის მისია 21-ე საუკუნეში". ჩუბაისი წერს, რომ რუსეთმა 21-ე საუკუნეში თავის გარშემო უნდა შექმნას ახალი, "ლიბერალური იმპერია". ეს იმპერია უნდა შეიქმნას არა იარაღისა და დაპყრობის, არამედ ეკონომიკური ობიექტების შესყიდვის გზით. სომხეთის ეკონომიკას უკვე რუსული კაპიტალი აკონტროლებს, რასაც საკმაოდ უარყოფითად აფასებენ თვით სომეხი ეკონომისტები და სხვა ექსპერტებიც. მაგალითად, რუსეთის რკინიგზამ იყიდა სომხეთის რკინიგზა, მას სახელი შეუცვალა და დაარქვა "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
მოგეხსენებათ, მხოლოდ სომხეთის მონაკვეთი არ არის სამხრეთ კავკასია, მაგრამ იმ რკინიგზას უკვე ჰქვია "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა". ამით რუსეთმა აშკარად აჩვენა თავისი გეგმა, რომ მას სურს, არა მარტო სომხეთის რკინიგზით დაკმაყოფილდეს, არამედ გააკონტროლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო მაგისტრალებიც. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს რკინიგზით დაინტერესება გამოხატოს "სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ" და ის რუსეთის მფლობელობაში სატელიტი ქვეყნის მეშვეობით გადავიდეს.
- თუმცა, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდება.
- რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდება და გაიყიდება მხოლოდ მისი შედარებით მცირე ნაწილი, მისაღებია, მაგრამ მე იმ ნაწილის გაყიდვის მომხრეც არა ვარ. რატომ? - იმიტომ, რომ ჩემი ნდობა ამ პოლიტიკური რეჟიმის მიმართ საკმაოდ დაბალია. ნუ დაგვავიწყდება, როგორ გაუხსნეს კარი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რუსულ კაპიტალს და დღეს ჩვენი ოქროსა და სპილენძის მოპოვება რუსების ხელშია;
ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკი - "გაერთიანებული ქართული ბანკი" რუსეთის სახელმწიფო "ვითიბი ბანკის" ხელშია; ნუ დაგვავიწყდება ჟვანია-ნოღაიდელი-ბენდუქიძის მავნე ჩანაფიქრი, რომ მაგისტრალური გაზსადენი გაეყიდათ და რომ არა ამერიკის ჩარევა, დღეს ის ჩვენს ხელში არ იქნებოდა. როცა ეს ფაქტები გვახსოვს, ძნელია ვიფიქროთ, რომ გაყიდიან მნიშვნელოვანი ობიექტების მცირე ნაწილს და არ შეეხებიან საკონტროლო პაკეტს. საკონსტიტუციო უმრავლესობას ესენი აკონტროლებენ, დღეს ერთს ამბობენ, ხვალ კი სხვას იტყვიან, ვინ დაუშლით? როგორ დავიჯერო, რომ კანონში კვლავ არ შეიტანენ ცვლილებას და საკონტროლო პაკეტებსაც არ გაყიდიან?
ხვალ ბატონი ნიკა გილაური რომ არ იქნება პრემიერ-მინისტრი, რა ვალდებულება ექნება ახალ პრემიერს, რომ გილაურის სიტყვა შეასრულოს? ან გილაურს როგორ მოვთხოვოთ პასუხი, ერთი-ორი წლის შემდეგ თვალსაზრისი რომ შეიცვალოს? რა მექანიზმი გვაქვს? და ისევ ვრჩებით ძია სემის იმედად - ეგებ ძია სემმა გვიშველოს და ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვას...
- როგორ ფიქრობთ, დაინტერესებულია "ძია სემი" ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დაცვით?
- ამას წინათ გავეცანი ინტერვიუს, სადაც საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ მაგისტრალური გაზსადენის მიმართ აშშ-ს ინტერესი აღარ აქვს საქართველოში. თუ ასეა, მთლად უარესი. საქართველოს ინტერესები, პირველ რიგში, მისმა მთავრობამ უნდა დაიცვას, მაგრამ ასეთი რამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იშვიათად ხდება. თუ 2006 წელს მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას აშშ-მა გადაგვარჩინა, ახლა ჩვენი ელჩის ნათქვამს თუ ვენდობით, გამოდის, რომ ჩვენი მხსნელი და გადამრჩენელი "ძია სემიც" აღარ ყოფილა.
ახლა რაც შეეხება რუსეთს, დღეს მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტი მაგრამ იქმნება რეალური საფრთხე, რომ რუსეთმა მოახერხოს საქართველოს ეკონომიკის 100-პროცენტიანი ოკუპაცია. არ ვამბობ, რომ ეს უკვე განხორციელდა, მაგრამ ჩვენ აშკარად ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე. ჩვენ გარშემო რომ მხოლოდ "სასიამოვნო" სამეზობლო იყოს, ამას რა სჯობს, მაგრამ არა ვართ, სამწუხაროდ, შვეიცარია, არც სამეზობლო გვყავს ისეთი, როგორიც შვეიცარიას ჰყავს.
გამოდის, რომ ჩვენ მივდივართ რუსული ლიბერალური იმპერიისაკენ. როგორც გითხარით, ამ ლიბერალური იმპერიის ფარგლებში უკვე არის სომხეთი, მაგრამ იმისათვის, რომ მოხერხდეს სომხური ეკონომიკის სრული ინტეგრაცია რუსულთან, აუცილებელია საქართველოს ან აზერბაიჯანის ჩართვა ლიბერალურ იმპერიაში. აზერბაიჯანის გამოყენება ამ მიზნით არარეალისტურია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის გამო. ამიტომ, რუსეთი დაინტერესებულია, საქართველო ჩართოს თავის ლიბერალურ იმპერიაში, რაც დღეს "შემოვლითი გზით" ხორციელდება.
- რას ნიშნავს "შემოვლითი გზა"?
- ხშირად კომპანია, რომელიც საქართველოში ამა თუ იმ ობიექტის შეძენით არის დაინტერესებული, ფორმდება ოფშორულ ზონაში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ბრიტანული, ან შვეიცარიული კაპიტალი, სინამდვილეში კი ის რუსულია. ეს ყველაზე თვალსაჩინო მაშინ ხდება, როდესაც მენეჯმენტი წარმოდგენილია რუსებით. ამის საუკეთესო მაგალითია "თბილისის წყალი": თუ იქ მართლა შვეიცარიელები შემოვიდნენ, რატომ ჰყავთ მენეჯერებად რუსები? საქართველოში რუსული ენა პრაქტიკულად გაქრა, თუ რუსული ენა იდევნება, რუსული ბიზნესი რატომ რჩება? აქედან გამომდინარე, ვინ იყიდის ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს, თუ არა "ვანია" ან "ოვანესი"?
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)