ავტორი:

აქამდე უცნობი დეტალები ივანიშვილების ოჯახზე - "ბიძინა ძალიან დაღლილია ხოლმე... რაც გაჩნდა, მას შემდეგ შრომობს"

აქამდე უცნობი დეტალები ივანიშვილების ოჯახზე - "ბიძინა ძალიან დაღლილია ხოლმე... რაც გაჩნდა, მას შემდეგ შრომობს"

წლების წინ საჩხერეში რომ მოვხვდი, ყველას ბიძინა ივანიშვილის სახელი ეკერა პირზე. უამრავ ფაქტს მოჰკრავდი ყურს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე "კოლორიტული" შვეულმფრენებს ეხებოდა: ბევრი საჩხერელი ჰყვებოდა, რომ ბიზნესმენს მშობლიურ სოფელ ჭორვილაში 2 შვეულმფრენი ჩამოუყვანია - ერთ-ერთ მათგანს საკუთარი საჭიროებისთვის, სხვადასხვა ქალაქში სწრაფად გადასაადგილებლად იყენებს, მეორე კი უმეტესად, ჰაერში იმისთვის ადის, რომ მილიარდერის შვილები და ოჯახის ახლობელი ბავშვები გაასეირნოსო...

როგორ ზრდიდა მილიარდერი შვილებს

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები მსგავს ფაქტებზეც ისევე თვალებგაბრწყინებულები ლაპარაკობდნენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილ სასიკეთო საქმეებზე. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ხშირად, ჩვენში მაინც, გაღიზიანებას იწვევს სხვისი სიმდიდრე და ფუფუნებაში ცხოვრების მაგალითები... ბიძინა ივანიშვილის ან მისი რომელიმე ახლობლის აუგად ხსენების ვერც ერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, ვერც საჩხერეში მაშინდელი სტუმრობისას და ვერც იქაურებთან კონტაქტის დროს, რისი საშუალებაც შემდგომშიც არაერთხელ მომეცა.

იმავეს ამბობენ "გზისა" და "რეიტინგის" ჟურნალისტები, რომლებიც 9 წლის წინ დაადგნენ ჭორვილისკენ მიმავალ გზას, რათა ადგილზე მოეპოვებინათ ინფორმაცია იდუმალი, ბევრი რამით სრულიად გამორჩეული საქმოსნის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, მათდა სასიხარულოდ, ბატონი ბიძინას დედ-მამის სტუმრები აღმოჩნდნენ. ქალბატონი ციცინო და ბატონი გრიშა ძალიან უბრალო, კეთილშობილი და შრომისმოყვარე ადამიანები აღმოჩნდნენ (სამწუხაროდ, ბატონი გრიშა დღეს ცოცხალი აღარ არის). ქალბატონი ციცინო სტუმრებს საკუთარი ხელით გაზრდილი წიწილით, მისი მეუღლე კი წითელი ღვინით გაუმასპინძლდა... როგორც ჩანს, მულტიმილიონერი შვილის მშობლები უქმად ჯდომას მაინც, შრომას არჩევდნენ...

ფრაგმენტი ჟურნალ "რეიტინგში" გამოქვეყნებული მასალიდან:

"მწვანეში ჩაფლულ ეზოს ალაყაფის კარი და ბეტონის გალავანი აკრავს. ორსართულიან, ვარდისფრად შეღებილ სახლში გრიშა პაპა და ციცინო ბებო ცხოვრობენ. სახლის გვერდით, ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს ყავისფერი შუშებით შემინული სასადილოა, რომელიც რესტორნის სტილშია აგებული და დიდ საქეიფო დარბაზს ჰგავს. იქვეა სამზარეულო, რომელსაც მოხუცები სასადილო ოთახადაც იყენებენ. ეზოს ცალ მხარეს კოტეჯის ტიპის ოთახებია ჩარიგებული, სადაც მომსახურე პერსონალსა და სტუმრებს აბინავებენ ხოლმე. მოკირწყლულ ქვაფენილს ვარდისფერ სასახლესთან მივყავართ, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკა (ეკატერინე) ხვედელიძე ისვენებენ ხოლმე; იქვეა უზარმაზარი ჰამაკი, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და ა.შ. ეზო დამეწყრილია, რასაც მოხუცები განსაკუთრებით განიცდიან... კარ-მიდამოს წვრილი ქვით ნაშენი ჭა ამშვენებს. ეს ალბათ, ერთადერთი რამაა, საწნახელთან ერთად, რაც სოფლის შთაბეჭდილებას ქმნის... ორსართულიანი სახლის წინ ახალი ჯიპი დგას. ეს მანქანა ბიძინა ივანიშვილმა დედამისს აჩუქა.

