იაპონიის ქალაქ საკადოს მერიის საპირფარეშოში უცნობმა პირმა მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად 10 მილიონი იენი (130 ათასი აშშ დოლარი) დატოვა.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ფულთან ერთად უცნობმა ქველმოქმედმა წერილიც დატოვა, სადაც აღნიშნულია, რომ თანხა ტოხოკუს რაიონში მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულ მოსახლეობას გაუნაწილდეს.
საკადოს მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ნაპოვნ პაკეტზე ეწერა ”მე მარტოხელა ვარ და გთხოვთ, ეს ფული ტოხოკუს მოსახლეობას დაურიგოთ".
მერიის წარმომადგენლები რამდენიმე დღე დაიცდიან და თუ მათ არავინ მიაკითხავს ფულის დასაბრუნებლად, 10 მილიონ იენს იაპონიის "წითელი ჯვრის" ანგარიშზე გადარიცხავენ.
მიმდინარე წლის მარტში იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამს 19 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.