ციცინო ბებო:

- საფრანგეთში ვიყავით. ხომ უნდა მენახა, ჩემი შვილი უცხო ქალაქში როგორ ცხოვრობს? მთელი ქალაქი შემოვიარე. ყველაფერი დავათვალიერე. ბიძინამ ეს მანქანა მიყიდა და მაჩუქა, რათა საკუთარი მანქანით მევლო, უფრო სწორად, დაცვას ვეტარებინე. რომ წამოვედი, აქაც გამომატანა, მას შემდეგ ეზოში დგას.

- ხშირად ჩამოდის?

გრიშა პაპა:

- არასდროს არ ვიცით, სად არის, როდის ჩამოვა, მაგრამ ყოველი მისი მოსვლა დღესასწაულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილებიც მოჰყავს. ეზოში ისეთი მხიარულებაა ხოლმე, რომ გულს უხარია.

- შვილიშვილები ხშირად მოდიან?

- ბიძინას შვილები ძირითადად, ზაფხულობით ჩამოჰყავს. მათ კიდევ ფრანგულისა და ქართულის მასწავლებლები მოჰყვებიან ხოლმე, ზოგჯერ მათემატიკისაც. ეს ოთახებიც ძირითადად, მასწავლებლებისთვის არის აშენებული.

- ბავშვებმა ქართული კარგად იციან?

- ძალიან კარგად. ჩემი რძალი და ბიძინა მათ სულ ქართულად ელაპარაკებიან. ისინი ხან საფრანგეთში ცხოვრობენ, ხან მოსკოვში, ხანაც საქართველოში. ამიტომ ბავშვებმა ფრანგულიც კარგად იციან, რუსულიც და ქართულიც. სხვა ენებსაც სწავლობენ.

- ბიძინა მკაცრი მამაა?

ციცინო ბებო:

- არ არის მკაცრი. პირიქით, ძალიან რბილია. ბავშვებს ანებივრებს. ხომ ხედავთ ამ სურათებს, ბავშვს დიდი დაბადების დღე გადაუხადა პარიზში. უზარმაზარ პარკში, თავი ზოოპარკში გეგონებათ.

- რა ჰქვიათ ბავშვებს?

- უტა, ბერა და გვანცა. ერთი შვილი ალბინოსი ჰყავს, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბიჭია.

- რძლით კმაყოფილი ხართ... როგორ დაქორწინდა ბიძინა?

- ეკა გაურიგეს, კარგი ქალია, მასთან ერთად ბიზნესშია ჩართული. ბიძინა ამბობს, რომ ეკა ძალიან ნასწავლი და ნიჭიერია. კარგი ცოლქმრობა აქვთ. ბევრს მუშაობენ.

გრიშა პაპა:

- ბიძინა ძალიან დაღლილია ხოლმე. როცა ჩამოვა, ყოველთვის ვატყობ, დასვენება სჭირდება. რაც გაჩნდა, მას შემდეგ შრომობს. უმუშევარი არასდროს ყოფილა. მე ახალგაზრდობაში მაღაროში ვმუშაობდი. თავს არ ვზოგავდი, ყოველთვის პრემიას მაძლევდნენ, ხელფასი 50 მანეთი მქონდა. მერე მეურნეობაში აგრონომი ვიყავი. ახლა პენსიაზე ვარ.

- პენსიას იღებთ?

- ცოტაა, მაგრამ მაინც ვიღებ. ეს ჩვენი ფულია, ჩემი შრომის გამო მაძლევენ, მაგ ფულს სხვანაირი გემო აქვს".

ქვაზე დადებული მადლი...

სამწუხაროდ, კეთილი ოლიგარქი, რომელიც სულ ახლახან პოლიტიკურ ფიგურად იქცა, ჟურნალისტებისთვის ისევ მიუწვდომელია. როგორც გაირკვა, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს კვლავაც "დუმილის აღთქმა" ჰქონიათ დადებული. გადავწყვიტე, მის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მომეძიებინა, რომლებიც ივანიშვილთან ჯერ კიდევ მაშინ მეგობრობდნენ, როდესაც ის მხოლოდ ერთი უბრალო, ჭორვილელი ბიჭი იყო... ის საკუთარ აუზში ყოველდღე ცურავს, არ ეწევა თამბაქოს, სადილის შემდეგ მხოლოდ კონიაკს სვამს, თუმცა ფრანგული ღვინის მარანი აქვს, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ძალიან უყვარს ნარდის თამაში. დღეში 6 საათს ტერმინალ Bloomberg-თან ატარებს და ანალიტიკურ ანგარიშებს ეცნობა...

როგორც ყველა ჭორვილელი, ბიძინა ივანიშვილის მშობლებიც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ (მამა "ჭიათურმარგანეცის" კომბინატში მეშახტედ მუშაობდა, დედა კი - კოლმეურნეობაში), მაგრამ ოჯახს მაინც უჭირდა; თანაც ისე ძალიან, რომ შვილებს არათუ ტანსაცმელითა და სათამაშოებით, არამედ ხშირად, საკვებითა და ტკბილეულითაც კი ვერ უზრუნველყოფდნენ... ბიძინა უპრეტენზიო ბავშვი ყოფილა, მშობლების გაჭირვებულ ყოფას უდრტვინველად იზიარებდა. ერთხელ, როდესაც ქუჩაში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, მენაყინეს ჩამოუვლია.

ბავშვები შინ გაქცეულან, მშობლებისთვის ფული გამოურთმევიათ და მენაყინეს ჟრიამულით შემოხვევიან გარს. ბიძინა იქვე, შორიახლოს დამდგარა, შინ წასვლასა და მშობლებისთვის ფულის თხოვნაზე არც უფიქრია... მენაყინე ღვთისნიერი კაცი აღმოჩენილა და ბავშვისთვის ნაყინი მიუცია... წლების შემდეგ, როდესაც ღარიბი ბიჭი მილიონერი გახდა, ღვთისნიერი მენაყინე მოძებნა და ახალთახალი ავტომობილი აჩუქა.

ივანიშვილის ახდენილი და აუხდენელი ოცნებები

ბიძინას ბავშვობის ოცნება ველოსიპედი ყოფილა. დედა შეჰპირებია, - კაკალს მოვაგროვებ, გავყიდი და ველოსიპედსაც გიყიდიო. ძალიან ბევრს ეცადა ქალბატონი ციცინო, მაგრამ ველოსიპედის საყიდელი ფული მაინც ვერ მოაგროვა... წლების შემდეგ, როდესაც ბიძინას პირველი ძმისშვილი შეეძინა, მისთვის სწორედ ველოსიპედი იყიდა...

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ბიძინას გამდიდრებაზე არასდროს უოცნებია, ყველაზე მეტად ლექტორობა, აუდიტორიაში ლექციების წაკითხვა უნდოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ყოველგვარი პროტექციისა და დახმარების გარეშე ჩაირიცხა. გამორჩეულად ნიჭიერი იყო, თუმცა ეს ერთადერთი ღირსება როდი გახლდათ, რის გამოც მას მეგობრები ძალიან აფასებდნენ. უშუალო, მხიარული, თბილი ადამიანი იყო, ლექტორობაზე ოცნებობდა... მტკიცე, ძლიერი ხასიათი ჰქონდა. მაშინაც კი არ წუწუნებდა, როდესაც ძალიან უჭირდა ან ურთულესი პრობლემის წინაშე იდგა. სწავლის პარალელურად, კამოს სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში, ღამის ცვლაში, რიგით მუშად დაიწყო მუშაობა. სწავლის დასრულების შემდეგ იმავე ქარხანაში, ჯერ უფროსი ინჟინრის, შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა.

1982 წელს მოსკოვში გაემგზავრა, ასპირანტურაში ჩააბარა და საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შლანგების წარმოება დაიწყო, კოოპერატივი დაარეგისტრირა და ქარხანა იჯარით აიღო. საღამოობით თავად ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მისულა, გეზი მალევე შეიცვალა და კომპიუტერებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გახლდათ. ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით პროკურატურა დაინტერესდა და კოოპერატივის საბანკო ანგარიშებიც გაყინა. ამ ფაქტის შემდეგ, 1988 წელს ივანიშვილმა საქართველო დატოვა და საქმიანობა მოსკოვში განაგრძო...

თბილისიდან "გაძევებულმა" მოსკოვი "დაიპყრო"

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს დაუკავშირდა (ის იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა) და კომპიუტერებით ვაჭრობა შესთავაზა. მალე ერთობლივი ძალისხმევით სამოთახიან ბინაში ერთი ოთახი დაიქირავეს - ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო გაამრავალფეროვნეს; კომპიუტერებთან ერთად, "ქსეროქსის" აპარატებითა და ტელეფონებითაც დაიწყეს ვაჭრობა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პარიზში, თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენაზე ჰონკონგური ფირმის წარმომადგენლები გაიცნო და მათთან კონტრაქტი გააფორმა, ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა შეისყიდა.

1990 წელს კი თავის პარტნიორებთან ერთად, 100-120 ათასი დოლარით, ბანკი "როსკრედიტი" დააფუძნა. "როსკრედიტმა" რუსულ საბანკო ბიზნესში მოწინავე პოზიციები მალევე მოიპოვა და უმსხვილესი კერძო ბანკების სამეულშიც იყო შესული... ეს ყველაფერი მისი საქმიანობის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.

1993 წელს ივანიშვილმა (67%-ანი წილი) მალკინთან ერთად, "იმპექსბანკი" დააფუძნა, 1997-ში - კომპანია "მეტალოინვესტი", რომლის დანიშნულებაც სამრეწველო აქტივებისა და უძრავი ქონების მართვა გახლდათ. 2004 წლიდან ამ აქტივების სამართავად კომპანია "უნიკორი" შექმნა, 2002 წელს კი რუსეთში დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააფთიაქო ქსელი - "დოქტორი სტოლეტოვი" დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის უდიდეს ნაწილს - შავი მეტალურგია და სამთო-გამამდიდრებელი წარმოება შეადგენს, მოსკოვში კი ორ უმსხვილესი დეველოპერული პროექტის - შუმმიტ და "სადოვიე კვარტალი", რომლებიც ელიტური საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ფართობების კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს და ექსპერტების შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარამდე ღირებულებას შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილი 2010 წელს "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში, 4,5 მილიარდი დოლარით, მსოფლიოში 167-ე ადგილზე იყო. წლევანდელ "ფორბსის" სიაში, რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის 25-ე, ხოლო მსოფლიოში - 185-ეა. მასზე რუსეთსა და დასავლეთში ამბობენ, რომ მაღალი დონის ეკონომისტ-ფინანსისტი, კარგი სტრატეგი და საუცხოო ორგანიზატორია. ივანიშვილზე რუსულ პრესაშიც უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. ბევრი ავტორი ცდილობს, მის ბიზნესთან დაკავშირებით სკანდალურ ამბავს მიაგნოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მწირი ან დაუდასტურებელი ცნობებით კმაყოფილდება. ამდენად, შემთხვევითი როდია, რომ მას რუსეთის ყველაზე იდუმალ მილიარდერს უწოდებენ.

ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე მოთავსებული სტატიის ავტორი კი პირდაპირ აღნიშნავს - თითზე ჩამოსათვლელია კონფლიქტების რაოდენობა, რომელთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილის სახელი უხსენებიათ, თანაც, მისი როლი ამ კონფლიქტებში მინიმალური იყოო... ერთ-ერთი ინტერნეტპუბლიკაციის მიხედვით, რამდენიმე წლის წინ სახვითი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას მიჰყო ხელი და პირველ შედევრებს შორის, საკუთარი კოლექციისთვის 2006 წლის მაისში, "სოთბის" აუქციონზე პაბლო პიკასოს ტილო - "დორა მაარ კატასთან ერთად" შეიძინა, რომელიც 95 მლნ დოლარი დაუჯდა.

უცნაური ქველმოქმედი

საქართველოში დღესდღეობით ის არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, მხოლოდ მშენებლობებითა და საქველმოქმედო ღონისძიებებით შემოიფარგლება.

ივანიშვილის სახელს უკავშირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპიტალურ რესტავრაციას, სამთო-სათხილამურო კურორტის აშენებას, ეროვნული პარკების, სამედიცინო კლინიკების კეთილმოწყობასა და სხვა პროექტების განხორციელებას. მას უყვარს ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ არ მოსწონს, როდესაც ლაპარაკობენ, თუ ვის რამდენი მისცა და როგორ დაეხმარა. არავინ იცოდა, ვინ გაიღო სამების ტაძრის აშენების ხარჯები, ვიდრე ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ არ დაწერა საკუთარ მემუარებში, რაზეც ბიძინა ძალიან განაწყენდა... საქმოსანმა საკმაოდ მაღალი ხელფასები და პენსიები დაუნიშნა ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, მაგრამ სთხოვა, ამაზე ხმამაღლა არ ელაპარაკათ. ის გაურბის წვეულებებს, უარს ამბობს მასმედიასთან კონტაქტზე. აფასებს უანგარო და უპრეტენზიო ადამიანებს, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ თანამშრომლებს. მას ანალიტიკოსთა გუნდი ჰყავს ჩამოყალიბებული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც თავად იღებს.

ბიძინა ივანიშვილის საქველო საქმეთა შესახებ მთელ საქართველოს სმენია. ცნობილია, რომ ის მშობლიური რაიონის მოსახლეობას დღემდე უფარავს ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადს, ასობით ოჯახს დაურიგა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შრომას უნაზღაურებს ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებსა და მედპერსონალს, სკოლების მასწავლებლებს ხელფასზე გაცილებით დიდი დანამატი დაუწესა, ხოლო ქართველი შემოქმედი ინტელიგენციის არაერთ წარმომადგენელს მატერიალურ დახმარებას უწევს; მოკლედ, ყველაფერს ვერ მოვთვლით, მაგრამ მოარული ხმებით, არაერთი არაორდინარული ნაბიჯიც გადაუდგამს. მაგალითად, ამბობენ, ერთხელ ყველა თანაკლასელი საკუთარ სახლში დაპატიჟა, უზარმაზარ სუფრასთან მიიწვია და თითოეულ მათგანს ახალი ავტომანქანის გასაღები გადასცაო...

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედაქალაქშიც კი შუქი და გაზი იშვიათად გვიხარებდა გულს, ივანიშვილმა თავის ბიძას უთხრა, რომ მას საჩხერეში უწყვეტი ელექტროენერგიითა და გაზმომარაგებით უზრუნველყოფდა. ბიძამ უარი უთხრა, - ჩემს უბანში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს; უხერხულია, მე განათებულ და თბილ სახლში ვიჯდე, დანარჩენები კი ლამპით განათებულ სახლებში "ფეჩს" ეფიცხებოდნენო. ბიძინამ გამოსავალი იპოვა - ელექტროენერგიითა და გაზით მთელი უბანი უზრუნველყო.

მოულოდნელი სვლა

ახლა მილიარდერმა, საკუთარი კომპანიის "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის საშუალებით, გაავრცელა განცხადება, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს ძალიან გვაინტერესებს, თუ რატომ გადაწყვიტა ფილანთროპიული საქმიანობითა და აქამდე პრინციპული აპოლიტიკურობით ცნობილმა ბიზნესმენმა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა და წარმატების რა შანსი აქვს მას, ჯერჯერობით პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუჭირდება თავის გარშემო ოპოზიციის დიდი ნაწილის შემოკრება.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი ხელისუფლებისათვის "არცთუ ისეთი მშვიდი, მოწესრიგებული და უღრუბლო იქნება". პოლიტოლოგ ზაზა ფირალიშვილის აზრით, ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ჩართვა და წარმატების მიღწევაც ძალიან ძნელია. "არ ვიცი, როგორ პოლიტიკურ ტექნიკას ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, თუ როგორ შექმნა მან მოლოდინის სიტუაცია და დაძაბულობა თავისი პიროვნების ირგვლივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი გარკვეულწილად, არის პოლიტიკური ტექნიკის მფლობელი", - აღნიშნავს ფირალიშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა". საინტერესოა, როგორი იქნება ივანიშვილის საპასუხო ნაბიჯი. როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც, "ცხელი შემოდგომა" დაიწყო...

შვილი, რომელმაც მამას სიმღერა მიუძღვნა

ბიძინამ ოჯახი გარიგებით შექმნა. მისი ნათესავები და მეგობრები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ის თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი მამა და მეუღლეა. ბიძინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები - უტა, ბერა, გვანცა და თორნიკე არიან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა საქართველოს ისტორია, ენა და ლიტერატურა კარგად იცოდნენ.

16 წლის ბერა უკვე ძალიან პოპულარულია. ის საზოგადოებამ პოპმომღერლის რანგში გაიცნო და არა - როგორც მულტიმილიონერის შვილი. ცნობილია ისიც, რომ ბერასა და ბიძინას ერთმანეთთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მამა შვილის არჩევანს ყოველთვის იწონებდა და მხარსაც უჭერდა. სულ ახლახან ბერამ მამის გადაწყვეტილებას - პოლიტიკაში ჩაებას - სიმღერა მიუძღვნა: "დღეს დავასრულე სიმღერა, სახელწოდებით - "ქართული ოცნება", რომელსაც ვუძღვნი მამაჩემის გადაწყვეტილებას!" - წერს ბერა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

კორონავირუსი საერთო ჯამში "ენგურჰესის" 50-მდე თანამშრომელს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა